მთავარი,სიახლეები

NCDC: მთავრობის განკარგულება წითელაზე არ მოიაზრებს სადამსჯელო ღონისძიების გატარებას

05.02.2019 • 2058
NCDC: მთავრობის განკარგულება წითელაზე არ მოიაზრებს სადამსჯელო ღონისძიების გატარებას

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი წითელას საწინააღმდეგო იმუნიზაციის პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

2019 წლის იანვრიდან „პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი“ სავალდებულო გახდა. წითელას სავალდებულო აცრის შესახებ მოსახლეობის განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია საქართველოს მთავრობის განკარგულებამ, სადაც აღნიშნულია, რომ  საგანმანათლებლო დაწესებულებებში უნდა გამოვლინდნენ ის პირები, რომელთაც არიან აუცრელები ან არასრულად აცრილნი და ორი თვის ვადაში ბენეფიციარების მხრიდან აცრის დამადასტურებელი ცნობის წარუდგენლობის შემთხვევაში საგანმანათლებლო დაწესებულებას შეუძლია განიხილოს მათი სტატუსის შეჩერების საკითხი.

„აღნიშნული საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული ღონისძიებები მიმართულია მხოლოდ აცრების მოცვის მაჩვენებლის გაზრდისთვის, რადგან დაავადების შეჩერება და ელიმინაცია მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აცრებით მოცვის მაჩვენებელი იქნება არანაკლებ 95% -სა.

საქართველოს მთავრობის განკარგულების არსი მდგომარეობს იმაში, რომ გაიზარდოს საზოგადოების ცალკეული წევრის როგორც ინდივიდუალური, ასევე კოლექტიური პასუხისმგებლობა და რაც მთავარია, ითვალისწინებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში, მათ შორის სამედიცინო დაწესებულებებსა და ზოგად, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მყოფი ნებისმიერი პირისათვის. განკარგულების არც ერთი პუნქტის შინაარსი არ მოიაზრებს რაიმე ტიპის სადამსჯელო ღონისძიების გატარებას და ვინმესთვის სასწავლო პროცესის შეფერხებას ან სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებას.“ – აღნიშნულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული პირი უარს იტყვის აცრაზე, განიხილება თუ არა მისი სტატუსის შეჩერების საკითხი საგანმანათლებლო დაწესებულებაში, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ვერ პასუხობენ. აქ გვითხრეს, რომ მთავრობის განკარგულებაზე ახსნა-განმარტებებს ვერ გააკეთებენ.

ცენტრის ინფორმაციით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველო ევროპაში წითელას გავრცელების მაჩვენებლით იმ ოთხ ქვეყანას შორისაა, სადაც ინციდენტობის მაჩვენებელმა 2019 წლის იანვრისთვის 400-ს გადააჭარბა. ბოლო 16 წლის განმავლობაში, მსოფლიოში წითელას ვაქცინაციით გადარჩენილია 20 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე, მნიშვნელოვნად შემცირდა როგორც საერთოდ, ისე წითელათი გამოწვეული ბავშვთა სიკვდილიანობა, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ვაქცინაცია კაცობრიობის უდიდესი მიღწევაა.

„სამედიცინო დაწესებულებაში მოქალაქის მიმართვისას წითელას შესახებ იმუნურობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღების მიზნით, სამედიცინო პერსონალმა: თუ არ იძებნება ჩანაწერი აცრის დადასტურების შესახებ ან არ იძებნება ჩანაწერი წითელათი დაავადების შესახებ – დადასტურებული სათანადო ლაბორატორიული კვლევით, უნდა უზრუნველყოს ვაქცინაცია – იმუნურობის (წითელას მიმართ) სტატუსის განსაზღვრის დავალდებულების გარეშე.

მასთან, თითოეული მოქალაქის უფლებაა ჩაიტაროს ამგვარი კვლევა, განისაზღვროს იმუნურობის სტატუსი ან მისაწვდომ დაწესებულებაში (სამედიცინო დაწესებულება, სადაც უტარდებოდა გეგმიური ვაქცინაცია, არქივი და ა.შ.) აღადგინოს ჩანაწერი აცრის ჩატარების შესახებ და იმ შემთხვევაში, თუ იმუნურობის სტატუსი განისაზღვრა როგორც დადებითი (აქვს იმუნიტეტი) – წარადგინოს მოთხოვნის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ აცრის სტატუსის ჩანაწერის აღდგენა არ ხერხდება და/ან სათანადო ლაბორატორიული ტესტირებით იმუნურობის სტატუსი განისაზღვრა როგორც უარყოფითი (არ აქვს იმუნიტეტი) – უფლებამოსილია ჩაიტაროს ვაქცინაცია და ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი წარადგინოს მოთხოვნის შესაბამისად.

„პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრისა და იმუნიზაციის მართვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 19 ნოემბრის ბრძანებით გათვალისწინებული წესით და პირობებით ნებისმიერი მოქალაქე, აცრაზე უარის თქმის შემთხვევაში, შესაბამის დაწესებულებაში წარადგენს „პირის მიერ პროფილაქტიკურ აცრაზე უარის თქმის შევსებულ ფორმას“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

ამავე თემაზე: სად შეგიძლიათ აიცრათ აჭარაში წითელაზე უფასოდ და აიღოთ ცნობა 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: