მთავარი,სიახლეები

„ოცნების ქალაქში“ კორპუსების ასაშენებლად პირველ ეტაპზე 10 მილიონი გამოიყოფა

06.02.2019 • 2107
„ოცნების ქალაქში“ კორპუსების ასაშენებლად პირველ ეტაპზე 10 მილიონი გამოიყოფა

„ოცნების ქალაქში“ საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებენ. ამის შესახებ დღეს, 6 თებერვალს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. 

თორნიკე რიჟვაძის თქმით, ე.წ. მუყაოს ქალაქში მცხოვრები ოჯახები საცხოვრებელ ფართობებს კონკრეტული კრიტერიუმების შესაბამისად მიიღებენ. მთავრობის თავმჯდომარემ არ დააკონკრეტა, რა კრიტერიუმებზეა საუბარი და სად შეეძლებათ მოქალაქეებს მთავრობის გადაწყვეტილების გასაჩივრება, თუკი ისინი ბინას ვერ მიიღებენ.

„კომისია აღარ შეიქმნება. არსებობს სამუშაო ჯგუფი, რომელიც უახლოეს დღეებში დადებს დასკვნას,”- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. მან არც ის გვითხრა, ვინ შედის ამ სამუშაო ჯგუფში, მაგალითად, არასამთავრობო სექტორიდან.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თქმით, უცნობია, ჯამში რა დაჯდება ახალი კორპუსების აშენება „ოცნების ქალაქში“. მისი თქმით, 2019 წელს დაახლოებით 10 მილიონი დაიხარჯება და მალე ტენდერს აჭარის ეკონომიკის სამინისტრო გამოაცხადებს. მისივე თქმით, მშენებლობა „ოცნების ქალაქში“ სავარაუდოდ, 20-30 თვეში დასრულდება.

რატომ არჩია აჭარის მთავრობამ „ოცნების ქალაქის“ პრობლემის გადაჭრა ბიუჯეტის ხარჯზე და ვერ შეძლო კერძო სექტორის დაინტერესება? – „ბათუმელების“ ამ კითხვაზე თორნიკე რიჟვაძემ გვიპასუხა, რომ „მთავრობამ ყველაფერი სცადა“ და ბოლო დროს ამ დასახლებაში გაჩენილმა ხანძარმა უბიძგა მთავრობას, მიეღო ეს გადაწყვეტილება.

„ბათუმელებმა“ თორნიკე რიჟვაძეს ასევე ჰკითხა რისკის შესახებ, რაც ამ გადაწყვეტილებას შესაძლოა მოჰყვეს – სხვებმაც დაიკავონ სახელმწიფო ქონება საკუთრების მიღების მიზნით.

„იქნება კონკრეტული ღონისძიებები პრევენციისთვის, რომ ასე არ მოხდეს,“ – მოკლედ გვიპასუხა თორნიკე რიჟვაძემ.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: