მთავარი,სიახლეები

164 დევნილი ოჯახი ბათუმში ბინას მიიღებს – სამინისტროში შესულია 468 განაცხადი

31.01.2019 • 1674
164 დევნილი ოჯახი ბათუმში ბინას მიიღებს – სამინისტროში შესულია 468 განაცხადი

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე, ორ 16-სართულიან ახალაშენებულ კორპუსში, 164 იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის ბინების გადაცემის საკითხს განიხილავს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, ბათუმში საცხოვრებელი ფართობის მიღების მოთხოვნით განაცხადები მხოლოდ აჭარის რეგიონსა და თბილისში რეგისტრირებულმა დევნილმა ოჯახებმა შეავსეს.

„პირველ და მეორე ეტაპზე სულ შემოვიდა 468 აპლიკაცია, ამაში შედის ე.წ. 0-ქულიანებიც, რომლის შესახებაც თავიდანვე იყო ცნობილი, რომ  ასეთი განაცხადების განხილვა არ მოხდებოდა. შემდგომ მონიტორინგის ჯგუფმა შეისწავლა ყველა ოჯახი,“ – გვითხრა ბადრი კობალაძემ, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საქმეების დეპარტამენტის უფროსმა, რომელიც თბილისში კომისიის მუშაობაში მონაწილეობს.

სამინისტროს ცნობით, საცხოვრებელი ფართობების განაწილების პროცესში პრიორიტეტი აჭარის რეგიონში რეგისტრირებულ ოჯახებს მიენიჭებათ.

კომისიას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე ხელმძღვანელობს. კომისიის შემადგენლობაში სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, სახალხო დამცველის აპარატის, აჭარის მთავრობის, აფხაზეთის მთავრობის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც შედიან.

სამინისტროს ცნობით, დევნილი ოჯახები ახალაშენებულ კორპუსებში ბინებს უახლოეს მომავალში მიიღებენ.

_____________

მთავარ ფოტოზე: ტაბიძის ქუჩაზე მშენებარე კორპუსი. 2018 წელი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: