რატომ ვერ დაიწყო ქედაში ეკომიგრანტებისთვის სახლის მშენებლობა – ხელახალი ტენდერი



სოფელ პირველ მაისში ეკომიგრანტებისთვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე ქედის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი ხელახლა გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება უცვლელია – 1 530 378 ლარი.

წინადადებების მიღება 2019 წლის 16 თებერვალს დაიწყება და 21 თებერვალს შეწყდება. მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან ხუთი დღის ვადაში უნდა დაიწყოს და 540 დღეში დასრულდეს.

ხუთსართულიანი სახლის მშენებლობაზე გამოცხადებული წინა ტენდერი ორმა კომპანიამ ოთხჯერ გაასაჩივრა. დავების საბჭომ მათი საჩივრებიდან ორი ნაწილობრივ, ორი კი სრულად დააკმაყოფილა და სატენდერო კომისიას წინა გადაწყვეტილების გადახედვა დაავალა, თუმცა, საბოლოოდ კომისიამ ტენდერი შეწყვიტა.

ტენდერის შეწყვეტის შესახებ სატენდერო კომისიის ოქმიდან

2018 წელს გამოცხადებული ტენდერი პირველად კომპანია „ჯი ინშაათმა“ გაასაჩივრა, რომელიც აცხადებდა, რომ ტენდერში კომპანიის დისკვალიფიკაციის მიზეზი თურქული ლირის კურსი გახდა.

ამ დროისთვის კომპანია „ჯი ინშაათი“ ქედის მუნიციპალიტეტს სახლის მშენებლობას 999 ათას 999 ლარად სთავაზობდა, ტენდერში მონაწილე მეორე პრეტენდენტი, „მომავლის ხედვა“ კი – 1 მილიონ 270 ათას ლარად.

ფაქტობრივად, 2018 წლის 10 აგვისტოდან სატენდერო პროცედურები გამარჯვებულის გამოსავლენად შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში გაგრძელდა. „ჯი ინშაათის“ პირველი საჩივარი საბჭომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა, შემდეგ საბჭოს საჩივრით მეორე კომპანიამაც მიმართა. საბჭომ ეს საჩივარიც ნაწილობრივ დააკმაყოფილა, თუმცა სატენდერო კომისიას კვლავ „ჯი ინშაათმა“ უჩივლა. საბჭომ ეს საჩივარი სრულად დააკმაყოფილა და ქედის სატენდერო კომისიამ კომპანია ტენდერში გამარჯვებულად გამოაცხადა.

მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვებულთან ხელშეკრულება მომზადებული იყო და მშენებლობა დაწყებულიყო, დავა ტენდერის გამო ისევ გაგრძელდა. ამჯერად საბჭოს საჩივრით მეორე პრეტენდენტმა – „მომავლის ხედვამ“ მიმართა და სატენდერო კომისიის იმ ოქმის გაუქმება მოითხოვა, რომლითაც „ჯი ინშაათი“ გამარჯვებულად გამოცხადდა. დავების საბჭომ „მომავლის ხედვის“ ეს საჩივარიც სრულად დააკმაყოფილა.

სატენდერო კომისიასა და დავების საბჭოში მიმდინარე ხუთთვიანი პროცედურების მიუხედავად, ტენდერში ვერ იქნა მიღებული ისეთი საბოლოო გადაწყვეტილება, რაც ეკომიგრანტებისთვის საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დაწყების საწინდარი იქნებოდა.

ქედის სატენდერო კომისიამ, როგორც ოქმის ამონაწერიდან ჩანს, ტენდერი საერთოდ შეწყვიტა, ვინაიდან „სატენდერო პროცედურების განხორციელება და სამუშაოების დაწყება ვეღარ მოესწრებოდა იმ დროში, რაც ტენდერის პირობებით იყო განსაზღვრული“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com