მთავარი,სიახლეები

პატიმარმა პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციოში სარჩელი შეიტანა

06.02.2019 • 1463
პატიმარმა პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციოში სარჩელი შეიტანა

პატიმარმა ლეონიდე მიქაბერიძემ პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. იგი ბათუმის მე-3 დაწესებულებაში იხდის სასჯელს.

ლეონიდე მიქაბერიძე თაღლითობისთვის 2014 წელს გაასამართლეს და 6 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ახლა იგი ციხეში ჩადენილი დანაშაულისთვისაა ბრალდებული და თუკი სასამართლო მის წინააღმდეგ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, მას მინიმუმ 10 წლით დაუმატებენ თავისუფლების აღკვეთას.

პატიმარი არაკონსტიტუციურად მიიჩნევს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილს, რომელიც პენიტენციური დაწესებულების საქმიანობისთვის ხელის შეშლას, ან ამ საქმიანობის დეზორგანიზაციას გულისხმობს. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირის მიერ ამ მუხლის დარღვევა 10-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„საქმის განმხილველ მოსამართლეს კანონი არ აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ინდივიდუალურად შეაფასოს ყოველი კონკრეტული გარემოება და ამ ინდივიდუალური შეფასების შემდეგ მიიღოს სანქცია,“ – განმარტავს ანნა მდინარაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი. ეს ორგანიზაცია საკონსტიტუციო სასამართლოში პატიმრის ინტერესებს დაიცავს.

პატიმარი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-9 მუხლს, სადაც წერია: „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური მოპყრობა, არაადამიანური, ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება“.

ლეონიდე მიქაბერიძემ ეს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში გასული წლის აგვისტოში შეიტანა, თუმცა ის არ დაარეგისტრირეს – სარჩელი პატიმარმა ციხეში ხელით შეავსო. პატიმარმა პრობლემის შესახებ „ბათუმელებს“ ციხიდან გამოგზავნილი წერილით შეატყობინა. მოგვიანებით პროცესში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ჩაერთო, შესაბამისად, სარჩელიც დადგენილი სტანდარტით მოამზადეს.

ეს პატიმარი აქამდე საერთო სასამართლოში ხანგრძლივი პაემნის უფლების შეზღუდვას ასაჩივრებდა. მან სასამართლოს სამივე ინსტანცია მოიგო სასჯელაღსრულების სამინისტროს წინააღმდეგ. ციხის ადმინისტრაცია მას ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლებას იმ მოტივით არ აძლევდა, რომ ის მსჯვარდებულია, მაგრამ იმავდროულად ბრალდებულის სტატუსიც ჰქონდა. კანონის მიხედვით, ბრალდებულს ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლება არ აქვს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: