არსებობს თუ არა უთანხმოება ინგა შამილიშვილსა და მთავრობის თავმჯდომარეს შორის



დღეს, პირველ თებერვალს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აჭარის განათლების მინისტრს მეოთხე მოადგილე დაუნიშნა და ამავე დროს დასძინა, რომ სამინისტროს უფრო მეტი აქტიურობაა საჭირო ახალგაზრდობის საქმეთა მიმართულებით. თორნიკე რიჟვაძის სამინისტროში ვიზიტის შემდეგ, უწყებაში სტრუქტურულ ცვლილებებზე საუბარი დაიწყეს. როგორი იქნება განათლების მინისტრის „სტრუქტურული ცვლილებების ახალი გეგმა“, რომელიც მან მთავრობას ექვს კვირაში უნდა წარუდგინოს და არსებობს თუ არა უთანხმოება მინისტრსა და მთავრობის თავმჯდომარეს შორის? „ბათუმელების“ აჭარის განათლების მინისტრი, ინგა შამილიშვილი ესაუბრება.

  • ქალბატონო ინგა, დღეს მედიაში გავრცელდა, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე კრიტიკული იყო სამინისტროს მუშაობის მიმართ. გქონდათ ამის მოლოდინი?

ნამდვილად არ იყო თავმჯდომარე კრიტიკული,  შეგიძლიათ ნახოთ სტენოგრაფიული ჩანაწერი.

  • ესე იგი, თორნიკე რიჟვაძე განათლების სამინისტროს მუშაობის ტემპს არ უწუნებს?

არა. საყვედური და კრიტიკა ნამდვილად არ იყო. განათლების სამინისტრო აქტიურად მუშაობს. უბრალოდ, აქ საუბარი იყო იმაზე, რომ ცენტრალურ განათლების სამინისტროს აქვს დაანონსებული ძალიან ბევრი ცვლილება, რომლის თანხვედრაში უნდა მოვიდეს ჩვენი პროგრამებიც. მაგრამ, ვიდრე ეს პროცესი იქ არ დასრულება, ჩვენ ვერ ვერთვებით. ჩვენ გვაქვს ყოველდღიური კომუნიკაცია მათთან და ჩართული ვართ კანონპროექტების შემუშავებაში, იქნება ეს სკოლამდელი აღზრდის, სკოლის გარეშე სახელოვნებო დაწესებულებების რეორგანიზაციის თუ, ზოგადად, სასწავლო გეგმების შესახებ. საპარლამენტო კომიტეტის განხილვებზეც იყო ჩვენი წარმომადგენელი წასული. ჩვენი მთავარი ფუნქცია არის ხელშეწყობა, რადგან პოლიტიკის განმსაზღვრელი არის ცენტრალური განათლების სამინისტრო. აქაც მოგვიწევს ჩვენ იმ ტემპებზე ფეხის აწყობა, რომელიც ცენტრშია, ამაზე იყო საუბარი.

  • მიგაჩნიათ, რომ ცენტრთან „მეტი კომუნიკაცია“, როგორც ეს თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, არ გჭირდებათ?

არა. ამ შემთხვევაში საუბარი იყო იმაზე, რომ რაღაც ერთი კონკრეტული ჯგუფი შეიქმნას, რომელსაც პირდაპირი კავშირი ექნება ცენტრთან.

  • რატომ ჩათვალა თორნიკე რიჟვაძემ ცალკე ჯგუფის გამოყოფა საჭიროდ?

ამ შემთხვევაში საუბარია ახალგაზრდობის მიმართულების გაძლიერებაზე. პრემიერმაც განაცხადა, რომ ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით უკმაყოფილო იყო. აუცილებელია ახალგაზრდობის კომპონენტი გაძლიერდეს. ის პროგრამები, რაც გვაქვს – საზღვარგარეთ სწავლა, სტაჟირება და ასე შემდეგ, კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს. წელს კიდევ დავამატეთ პოსტმაგისტრანტების გაგზავნა უცხოეთში, ხელოვანთა მობილობა, იგივე საზაფხულო სკოლები და ა.შ. ამაზე იყო საუბარი. თვითონ სისტემის გაჯანსაღებაშიც ახალგაზრდები უნდა ჩაერთონ. რაც უფრო მეტი ახალი სისხლი შემოვა, მეტი კრეატიული იდეები იქნება და ეს უკეთესია ქვეყნის მომავლისთვის.

  • ბოლო დროს ხელისუფლებას აქცენტი ჰქონდა აღებული საჯარო მოხელეების შემცირებაზე. ახლა კი საუბარი მიდის სპორტისა და ახალგაზრდული დეპარტამენტის გამოყოფაზე. ახლა რატომ არის ეს დაყოფა აუცილებელი?

იმიტომ, რომ სპორტი უფრო დომინირებს. მას უფრო მეტი აქტივობები და ბიუჯეტი აქვს, ვიდრე ახალგაზრდობას. ახალგაზრდობის დეპარტამენტი მხოლოდ რამდენიმე პროგრამით შემოიფარგლება, მისი ბიუჯეტი სადღაც 400 ათასი ლარია, სპორტის კი სამი მილიონი ლარი. თუკი ახალგაზრდობა გამოვა ცალკე და იმუშავებს დონორებთან ურთიერთობაზე, რომ გარე თანხები მოვიძიოთ, თუნდაც საგანმანათლებლო მიმართულებით, კარგი იქნება. ახალგაზრდები თავიდანვე უნდა მიეჩვიონ მმართველობით სტრუქტურებს, რომ ხვალ და ზეგ თვითონ დაიკავონ თანამდებობები.

  • ამას ახლა იმიტომ ხომ არ ამბობთ, რომ თორნიკე რიჟვაძემ დაიწყო მსგავს ცვლილებებზე საუბარი?  

არანაირად, ჩვენ ამაზე გვიმსჯელია, ეს არის სახელმწიფოს პრიორიტეტი და ეს დეფინიცია გაჟღერდა ადრეც. მართალი გითხრათ, რამდენიმე პროგრამა ჩვენ წელს დავამატეთ და სულ ვაფიქსირებდით, რომ აუცილებელი იყო ამ მიმართულების გაძლიერება. თანხვედრა ჩვენს აზრებს შორის ნამდვილად იყო. თუმცა ეს არის თორნიკე რიჟვაძის ინიციატივა, რომ პირადი კურაციის სფეროში აიყვანოს ეს სფერო, რასაც მეც მივესალმები.

  • თუ არის ისეთი საკითხები, რაზეც თორნიკე რიჟვაძისგან განსხვავებული პოზიციები გაქვთ?

ჩვენ გვაქვს კონსტრუქციული ურთიერთობა. არის საკითხები, სადაც ჩვენ ვმსჯელობთ და ხშირად ვიღებთ ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს, ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთთან ურთიერთობა და ეს არის აბსოლუტურად ჯანსაღი ურთიერთობა. თუმცა ჩვენ მოგვიწევს გარკვეული კორექტირების შეტანა პროგრამულ მიმართულებებში.

  • ახალგაზრდული დეპარტამენტის სპორტისგან გამოყოფა ნიშნავს იმას, რომ შტატები დაგემატებათ?

აუცილებელი იქნება სტრუქტურაში გარკვეული ცვლილებების შეტანა. არ გამოვრიცხავ, რომ ახალგაზრდულში საჭირო იყოს ისეთი ადამიანების დამატება, რომლებმაც იციან საერთაშორისო პროექტების წერა. როცა გაკეთდება ფუნქციური ანალიზი, ეს ყველაფერი ნათელი იქნება. სამინისტროს არასდროს არ ჰქონია საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი, როცა სამინისტროს ყველაზე მეტი საერთაშორისო კავშირები აქვს და ჩემი და მოადგილეების ხარჯზე გავდიოდით ფონს. სულ ვაფიქსირებდით, რომ ეს აუცილებელი იყო. ამიტომ შესაძლებელია ეს სამსახურიც გაჩნდეს, ახალი სტრუქტურა შეიქმნას და შესაძლებელია მოგვიწიოს ბიუჯეტის თანხების ერთი მუხლიდან მეორეში გადატანა. ეს ფინანსთა სამინისტროს გარეშე ვერ გაკეთდება, ერთ დღეშიც შეუძლებელია ამის გაკეთება. ამიტომ ითქვა ექვსი კვირა, რომ წარმოვადგინოთ ჩვენი ხედვა – რა შეიძლება გაკეთდეს, რამდენი ადამიანია საჭირო.

  • გამოდის, მთავრობის თავმჯდომარემ სტრუქტურული რეორგანიზაცია მოგთხოვათ ექვს კვირაში?

ამ შემთხვევაში უნდა დავდოთ გეგმა, როგორ უნდა გაკეთდეს… ამის გაკეთება ყოველთვის მინდოდა და ყოველთვის ვაპირებდი. არაერთი სქემა გავაკეთე სხვათა შორის. ახალგაზრდობის შიგნით გაძლიერებას ყოველთვის ვფიქრობდი, თუმცა ამისი ცალკე გამოტანა დღევანდელი მოცემულობაა და ეს არის პრემიერის განცხადების საფუძველზე გაკეთებული. ის, რომ საჭირო იყო სტრუქტურული რეორგანიზაცია, ამას ყოველთვის ვამბობდი.

  • ახალგაზრდების გაძლიერების თემა, ახალგაზრდული პროგრამები, ყველაზე ხშირად წინასაარჩევნოდ იგეგმება ხოლმე და როგორც პრაქტიკამ აჩვენა, ძირითადად, პარტიული აქტივით ივსება ამ ტიპის სტრუქტურები. იგივე ხომ არ განმეორდება ამ შემთხვევაშიც?

მომავალ არჩევნებამდე ორი წელია თითქმის დარჩენილი და ეს ვერ დაუკავშირდება არჩევნებს. ჩვენ ვცდილობთ, რომ მეტი ახალგაზრდა გავიდეს სასწავლებლად ქვეყნის გარეთ, მათ შორის მოსწავლეებისთვისაც გავაკეთოთ გაცვლითი პროგრამები. ქვემო სილეზიასთან დღესაც გვქონდა შეხვედრა და ვაპირებთ კონკურსის გაკეთებას „პოლონეთი ქართველი ბავშვების თვალით და პოლონელი ბავშვების თვალით დანახული საქართველო“. ეს იქნება ჩვენი პირველი ნაბიჯი, რომ სკოლის მოსწავლეებიც გავიყვანოთ უცხოეთში.

  • დღეს დაგინიშნეს მეოთხე მოადგილე. რატომ დაინიშნეს ახლა, თუკი აქამდე ამის საჭიროება არ იყო?

თუკი ჩვენ ვაანონსებთ გარკვეულ სიახლეებს, რა თქმა უნდა, მოადგილე უნდა იყოს, რადგან მარტო მინისტრი ვერაფერს გააკეთებს ეფექტურად. ჩვენ ერთად ვიმუშავებთ იმ სტრუქტურულ მიმართულებებზე, რაზეც ვსაუბრობთ. ერთად დავგეგმავთ ახალგაზრდობის და საერთაშორისო მიმართულებას და ამის შემდეგ დავაანონსებთ ცვლილებას.

  • ცვლილებებზე საუბრის დაწყება ხომ არ არის ერთგვარი გზავნილი, რომ შესაძლოა თქვენი შეცვლის საკითხიც დადგეს დღის წესრიგში?

გარკვეული პოლიტიკური პროცესები ყოველთვის აჩენს მსგავს კითხვებს, მაგრამ მე მგონია, რომ ეს არის ბნელ ოთახში კატის ძიება. მე ვასრულებ იმ მოვალეობას, რომელიც დამეკისრა და არ ვთვლი, რომ უხარისხოდ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com