მთავარი,სიახლეები

აკრძალული პარკების რეალიზაციისთვის ბათუმში არავინ დაუჯარიმებიათ

06.02.2019 • 2490
აკრძალული პარკების რეალიზაციისთვის ბათუმში არავინ დაუჯარიმებიათ

ბათუმში 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პოლიეთილენის პარკების რეალიზაციისთვის 2018 წლის ოქტომბრიდან დღემდე არავინ დაუჯარიმებიათ. თუმცა, მარტო ოქტომბრის თვეში ათასამდე ობიექტი იყო გაფრთხილებული აკრძალული პარკების ქსელიდან ამოღებაზე. ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ქალაქში დღეისათვის თითქმის ყველა ობიექტი გაფრთხილებულია, მაგრამ ეს გაფრთხილებები იყო საინფორმაციო ხასიათის. მერიაში ამბობენ, რომ დაჯარიმებას პირველი აპრილიდან დაიწყებენ.

საქართველოს კანონმდებლობით:
მაღაზიის მესაკუთრე ვალდებულია გაფრთხილებიდან 10 დღის განმავლობაში ამოიღოს ქსელიდან აკრძალული პარკები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის 500 ლარით დაჯარიმდება და მოხდება შესაბამისი პროდუქციის კონფისკაცია. დარღვევის განმეორების შემთხვევაში, მეწარმე სუბიექტი დაჯარიმდება 1 000 ლარის ოდენობით და ასევე, მოხდება შესაბამისი პროდუქციის კონფისკაცია.

2018 წლის პირველი ოქტომბრიდან სავაჭრო ქსელში მხოლოდ 15 მიკრონზე მეტი სისქის პარკების რეალიზაციაა დაშვებული. 2019 წლის პირველი აპრილიდან კი ასეთი პარკებიც აიკრძალება.

ბათუმის სავაჭრო ქსელში აკრძალული [თხელი] პარკები დღესაცაა რეალიზაციაში, თუმცა არის მარკეტები, სადაც ისეთი პარკებიც არის, რომლებზეც მწარმოებელი და პარკის სისქეც არის მითითებული. თუმცა, ზოგან ასეთი პარკები უფასო აღარ არის და მომხმარებელს მასში 5-8-10 თეთრს ახდევინებენ.

ბათუმის მერიისსგან მიღებულ ინფორმაციას თუ გავითვალისწინებთ, გამოდის, რომ სავაჭრო ქსელში არავინ აკონტროლებს პარკი, რომელსაც სთავაზობენ მომხმარებელს, შეესაბამება თუ არა იმ სტანდარტს, რაც დაშვებულია კანონით.

პოლიეთილენის პარკი წარწერით, რომ პარკის სისქე მეტია 15 მიკრონზე, ანუ ასეთი პარკის რეალიზაცია არ არის აკრძალული / გადაღებულია ბათუმის ერთ-ერთ სუპერმარკეტში / 5.02.2019

პლასტიკის პარკები 2019 წლის აპრილიდანაც იქნება რეალიზაციაში, თუმცა დაშვებული იქნება მხოლოდ ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკები, აუცილებლად შესაბამისი წარწერით.

პლასტიკის პარკი ნავთობპროდუქტებისა და ნარჩენი პლასტიკური ნივთიერებების გადამუშავებით მიღებული პროდუქტია, რომლის ბუნებაში სრულ დაშლას 100 წელზე მეტი სჭირდება. ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკი კი მთლიანად ან ნაწილობრივ ბიოლოგიური, განახლებადი ნედლეულის საფუძველზე წარმოებული პარკია.

სპეციალისტის თქმით, ე.წ. ცელოფნის პარკი შეგიძლია დაამზადო ჩვეულებრივი პოლიეთილენისგან, რომელიც დიდი ხნის მანძილზე არ იშლება და არ ქრება ნიადაგში. ბიოდეგრადირებადი პარკი კი, შეიძლება დამზადდეს ამავე პოლიეთილენზე შესაბამისი ნივთიერებების დამატებით, რაც საბოლოოდ ცელოფნის პარკის ბიოდეგრადირებას, ანუ ბუნებაში გაქრობას იწვევს. ეს ნივთიერებები ამ პროცესს აჩქარებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: