მთავარი,სიახლეები

როგორ გადავრჩე? – გარემოვაჭრეების ყოველდღიური საზრუნავი

07.02.2019 • 3202
როგორ გადავრჩე? – გარემოვაჭრეების ყოველდღიური საზრუნავი

ვაჭრობა ქუჩაში მათი უმრავლესობისთვის ფიზიკური გადარჩენის გზაა, ისინი დღეში 12 საათზე მეტს მუშაობენ ოჯახების სარჩენად. მათ სხვა შემოსავალი არ გააჩნიათ. ისინი გარემოვაჭრეები არიან და მათ ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე შეხვდებით. ბათუმის მერიაში კი მიიჩნევენ, რომ გარევაჭრობა ბათუმის იერსახეს ამახინჯებს.

ბათუმელმა გარემოვაჭრეებმა, რომლებიც წერეთლის, ბერიძის და ესენინის ქუჩაზე წლების მანძილზე ვაჭრობდნენ, 28 იანვრის დილას აღმოაჩინეს, რომ სამსახურის გარეშე დარჩნენ. გვიან ღამით ბათუმის მერიის თანამშრომლებმა ამ ქუჩებზე რეიდი მოაწყეს და ქუჩები კუსტარულად დამზადებული სავაჭრო დახლებისგან გაწმინდეს.

მოვაჭრეებმა საპროტესტო აქციები დაიწყეს. მათი უმრავლესობისთვის, ბათუმის მერიის მიერ ძველი ავტოსადგურის მეორე სართულზე განთავსებული სავაჭრო დახლები მიუღებელი აღმოჩნდა. სამდღიანი აქციების შემდეგ, წერეთლის ქუჩის გარემოვაჭრეებსა და ბათუმის მერიას შორის მოლაპარაკება შედგა. მერია ავტოსადგურის დირექციასთან ერთად სადგურის გარე პერიმეტრზე ახალ ჯიხურებს ამონტაჟებს. სამუშაოებს დრო სჭირდება. ამ ხნის მანძილზე კი მოვაჭრეები შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

4 თებერვალს ბათუმის მერიამ გარევაჭრობა აკრძალა ჭავჭავაძისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაშიც. აკრძალვების შედეგად ჯამში 160-მდე ადამიანი ბათუმში, დროებით, შემოსავლის გარეშე დარჩა.

გაეცანით ისტორიებს, თუ როგორ და რის გამო დაიწყეს ადამიანებმა ვაჭრობა ქუჩაში, როგორ დაირღვა მათი უფლებები და რა პოზიცია აქვს ბათუმის მერს.

ეთერ თავართქილაძე

ეთერ თავართქილაძე, გარემოვაჭრე: „20 წელზე მეტია, რაც ვვაჭრობ. რამ გამომიყვანა ქუჩაში და გაჭირვებამ. შვილები, საჭმელი, ჩასაცმელი, ვერ ვმუშაობდით ვერავინ, არ იყო სამუშაო… იძულებული გავხდი, თორემ ვის უნდა წვიმაში, სიცივეში, ქარში დგომა. მშენებელი ინჟინერი ვარ, მაგრამ ვერ ვიმუშავე ჩემი პროფესიით.

ახლა ისეთი ასაკი მაქვს – არც პენსია, არც ხელფასი, არც არანაირი შემოსავალი. 7 წელი მინდა პენსია რომ ავიღო, სადაც კი მივედი, ასაკის ხალხს არსად არ ღებულობენ. წვრილმან ტანსაცმელზე ვვაჭრობდი – „ნასკი“, „მაიკა“ და ასეთები მქონდა. ბანკი მაქვს, მეუღლე ავად  მყავს. მე ვარ ერთადერთი შემომტანი ოჯახში. გამოვედით დილით სამუშაოდ და ალაგებული დაგვხვდა ყველაფერი. ჩვენი ნაწვალები დაგვინგრიეს, დაგვიშალეს. ახლის გაკეთებას დრო სჭირდებაო გვეუბნებიან. მანამდე რა უნდა ვქნათ?“

მედეა ტუკვაძე

მედეა ტუკვაძე, გარემოვაჭრე:„15 წელია 23-ე სკოლასთან ვდგავარ და ტანსაცმელზე ვვაჭრობ. უმუშევარი ვიყავით ყველა ოჯახში, ძალიან გვიჭირდა. ავდექი და ვაჭრობა დავიწყე იმისთვის, რომ ჩემი ოჯახი გადამერჩინა. 28 იანვრის შემდეგ  ვეღარ ვვაჭრობ. სახლში არც საჭმელია და არც ფული. მერია ავტოსადგურის ტერიტორიაზე დაგვპირდა სავაჭრო ჯიხურების მოწყობას, ამას დროს უნდა. რა უნდა ვქნა არ ვიცი.“

დარეჯან ცენტერაძე

დარეჯან ცენტერაძე, გარემოვაჭრე:„ახალი რძალი ვიყავი ვაჭრობა რომ დავიწყე. 25 წელია ვვაჭრობ. ისე მიჭირდა, არაფრის საშუალება არ გვქონდა. შვილები როგორ გამეზარდა? ავდექი და დავდექი ქუჩაში სავაჭროდ.  პატიოსნად, როგორც ქართველ დედას შეეფერებოდა ისე ვარჩენდი ჩემს ოჯახს. ჩემი მეუღლეც ჩემთან ერთად ვაჭრობდა. ახლა რომ  გადაგვყარეს, რით უნდა ვიარსებოთ ვინმემ იფიქრა? დღეს ფული ვისესხე მეზობლისგან, რომ ავტოსადგურამდე მოვსულიყავი.

ჩვენ ისეთი ფენა არ ვართ, ფული ბალიშქვეშ გვქონდეს შენახული. ყოველდღიურ შემოსავალზე ვიყავით დამოკიდებული. სახლში შვიდი სული ვართ. ბანკის გადასახადი მოვიდა, კომუნალურის გადასახადიც მოვიდა, ნისიად გვაქვს საქონელი აღებული, ის თანხაც უკვე  გადასახდელი გვაქვს. როგორ უნდა გადავიხადოთ? – არ ვიცი…“

მაია ნადიბაიძე

მაია ნადიბაიძე, გარემოვაჭრე:„გაჭირვებამ მიმაღებინა ეს გადაწყვეტილება – სიდუხჭირის გამო იძულებული ხარ გამოხვიდე გარეთ და იმუშაო. ორი წელია რაც გარემოვაჭრე ვარ, წვრილმანზე ვვაჭრობდი. ოჯახში ჩემზე ორი ადამიანია დამოკიდებული. ქვრივი ვარ, მეუღლე გარდამეცვალა. შვილზე და დედამთილზე მაქვს პასუხისმგებლობა. მე ვარჩენ. რაღაცით გაგვაქვს თავი, გაძაღლებულად.

საშუალო სკოლა დავამთავრე, 17 წლის გავთხოვდი და არსად არ მიმუშავია. როცა ჩემი მეუღლე გარდაიცვალა, მომიწია პასუხისმგებლობის ჩემს თავზე აღება. ჩვენ ყოველდღიურ შემოსავალზე ვართ, ახლა დაგვტოვეს ულუკმაპუროდ“.

 [red_box]ბათუმის მერის პოზიცია[/red_box]

წერეთლისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე გარევაჭრობის აღკვეთა ბათუმის მერის – ლაშა კომახიძის ინიციატივაა. მერი ამას ქალაქის იერსახის დამახინჯების და ანტისანიტარიის მიზეზით ხსნის. თუმცა ბათუმის ძველი ავტოსადგურის ტერიტორიაზეც, სადაც მერიამ მოვაჭრეებს გადავლა შესთავაზა, ასევე ანტისანიტარიაა. 

ლაშა კომახიძე

  • თუ პრობლემის მოგვარება მართლა გინდოდათ, რატომ არ მოაწესრიგეთ ავტოსადგურის ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობა, მანამ სანამ იქ მოვაჭრეებს გადაიყვანდით? – ეს კითხვა „ბათუმელებმა“ ლაშა კომახიძეს დაუსვა.

ლაშა კომახიძე: “მე მგონი ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ გარევაჭრობა უნდა აღებულიყო. რა თქმა უნდა, ჩვენ კმაყოფილი არ ვართ იმ ძველი ავტოსადგურის ტერიტორიაზე არსებული სანიტარული მდგომარეობის. თუმცა იქ აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, მოიხრეშა ტერიტორია, სადაც უნდა განთავსდეს ეს ჯიხურები, პირობები აბსოლუტურად განსხვავებული იქნება. პირველ რიგში მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება შევასრულეთ. იქ მარტო ანტისანიტარიაზე არ იყო საუბარი, ადამიანების უსაფრთხოებაზე იყო. არაერთი ჩივილი იყო მეზობლებისგან უსაფრთოხებასთან დაკავშირებით.

ანტისანიტარიასაც თავისი საზღვრები აქვს. ის ადგილები ღამის საათებში ლამის ტუალეტებად იყო ქცეული. მე ვთქვი, რომ წერეთლის ქუჩაზე არის სკოლა და ბაღი. გადაწყვეტილება – რატომ ავტოსადგური, მიღებული იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზით: ავტოსადგური არის დღეს ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი ადგილი. ის ხალხი რომ არ ვაზარალოთ, გვინდა, რომ იმათაც ჰქონდეთ სარჩო ხვალინდელი დღის… დღეში, საშუალოდ, 4-5 ათასი ადამიანი მოძრაობს ავტოსადგურში. ჩვენ წავედით რაღაც დათმობაზე, თორემ გაცილებით უფრო სუფთა და მოწესრიგებული ადგილი იყო მეტროს ავტოსადგურის ტერიტორიაზე.

ეს არ იყო შეიძლება ძალიან კარგი არჩევანი, მაგრამ ეს იყო ქალაქისთვის კარგი არჩევანი – გავათავისუფლეთ ქალაქის მნიშვნელოვანი ნაწილი. ერთხელ და სამუდამოდ დავამკვიდრებთ სტანდარტს, რომ ეს აღარ განმეორდეს. პარალელურად გაუმჯობესდება სიტუაცია ავტოსადგურის ტერიტორიაზეც.

ბათუმის ძველი ავტოსადგურის ერთ-ერთი კუთხე. წვიმისგან დასაცავად ჭერზე ცელოფანია აკრული, ხოლო დაგროვილი წყალი ძაბრით და პლასტმასის მილის დახმარებით მიწამდე ჩადის

  • ბატონო ლაშა, თუ გაქვთ შესწავლილი ამ ადამიანების სოციალური მდგომარეობა და მათ შორის ხომ არ არიან ისეთი პირები, ვისთვისაც იქ ვაჭრობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. რა შეთავაზება გაქვთ მათთვის?

ადამიანური ისტორიებით ჩვენ შეიძლება დავუბრუნდეთ იგივე მდგომარეობას, რაც იყო. მათი სოციალური მდგომარეობა მნიშვნელოვანია და სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ავტოსადგურის ტერიტორიაზე ივაჭრონ. წინააღმდეგ შემთხვევაში საერთოდ ვიტყოდით წადით სახლში.

ჩვენ ამაზე თვეებია ვმუშაობთ. მე არათუ ვიცოდი მათი მდგომარეობა, არამედ თითოეულ მათგანზე პირადი საქმე მაქვს, დასურათებული ოჯახის წევრებით, ვინ მუშაობს, ვინ რას აკეთებს. ამ ადამიანებთან ჩვენი თანამშრომლები მუშაობდნენ ხანგრძლივად. თვეების განმავლობაში.

ის, რომ არ იცოდნენ, არასწორია. დიდი ხანია მოლოდინი აქვთ.  მეორე სართულზე მოწყობილ დახლებზე აჭარის ტელევიზიამ აჩვენა – წარწერა დაკავებულია და ტელეფონის ნომრები. გადასასვლელად მზადება იყო. ამ ადამიანებს მანქანაში ისვამდნენ ჩვენი თანამშრომლები და მიჰყავდათ, აჩვენებდნენ რას აკეთებდნენ. ყველამ ყველაფერი კარგად იცოდა.

ავტოსადგურის მეორე სართულზე მოწყობილ დახლებთან, რომელზეც ბათუმის მერი საუბრობს, 28 იანვრიდან დღემდე არცერთი მოვაჭრე არ გამოჩენილა. ისინი კატეგორიულად წინააღმდეგი არიან ამ სივრცის დაკავების

ბათუმის მერის შეთავაზებას მხოლოდ ხილ-ბოსტნეულით მოვაჭრეთა ნაწილი დასთანხმდა და ავტოსადგურის პირველ სართულზე მოწყობილ დახლებზე დაიწყო ვაჭრობა

იმ დღეს, როდესაც დახლები აიღეს, რა თქმა უნდა, არავინ არ გააფრთხილებდა ამ ადამიანებს და ეს ბუნებრივია, რომ დაპირისპირება აგვერიდებინა თავიდან და არ მომხდარიყო რაღაც კონფლიქტი.  არსად არ ხდება ამის გაფრთხილება. თუმცა ვინც მოითხოვა ყველას მიეხმარნენ ჩვენები და გაატანეს ფუთა იქნებოდა თუ დახლი.

სწორედ იმიტომ, რომ მეც და ჩემი თანამშრომლებიც ვდგებით ყველას მდგომარეობაში, იმ დონემდე სადამდეც ამის გაკეთება შეიძლება, გადავდგით შემხვედრი ნაბიჯები. მაგრამ  ის, რომ ადამიანს მძიმე სოციალური პრობლემა აქვს, ეს აძლევს მას საშუალებას ჩაიდინოს ისეთი კანონდარღვევა, როგორიცაა მოიპაროს? ხომ არ აძლევს.

საუბარია იმაზე, რომ ეს [გარევაჭრობა] არის ადმინისტრაციული დანაშაული… დაჯდა უკანონოდ – რეალურად ეს სისხლის სამართლის დანაშაულია თუკი კოდექსში ჩაუღრმავდებით. უკანონო ვაჭრობა არის სისხლის სამართლის დანაშაული, ანტისანიტარიაზე და სხვა რამეზე რომ არ ვისაუბროთ. მე აღარ ვამბობ არაფერს იერსახის გაფუჭებაზე, აღარ ვამბობ იქ მცხოვრებ ადამიანებზე…

იმ ტერიტორიაზე, რომელზეც ავიღეთ დახლები, ხუთი ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. ამას დავამატოთ კიდევ შვიდასამდე მოსწავლე და ბაღის აღსაზრდელი, რომელიც იქ დადის. მაგას დავამატოთ ის ადამიანები, რომლებიც იქ მაღაზიებში მუშაობენ. ეს ციფრი რომ დავამრგვალოთ, გადის 6-7 ათასზე. ეს 6-7 ათასი ადამიანი ყოველდღიურად იყო შეწუხებული ანტისანიტარიით, უსაფრთხოებით და შეწუხებული ყველაფრით, რითაც ადამიანი შეიძლება შეწუხდეს საკუთარ საცხოვრებელ და სამუშაო ადგილზე.

მეორეს მხრივ, ჩვენ გვყავს 160 ადამიანი, რომელიც ადმინისტრაციულ-სამართალდამრღვევია და უბრალოდ არ უნდა ადგომა იქიდან, რადგან არ უნდა მოინაცვლოს ერთი ადგილი მეორეთი. ჩვენ ვეუბნებით, რომ მოსინჯე ადამიანო. შეუძლებელია 5 ათასი ადამიანი მოძრაობდეს ობიექტზე და იქ ვაჭრობა არ იყოს.

ძალიან ადვილია ავიღოთ რომელიმე ისტორია, არცერთი არაა დალხინებული და იმის უკან მოვყვეთ დეტალები, დავაკავშიროთ იმასთან, რომ აი მერიამ აიღო და გამოვა ძალიან ისეთი სურათი, რომ ეს კაციჭამია მერიის თანამშრომლები, როგორ აუყენებიათ ხალხი და დააკარგვინეს ლუკმა-პური. მაგრამ რეალური სურათი არის სხვა. სურათი არის ის, რომ მერიის თანამშრომლებმა თვეების განმავლობაში ძალიან ბევრი იშრომეს, რომ მოენაცვლათ მათთვის ადგილი და მისცეს მათ ალტერნატიული შესაძლებლობა“.

გარემოვაჭრეების აქცია ბათუმის მერიასთან

არის თუ არა ქალაქის იერსახე ადამიანზე უფრო მნიშვნელოვანი?

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი – EMC აპირებს ბათუმელ გარემოვაჭრეებს სამართლებრივი დახმარება  გაუწიოს. EMC-ის წარმომადგენელი ლელა გვიშიანი თავად იყო ბათუმში ჩამოსული, შეხვდა გარემოვაჭრეებს და საქმის დეტალური შესწავლა დაიწყო.

ლელა გვიშიანი: „გარემოვაჭრეობა არის დარეგულირებული ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხრიდან და ამ რეგულაციის მიღმა არსებული რაიმე ტიპის ვაჭრობა არის უკანონო ქმედება. მაგრამ მხოლოდ ეს  გარემოება არ ათავისუფლებს სახელმწიფოს (ადგილობრივ მუნიციპალიტეტს) გარკვეული ტიპის ვალდებულებებისგან, რომელიც მას კონკრეტული სოციალური ჯგუფის, საკუთარი მოქალაქეების მიმართ გააჩნია.

ადგილობრივი თვითმმართველობა არის ბაზრობების მოწყობაზე პასუხისმგებელი უწყება. ეს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული. თუმცა, წერეთლის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მომუშავე გარემოვაჭრეების მიმართ გადაწყვეტილებების მიღებისას აუცილებელია სოციალური კონტექსტების გათვალისწინება. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ სახელმწიფო არასაკმარისად დასაბუთებული ინტერესის დაცვის მიზნით, ნაკლებად რადიკალური და უხეში ფორმით მისი გადაჭრის შესაძლებლობის განხილვის გარეშე ხელყოფს ამ ჯგუფის ინტერესს. მით უფრო, რომ ფაქტობრივი გარემოებების გამოკითხვისას ირკვევა – გარემოვაჭრეებიდან ზოგიერთი ოც წელზე მეტია თავს ამ საქმიანობით ირჩენს და მათთვის ეს საქმიანობა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ბევრი მათგანი სოციალურად მოწყვლად ფენას მიეკუთვნება და ერთადერთი შემოსავლის წყარო, როგორც მათთვის ისე მათი ოჯახებისთვის არის ვაჭრობიდან მიღებული თანხა. გარემოვაჭრეები ძირითადად არიან ასაკოვანი, საპენსიო ასაკს მიღწეული ქალები, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის მქონე ადამიანები, რომელთაც ინდივიდუალური საჭიროებები გააჩნიათ და ალტერნატივების შეთავაზება სწორედ მათი საჭიროებების შესწავლის შემდგომ უნდა მომხდარიყო და არა დახლების დემონტაჟის შემდგომ. ეს მოლაპარაკებების პროცესიც მანამდე უნდა ჩატარებულიყო.

თავის მხრივ ეს სოციალური ფონი სოციალურ რისკებსაც წარმოშობს, მათ შორის ეს რისკები შეიძლება ბევრი ფუნდამენტური უფლების დარღვევამდე მივიდეს, მაშინ როდესაც შემოსავლის წყაროს მოუსპობ ოჯახს და შეთავაზებული ალტერნატივა არ იქნება ადეკვატური.

დახლების დემონტაჟი განხორციელდა ღამით. როგორც გარემოვაჭრეებმა განგვიმარტეს, მათ მიმართ არანაირი წერილობითი გაფრთხილება კონსტრუქციების დემონტაჟის თაობაზე, კონკრეტული თარიღის მითითებით არ ყოფილა.

ის ფორმა, როგორც „მოაგვარა“ ეს პრობლემა მერიამ, ნამდვილად არ იყო კანონის სრული დაცვით განხორციელებული. ამ შემთხვევაში ჩვენ პრობლემას ვხედავთ მონაწილეობითი პროცესის არარსებობაში და  გადაწყვეტილების მიღებისას დაინტერესებული პირების ჩართულობის არარსებობაში. ამგვარი ტიპის გადაწყვეტილებების მიღება და აღსრულება აუცილებელია მონაწილეობითი პროცესის გზით, დემოკრატიულად წარიმართოს.

ეს მოლაპარაკებები, ასეთი რადიკალური გადაწყვეტილების მიღებამდე და მით უმეტეს აღსრულებამდე უნდა მომხდარიყო. შეთანხმება მანამდე უნდა ყოფილიყო მიღწეული. ეს  შეამცირებდა ზიანის რისკებს გარემოვაჭრეებისთვის“.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: