მთავარი,სიახლეები

რამდენად შეიცვალა ადგილობრივების განწყობა ქობულეთში მუსლიმურ პანსიონზე

05.02.2019 • 1485
რამდენად შეიცვალა ადგილობრივების განწყობა ქობულეთში მუსლიმურ პანსიონზე

ქობულეთში, ლერმონტოვის 13-თან ჟურნალისტის გამოჩენისთანავე თითქმის ყველა ჭიშკარს კეტავს, ადამიანები მზიანი ამინდის მიუხედავად, ხმის ამოუღებლად ტოვებენ ქუჩას, ტროტუარს, ეზოს… მათ კამერის წინ გამოჩენა აღარ სურთ. ამის მიზეზს აქ არავინ განგიმარტავთ. ლერმონტოვის 13-ში მდებარე სამსართულიანი სახლი კი, ისევ ცარიელი და გამოკეტილია. 5 წლის წინ ამ მისამართზე მუსლიმი თემი პანსიონის გახსნას გეგმავდა. ადგილობრივებმა პანსიონის გახსნის საშუალება მუსლიმებს არ მისცეს, სახლს – ღორის თავი მიაჭედეს.

რა ხდება ახლა, სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილების შემდეგ? რამდენად შეიცვალა ადგილობრივების დამოკიდებულება, როცა მათ სასამართლომ უთხრა, რომ ასე მოქმედება კანონსაწინააღმდეგო და დისკრიმინაციულია? რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც სასამართლომ ქობულეთის მერიას პანსიონის შენობის წყლისა და კანალიზაციის სისტემაში ჩართვა დაავალა? – „ბათუმელები“ ქობულეთელებს გაესაუბრა და ჰკითხა: რა რეაქცია ექნებათ ადგილობრივებს ახლა, თუკი პანსიონი ისევ გაიხსნება?

„იმავეს ვიზამთ… რაღა ახლა ჩამოვიარე მეც,“ – გვითხრა სესილი ოქროპირიძემ, პანსიონის შენობის წინ სპეციალურად განთავსებულ ჯვართან შეჩერდა და განაგრძო: „აქ ჩვენ ჯვარი გვაქვს გაკეთებული. ამის შემდეგ შეიძლება აქ მუსლიმთა პანსიონი? მე მგონი, არ შეიძლება. კი ბატონო, სასამართლომ დაადგინა დისკრიმინაცია, მაგრამ მე არ ვფიქრობ მასე. ქრისტიანი გამოდის აქ და ეკლესიაში მიდის. არ უნდა გაიხსნეს, რომ ცუდი რაღაცები არ მოხდეს…“

სესილი ოქროპირიძე

პანსიონის ახლოს მცხოვრები ადამიანები ან არაფერს ამბობენ, ან ამბობენ, რომ იმავეს, ან უარესს გააკეთებენ, თუკი პანსიონი გაიხსნება. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ „პანსიონის საქმეზე“ დისკრიმინაცია დააგინა, მოქალაქეები არც ახლა ერიდებიან სიძულვილის ენის გამოყენებას. ოთხივე მოქალაქემ, ვისაც „ბათუმელები“ პანსიონის მიმდებარედ ესაუბრა, იცის, რომ სასამართლო დავა მუსლიმმა თემმა მოიგო, თუმცა ეს მათ არ აღელვებთ. ისინი ახსენებენ მთავრობასაც: „მთავრობას მაინც რაც უნდა, იმას გააკეთებს“.

თემურ ნოღაიდელი: „კატეგორიული წინააღმდეგი წავალთ მე, ჩემი ოჯახი და მეზობლებიც. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაიხსნას. კონსტიტუციით ყველას აქვს უფლება, მაგრამ აქ არის ყველა ქრისტიანული ოჯახი, პატარა ბავშვები იზრდებიან. მე არ მიმაჩნია მიზანშეწონილად. ბევრი ისეთი ადგილია ქობულეთში, სადაც არაა მჭიდრო დასახლება და იქ გახსნან. იურიდიულად და კანონით აქვთ უფლება, მაგრამ კანონის გვერდზეც ხომ არის რაღაც? ჩვენი სახლები გვერდიგვერდაა, არ შეიძლება ასე ახლოს იყოს პანსიონი, ბავშვები აქ გამოდიან და ბაღში მიდიან… გასაგებია, რომ დადგინდა დისკრიმინაცია, მაგრამ ჩვენ ვართ მესამე საუკუნიდან ქრისტიანული ადგილი, არანაირი საწინააღმდეგო გვაქვს რწმენასთან“.

„მთავრობას რასაც უნდა, იმას გააკეთებს, მაგრამ ჩვენ გავაპროტესტებთ,“ – ამბობს ზიული კოპლატაძე. ისიც ლერმონტოვის ქუჩაზე ცხოვრობს. მას ვუთხარით, იცოდა თუ არა სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ, რაც შეიძლება მოჰყვეს პანსიონის გახსნისთვის ისევ ხელის შეშლას.

„ხელით კი არ ვეტაკები, ადრეც არ დავტაკებივარ, სიტყვიერად ვიტყვი და გამოვალ, ღორის თავის მიჭედვის ამბავს მე ვერ დავადასტურებ, მაშინ ხიდზე ვიდექი აქციაზე. ჩემი პოზიცია არის ის, რომ სკოლა სახლებს შორის ასე გვერდიგვერდ არ უნდა იყოს,“ – აღნიშნავს ზიული კოპლატაძე.

ანალოგიური პოზიცია აქვს გურამ ბასილაძესაც, რომელმაც ჩვენთან საუბრის დროს ხაზი გაუსვა საკუთარ რელიგიურ აღმსარებლობას – ის მუსლიმია.

„არ უნდა გაიხსნას. ვიღაცას ხომ უნდა უხაროდეს შენი დანახვა? მე ვიცი ის, რომ აქ მაგის ადგილი არ არის. ისევ იქნება წინააღმდეგობა, უარესი მოხდება. ახლა, თქვენ მოდით და აქ ხალხი უარესად დაირაზმება… მე თვითონ მუსლიმი კაცი ვარ, მაგრამ უმჯობესია სხვა ადგილი გამონახონ. სადმე ისეთი ადგილი უნდა მოძებნონ, სადაც ხალხი ასე ბევრი არ არის,“ – გვითხრა გურამ ბასილაძემ.

თუკი ლერმონტოვის ქუჩას გაუყვებით ქობულეთის ცენტრისკენ და ადამიანების პოზიციებით დაინტერესდებით, ნახავთ, რომ პანსიონისთვის განკუთვნილი შენობიდან მოშორებით პოზიციები რბილდება. ზოგიერთი ამბობს, რომ პანსიონი არ უნდა გაიხსნას, თუმცა ამას ხელს არ ან ვერ შეუშლის. ზოგიერთი კი მიიჩნევს, რომ პანსიონი არავის და არაფერს უშლის ხელს.

„თუ უნდათ გახსნან, რატომაც არა? აბა, ევროპაში რომ გვინდა შესვლა, როგორ არის? არ ვიცი, საერთოდ წინააღმდეგობა იქნება თუ არა, წესრიგი უნდა იყოს ყველგან,“ – გვითხრა ნანული ანტონოსიანმა.

 

ნანული ანტონოსიანი

დაახლოებით იმავეს ამბობს იამზე შავაძე: „მე არ ვარ წინააღმდეგი. საერთოდ არ მესმის, რატომ უნდა ვიყო წინააღმდეგი. სხვა როგორ იტყვის, არ ვიცი“.

ლერმონტოვის ქუჩაზე, სადაც პანსიონი მდებარეობს, არ ცხოვრობს არც თალიკო მამინაიშვილი. მან გვითხრა, რომ იმავე ფორმით გაუწევდა წინააღმდეგობას მუსლიმ თემს, როგორც ეს იმ ქუჩის მცხოვრებლებმა გააკეთეს 2014 წელს.

თალიკო მამინაიშვილი

„ქობულეთი არის თითქმის ყველა მართლმადიდებლები. 10 პროცენტია მუსლიმანი და თვითონაც უნდა დაფიქრდნენ. ჩხუბს და დავას ასე სჯობს: ეს უნდა გაიხსნას ისეთ ადგილას, სადაც მუსლიმანები უფრო ახლოს ცხოვრობენ. ჩვენ ყველა რელიგიას პატივს ვცემთ, მე დიდ პატივს ვცემ რელიგიას, მაგრამ რადგან იქ მართლმადიდებელია ყველა, არ მიაჩნიათ სწორად,“ – აღნიშნავს თალიკო მამინაიშვილი.

„მე ვამბობ ათასპროცენტიან არას… ახლა თოფს კი არ ვესვრი, უბრალოდ, არა. მთავრობამ თუ მოინდომა, მე რას ვიზამ, ცარიელი ხელებით რა უნდა ვქნა, ზარბაზანიც და თოფიც მთავრობას აქვს. ჯერ ქრისტიანული გაიხსნას და მერე გაიხსნას ეს პანსიონი,“ – ეს ქობულეთის სადგურთან შაქრო გოგიტიძემ გვითხრა.

„ქობულეთის მუსლიმური პანსიონის“ საქმეზე სასამართლო დავა ამ დრომდე  გრძელდება. სახალხო დამცველის სარჩელი ქობულეთის მერიის წინააღმდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა, თუმცა ქობულეთის მერმა გადაწყვეტილების შესრულებას მისი გასაჩივრება არჩია. სააპელაციო სასამართლოს ჯერ ეს დავა არ განუხილავს. თუკი ზემდგომ ინსტანციებსაც მოიგებს სახალხო დამცველი, ქობულეთის მერია იძულებული გახდება პანსიონი წყლის სისტემაში ჩართოს, რომლის გარეშეც პანსიონი ვერ იფუნქციონირებს.

კიდევ ერთი დავა დისკრიმინაციის შეფასებას უკავშირდება. ამ კუთხით მუსლიმი თემის ინტერესებს სასამართლოში „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი“ იცავს. სასამართლოს სამივე ინსტანციამ დაადგინა, რომ ქობულეთში, ლერმონტოვის 13-ში, მუსლიმი თემის მიმართ ადგილობრივების დამოკიდებულება დისკრიმინაციული იყო. სასამართლომ არ დაადასტურა დისკრიმინაციული მიდგომა პოლიციელების მიმართ.

„ამ კუთხით საქმე უნდა განიხილოს სააპელაციო სასამართლომ… ჩვენ ასევე მოვითხოვთ პოლიციისთვის ქმედების დავალდებულებას. პოლიციას უნდა დაევალოს უსაფრთხოების ნორმების დაცვა, თუკი მუსლიმი თემი პანსიონის შენობაში შევა,“ – განმარტავს თამთა მიქელაძე, „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელი.

29 იანვარს გამართულ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა დავის საგნის არ არსებობის საფუძვლით. ამ უწყებამ განმარტა, რომ დღეის მდგომარეობით არ არსებობს პანსიონატით სარგებლობის უფლების შეზღუდვის განგრძობითი  შემთხვევები და პანსიონატით სარგებლობის უფლების რეალიზაციის ხელშეშლის შემთხვევაში შსს უზრუნველყოფდა მუსლიმი თემის უფლებების დაცვას.

„EMC- არ დაეთანხმა აღნიშნულ მოთხოვნას, რადგან სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, იყოს გარანტი იმისა, რომ პირები მისი იურისდიქციის ქვეშ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი არ გახდებიან, როგორც სახელმწიფოს აგრეთვე მესამე პირების მხრიდან. შსს-ს პირდაპირ კომპეტენციას მოქალაქეთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე რეაგირება და ეფექტური პრევენციული ზომების მიღება წარმოადგენს, რაც სრულად უგულებელყო შსს ამ საქმეში, აპელანტთა მოთხოვნას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დავალდებულება წარმოადგენს, რათა სახელმწიფო უწყებამ მიიღოს კომპლექსური ზომები ქობულეთის პანსიონატის ადმინისტრაციის და ბენეფიციარების უფლებების აღდგენისა და დაცვის  მიზნით, რათა ა(ა)იპ „ქართველ მუსლიმთა ურთიერთობას“ შესაძლებლობა მიეცეს 4 წლის შემდეგ მაინც დაასრულოს 2014 წლიდან დაწყებული პანსიონატის მშენებლობა და შეძლოს მისი დანიშნულებისამებრ გამოყენება,“ – ამბობს თამთა მიქელაძე, „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ ხელმზღვანელი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შემდგომი სასამართლო სხდომა პირველ მარტს გაიმართება, რომელზეც მხარეები დამატებით მტკიცებულებებსა და არგუმენტებს წარადგენენ. თავად მუსლიმ თემს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, როდის გახსნის ან გახსნის თუ არა ქობულეთის პანსიონის ჩაკეტილ კარს საერთოდ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: