მთავარი,სიახლეები

როგორ შეიცვალა საქართველოს იმიჯი დასავლეთში – ინტერვიუ პოლიტოლოგთან

01.02.2019 • 1473
როგორ შეიცვალა საქართველოს იმიჯი დასავლეთში – ინტერვიუ პოლიტოლოგთან

„საქართველო ცდილობს გაიქცეს რეგიონიდან…“ – მიიჩნევს კორნელი კაკაჩია, პოლიტოლოგი და „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი. ის ჟურნალისტებს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ესაუბრა ბათუმში გამართულ შეხვედრაზე თემაზე – სად არის საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში. რა იგულისხმება „გაქცევაში“, რა ხდება სამეზობლოში და რამდენად შეიცვალა საქართველოს იმიჯი დასავლეთის თვალში? – „ბათუმელებმა“ კორნელი კაკაჩიასთან ინტერვიუ ჩაწერა.

ბატონო კორნელი, შეხვედრაზე აღნიშნეთ, რომ საქართველო ახალი იდენტობის ძიებაშია და რეგიონიდან გაქცევას ცდილობს. კონკრეტულად გვითხარით, რასთან გვაქვს საქმე. 

საქართველო ყოველთვის იყო და არის სამხრეთ კავკასიის ნაწილი, ის ასევე იყო პოსტსაბჭოთა სივრცის ნაწილი. თუ მოვინდომებთ, თეორიულად ჩვენ შეიძლება ვიყოთ ახლო აღმოსავლეთის ნაწილი, ისტორიულად ვიყავით კიდეც, მაგრამ დღეს ეს არარელევანტურია. საქართველო ასევე ყოველთვის იყო შავი ზღვის სახელმწიფო, თუმცა სხვადასხვა პრობლემის გამო, შავი ზღვის იდენტობა არასდროს გამოკვეთილი არ ყოფილა, საზღვაო ფლოტიც კი არ გვყავდა და ზღვისკენ საერთოდ არ ვიყურებოდით.

დასავლეთთან ინტეგრაციამ გამოკვეთა ის, რომ ამ რეგიონში სამხრეთ კავკასია ვერ შედგა, როგორც კალათა, მდგრადი რეგიონი საერთო პოლიტიკური ორიენტირებით. საქართველო სწორედ ამიტომ ცდილობს, გაიქცეს რეგიონიდან და მიეკედლოს შავი ზღვის იდენტობას. მას სურს თავი წარმოაჩინოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპული ქვეყანა, თუმცა გეოგრაფია ამის საშუალებას არ გვაძლევს. ამ იდენტობის მიღწევა შესაძლებელია, თუმცა ეს არის ხანგრძლივი პროცესი. ბევრია სამუშაო, რომ აკადემიურ წრეებში ეს იდენტობა დამკვიდრდეს.

საქართველო, როგორც ცნობილია, ცდილობს გახდეს ევროკავშირის ქვეყანა მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად. შეიცვალა რამე ამ ხედვაში? 

საქართველო არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ერთ-ერთი აქტიური წევრი. ოფიციალურად ასეა დღესდღეობით. ჩვენ მოვიაზრებით უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, როგორც, ასე ვთქვათ, ლიდერი ქვეყნები, რომლებსაც აქვთ პოტენციალი, თუ ყველაფერი კარგად წავიდა, ერთ დღეს დაუკაკუნონ ევროკავშირის კარს. ამას ადასტურებს ანგელა მერკელის განცხადებაც, როცა ის სტუდენტებს შეხვდა და თქვა, რომ ბალკანეთის ქვეყნების საკითხის გადაწყვეტის შემდეგ საქართველო-უკრაინის საკითხი იქნება ალბათ მეორე ფაზაო. ეს მერკელს წამოცდა, მაგრამ რეალურად ამის უკან მოიაზრება ის, რომ ყველაფერი ევროინტეგრაციის რეფორმების შესაბამისად წარიმართება, ეს მოლოდინი არსებობს. რა დრო დასჭირდება ამას, არავინ იცის.

სამივე ქვეყანაში – საქართველო, უკრაინა, მოლდოვა  – არის პრობლემა უსაფრთხოების კუთხით. ფაქტობრივად, ჩვენ ვართ რუხ, ნაცრისფერ ზონაში, სადაც არც დასავლეთია და არც – აღმოსავლეთი. სამივე ამ ქვეყანაში რუსეთს ჰყავს საოკუპაციო ჯარები და უსაფრთხოების კუთხით დაუცველები ვართ. გეოლოპოლიტიკური ობლები გამოვდივართ, რომლებსაც პატრონი არ ჰყავს. ჩვენ მაქსიმალურად უნდა მოვინდომოთ ევროპასთან დაახლოვება, მათ შორის, სოციალური, ეკონომიკური, ღირებულებითი, საზოგადოებების დონეზე და ამ მიმართულებით მოძრაობა. ამ გზაზე ნელი ტემპით, მაგრამ ვმოძრაობთ.

რამდენად შესაძლებელია საქართველომ დამოუკიდებლად სცადოს ამ გზის გავლა?

თუ გადავხედავთ ევროინტეგრაციის პროცესს, იყო სხვადასხვა შემთხვევა, როცა ინდივიდუალურად წევრდებოდნენ ქვეყნები, მაგალითად, კვიპროსი. უმეტესად კი, საერთო კალათაში ერთიანდებოდნენ ქვეყნები, მაგალითად, „ვიშეგრადის“, ან ბალტიისპირეთის ქვეყნები… თეორიულად შესაძლებელია, საქართველოც ინდივიდუალურად გაწევრიანდეს, მაგრამ ეს ძალიან სათუოა, რადგან ბევრად შორს ვართ ჩვენ და მეორე – ჩვენს რეგიონში გარშემორტყმული ვართ ავტორიტარული სახელმწიფოებით. ჩვენთან ვერ ხერხდება პოლიტიკური რეგიონის შექმნა, როგორც ეს მოხდა, მაგალითად, ბალტიისპირეთში. სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნების პოზიციები ურთიერთსაწინააღმდეგოა. სომხეთი ევრაზიული კავშირის წევრია. აზერბაიჯანი თითქოს შუაშია, მაგრამ აქვს განსხვავებული ინტერესები. ამას ემატება ყარაბაღის პრობლემა, რომელიც უახლოეს ხანში ვერ მოგვარდება. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა და მოლდოვა არ არის დიდი ჯილდო, სხვა მოცემულობა არ გვაქვს. უკრაინასა და მოლდოვაში საკმაოდ სერიოზული პრობლემებია კორუფციასთან დაკავშირებით, საქართველო მათთან შედარებით წინ არის. სხვა ალტერნატივა ჩვენ არ გვაქვს.

რეგიონში მნიშვნელოვანი მოთამაშეა თურქეთიც. როგორ აისახება ევროინტეგრაციის პროცესზე თურქეთში მიმდინარე ბოლოდროინდელი პოლიტიკური მოვლენები 

ბოლო ათწლეულის განმავლობაში თურქეთი მოიაზრებოდა, როგორც პროდასავლური სახელმწიფო და ევროკავშირის კანდიდატი. ერდოღანის მოსვლის შემდეგ კი შეიცვალა თურქეთის, როგორც საგარეო პოლიტიკური ხედვა, ასევე მისი დამოკიდებულება დასავლეთთან. იმ მიმართულებით, საითკენაც მიდის ახლა თურქეთი, იგი უფრო დაემსგავსა ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოს, ვიდრე ევროპულს, ის დასცილდა დემოკრატიას. ამ გარემოებაში თურქეთი გახდა არასასურველი პარტნიორი დასავლეთისთვის.

როგორია საქართველოს იმიჯი ახლა დასავლეთში, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ? 

ბოლო არჩევნებმა ნამდვილად არ შეუწყო ხელი ჩვენს იმიჯს. ამ არჩევნებმა აჩვენა ის, რომ ჩვენ ჯერ კიდევ არ ვართ კონსოლიდირებული დემოკრატია. თუნდაც ის სქემები, რაც არჩევნებში გამოიყენეს და ძალიან ახლოსაა ამომრჩევლის მოსყიდვასთან, შეუმჩნეველი არ დარჩენიათ დასავლეთში, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ ეს პრეზიდენტის პოსტი არ იყო მნიშვნელოვანი, დასავლეთმა „თვალი დახუჭა“. ასე არ მოხდება 2020 წელს, რადგან ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები საქართველოსთვის. შესაძლებელია, ხელისუფლება შეიცვალოს. თუ გადავხედავთ ჩვენს ელექტორალურ ისტორიას, ქართველი ამომრჩეველი, ძირითადად, ერთ პარტიას ორზე მეტჯერ არ აძლევს ხმას. კვლევებიც ამას ადასტურებს, რომ ამომრჩეველი, ფაქტობრივად, მზად არის ცვლილებებისთვის. ეს არ არის აზერბაიჯანი, სადაც შეიძლება ოჯახის წევრზე გადავიდეს ხელისუფლება, ეს გამორიცხულია, ამით გამოვირჩევით ჩვენ. საქართველო აქამდე რითაც იქცევდა დასავლეთის ყურადღებას, იყო ის, რომ იგი იყო დემოკრატიული რეფორმის ცენტრი რეგიონში. თუ ჩვენ ამას დავკარგავთ, მხარდაჭერა გაქრება. საქართველო ნელ-ნელა ემსგავსება პროგნოზირებად ქვეყნებს, აქ თუ ზიგზაგი დავიწყეთ, ეს აუცილებლად ხელს შეგვიშლის.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: