მთავარი,სიახლეები

კომპანია: „ბათუმის წყლის“ ტენდერი ქართველი მწარმოებლებისთვის დისკრიმინაციულია

04.02.2019 • 2090
კომპანია: „ბათუმის წყლის“ ტენდერი ქართველი მწარმოებლებისთვის დისკრიმინაციულია

კომპანია „ჯეოტურანი“ მიიჩნევს, რომ „ბათუმის წყლის“ მიერ ცივი წყლის პოლიეთილენის მილებისა და ფიტინგების შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერის მოთხოვნები ეწინააღმდეგება კანონმდებლობას და წარმოადგენს კონკურენციის შემზღუდველ პირობას, რითაც საქართველოში ოპერირებად მწარმოებელ თუ მიმწოდებელ კომპანიებს არ ეძლევათ აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობის მიღების უფლება.

ცივი წყლის პოლიეთილენის მილებისა და ფიტინგების შესყიდვაზე შპს „ბათუმის წყალმა“, რომელიც ბათუმის მერიის მიერ არის დაფუძნებული, ტენდერი 2019 წლის 16 იანვარს გამოაცხადა. შპს „ჯეოტურანიმ“ კი დავების საბჭოს 31 იანვარს მიმართა და მოითხოვა საბჭომ დაავალოს „ბათუმის წყალს“, ტენდერის პირობები შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოიყვანოს, „რათა ჯანსაღი კონკურენციის ფარგლებში საქართველოში ოპერირებად ცივი წყლის პოლიეთილენის მილებისა და ფიტინგების მწარმოებელ თუ მიმწოდებელ კომპანიებს მიეცეთ აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობის მიღების უფლება“.

აღნიშნულ ტენდერში წინადადებების მიღება დღეს, 4 თებერვალს, 14:00 საათზე შეწყდება, „ჯეოტურანის“ საჩივრის განხილვის თარიღი კი დავების საბჭოს ასევე დღეისთვის, იმ დროისთვის აქვს ჩანიშნული, როცა ტენდერში წინადადებების მიღება დასრულებული იქნება – 4 თებერვლის 18:15 საათისთვის.

„…რამდენიმე პოზიციაზე მოთხოვნილი ობიექტების დიზაინის მიმართ მოთხოვნა არის კონკურენციის შემზღუდველი, კერძოდ… მოთხოვნილია ელ. ქურო, ელ.მუხლი, ელ. გადამყვანი, ელ . დამხშობი და ელ. სამკაპები მილის ფიქსაციით [მომჭერით]. მოთხოვნილი მახასიათებელი, მილის ფიქსაცია [მომჭერი] არის მხოლოდ ამ ობიექტის დიზაინის ნაწილი და აღნიშნულს მისი დანიშნულებისამებრ გამოყენებასთან მიმართებით არანაიარი მნიშვნელობა არ გააჩნია. გვინდა აღვნიშოთ, რომ [დასახელებულ პროდუქციას] მილის ფიქსაციით [მომჭერით] აწარმოებს მხოლოდ ერთი მწარმოებელი George Fischer Waving AG, რაც უტყუარად დადასტურებული ინფორმაციაა და კონკრეტულად „ბათუმის წყლის“ მიერ ანალოგიურ შესყიდვებში ზემოაღნიშნული მომჭერიანი პროდუქციის მიმწოდებლად ყველგან ზემოაღნიშნული კომპანიაა დასახელებული“ – აღნიშნულია „ჯეოტურანის“ საჩივარში.

„დაფიქსირებული მოთხოვნა ეწინააღმდეგება სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობას და წარმოადგენს კონკურენციის შემზღუდველ პირობას. შემსყიდველის მიერ მხოლოდ დიზაინთან დაკავშირებული მოთხოვნის დაწესება, რომელსაც არ აქვს არანაირი კავშირი და მნიშვნელობა პროდუქციის გამოყენების საბოლოო შედეგთან, ასევე გამოყენების ტექნოლოგიასთან, პირდაპირ დისკრიმინაციულ მიდგომას წარმოადგენს ანალოგიური პროდუქციის მწარმოებელი და მიმწოდებელი კომპანიების მიმართ, რომლებიც მიუხედავად დადგენილი სტანდარტისა, მხოლოდ იმის გამო, რომ ელ. ქუროებს, ელ. მუხლებს, , ელ . დამხშობებს და ა.შ . არ აწარმოებენ მილის ფიქსაციით [მომჭერით], ეზღუდებათ ამ დანაწესის გამო ტენდერში მონაწილეობის მიღება…. მოთხოვნები არის დისკრიმინაციული, არაპროპორციული და ზღუდავს ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრების პრინციპებს.შესყიდვის ობიექტის მიმართ სადაო მოთხოვნების დაწესებით, საქართველოს შესაბამის ბაზარზე ოპერირებადი კომპანიების 80 %-ს და მეტს შეზღუდული აქვს ტენდერში მონაწილეობის მიღება, გარდა იმ მიმწოდებლებისა, რომლებიც ახორციელებენ George Fischer Waving AG -ის მიერ წარმოებული პროდუქციის მიწოდებას“ – აცხადებს „ჯეოტურანი“.

მომჩივან კომპანიაში მიიჩნევენ, რომ შესყიდვების შესახებ კანონის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი, გარდა სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომების უზრუნველყოფისა და ჯანსაღი კონკურენციის განვითარებისა, არის სახელმწიფო შესყიდვების ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა, რაც გასაჩივრებული ტენდერის შემთხვევაში საჭიროებს შესყიდვების სააგენტოს შესაბამის რეაგირებას, ვინაიდან კონკურენციის შეზღუდვის პირობებში, ვერ იქნება უზრუნველყოფილი სახელმწიფო შესყიდვების ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვა.

„ამ შემთხვევაში შემოთავაზებული მომსახურების ღირებულების ალტერნატივა არის ძალიან მცირე, ვინაიდან აღნიშნული ტენდერის შემთხვევაში, მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი ან ორი კომპანია, რომელთაც ეყოლებათ საერთო მიმწოდებელი და სწორედ ამ მიმწოდებლის ფასებით მოხდება პროდუქციის განფასება“ – აღნიშნულია საჩივარში – „აღნიშნული საჩივრის განხილვის შედეგად მიღებული ჭეშმარიტი და ობიექტური გადაწყვეტილებით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ხელს შეუწყობს მახინჯი პრაქტიკის აღკვეთას და სამომავლოდ შეიქმნება პრეცედენტი მსგავსი ჩანაწერების თავიდან არიდებისა და იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი სახელმწიფო შესყიდვების პროცედურაში სამართლიანი, არადისკრიმინაციული და კონკურენტუნარიანი გარემოს განმტკიცებისთვის“.

„ბათუმის წყლის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერში შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 711 990 ლარია. ტენდერი აუქციონის გარეშეა გამოცხადებული. ტენდერში გამარჯვებულმა შემსყიდველს ცივი წყლის პოლიეთილენის მილები და ფიტინგები ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 სამუშაო დღეში უნდა მიაწოდოს.

ამ თემაზე:

როგორ იქმნება არაკონკურენტული გარემო ტენდერებში 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: