საზღვაო ნავსადგურში მულტიმოდალური გადატვირთვის ტერმინალი გაიხსნება [ანონსი]



ხვალ, 07 თებერვალს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი შპს „ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის“ ტერიტორიაზე საზღვაო ნავსადგურში მულტიმოდალური გადატვირთვის ტერმინალს გახსნის.

შპს „ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის“ ტერიტორიაზე ბათუმის საზღვაო ნავსადგურში ახალი მულტიმოდალური საკონტეინერო გადატვირთვის ტერმინალი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყო:

  • შპს „ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის“ ძალისხმევით განხორციელდა მნიშვნელოვანი პროექტები: მოპირკეთდა 1ჰა დატვირთული კონტეინერების სასაწყობე ტერიტორია; მომზადდა და გამოიყო 1ჰა პარკირების ადგილი საბორნე გადაზიდვებთან დაკავშირებული სატვირთო მანქანებისა და მძიმე ტექნიკისათვის; დამატებით 1,7ჰა ტერიტორიაზე მოეწყო ცარიელი კონტეინერების შენახვისა და დასაწყობების ადგილი; მოეწყო 180მ სარკინიგზო ჩიხი და სატვირთო ავტომანქანების პარკინგი 2ჰა ტერიტორიაზე. გამარტივდა ტვირთების მოძრაობა და გაიზარდა როგორც საბორნე ხიდის, ასევე მთლიანად საკონტეინერო ტერმინალის გამტარიანობა;
  • ნავსადგურის საქონელბრუნვის ეფექტურობის უზრუნველყოფასა და საავტომობილო მოძრაობისათვის დაბრკოლებების შექმნის თავიდან აცილებაში მნიშვნელოვნი როლი ითამაშა აჭარის ა.რ. ხელისუფლების მხარდაჭერით განხორციელებულმა საავტომობილო ხიდის მშენებლობის პროექტმა – საავტომობილო ხიდის გახსნამ შესაძლებლობა მისცა შპს „ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალს“ გაეკეთებინა 280მ სიგრძის შიდა ბეტონის გზა ახალი შესასვლელით საკონტეინერო გადაზიდვებისათვის, რაც საშუალებას იძლევა განცალკევდეს საკონტეინერო და საბორნე-სახმელეთო გადაზიდვები და განიტვირთოს ნავსადგურის მთავარი შესასვლელი;
  • წარმატებით განხორციელდა ნავსადგურის აკვატორიასა და ფორვარტერში ფსკერდამაღრმავებელი სამუშაოები, რის შედეგადაც ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის ნავმისადგომებზე უკვე შესაძლებელია FEEDERMAX ტიპის საკონტეინერო გემების მიღება 11მ წყალშიგით. ეს გარემოება მნიშვნელოვნად ზრდის საოპერაციო შესაძლებლობებს და უზრუნველყოფს მომსახურების კონკურენტუნარიანობას, რაც გავლენას ახდენს არა მარტო საკონტეინერო ტერმინალის, არამედ მთლიანად ნავსადგურის სატრანსპორტო მნიშვნელობაზე;
  • შპს „ბათუმის საერთაშორისო კონტეინერო ტერმინალისა და შპს „მედლოგ ჯორჯიას“ ერთობლივი ძალისხმევით 2 ჰექტარ ტერიტორიაზე მოეწყო სასაწყობე ინფრასტრუქტურა და 3000 კვ.მ. დახურული თანამედროვე საბაჟო საწყობი.

ჩამოთვლილი ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზება საკონტეინერო ტერმინალის გამტარუნარიანობას 100%-ით ზრდის (100,000TEU-დან 200,000TEU-მდე) და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს არამარტო საკონტეინერო ტერმინალის, ასევე ნავსადგურის საქმიანობის ეფექტურობისა და მომსახურების ხარისხს, რაც რეგიონის ეკონომიკას კიდევ უფრო გააძლიერებს და განავითარებს.

ღონისძიებას ასევე დაესწრებიან:

ალქან ალიჯიქი –  MSC Georgia, მმართველი დირექტორი,

ვოლკან ტეკ – MEDLOG Turkey, კომერციული დირექტორი,

ჯემალ ინაიშვილი – MSC Georgia-სა და MEDLOG Georgia-ს პარტნიორი,

სალვადორე პრუდენტე – MEDLOG, Geneva, აღმასრულებელი დირექტორი,

ჰანს ოლე მადსენ – ICTSI Europe, Middle East and Afrika, ვიცე-პრეზიდენტი,

ნიკოლოზ გოგოლი – Batumi International Container Terminal (BICT) მმართველი დირექტორი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი