მთავარი,სიახლეები

„ბათუმობა“ წელს 28 აპრილს გაიმართება

31.01.2019 • 5229
„ბათუმობა“ წელს 28 აპრილს გაიმართება

ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, შეიცვალა „ბათუმობის“ დღესასწაულის გამართვის თარიღი. ამიერიდან „ბათუმობა“ ნაცვლად სექტემბრის დასაწყისისა, 28 აპრილს გაიმართება.

28 აპრილს ბათუმობის აღნიშვნა ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის ინიციატივაა. ამის შესახებ ქალაქის მერმა შარშან განაცხადა. თარიღი ქალაქის მერმა ბათუმისათვის ქალაქის სტატუსის მინიჭებას დაუკავშირა.

მაშინ მერმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოკითხვაც ჩაატარა და მოსახლეობას ჰკითხა, როდის უნდა აღინიშნოს ბათუმობის დღესასწაული, სექტემბრის დასაწყისში თუ 28 აპრილს. გამოკითხვაში 556 ადამიანიდან 72-მა პროცენტმა ხმა „ბათუმობის“ 28 აპრილს აღნიშვნას მისცა.

„1885 წელს ბათუმის 90-მა მცხოვრებმა წერილობით მიმართა კავკასიის სამოქალაქო ნაწილის უფროსს, ბათუმისათვის ქალაქის სტატუსის მინიჭების თაობაზე. 1888 წლის 28 აპრილს ბათუმს ქალაქის სტატუსი მიენიჭა.

გვსურს გავიგოთ მოსახლეობის აზრი „ბათუმობის“ დღესასწაულის ქალაქის სტატუსის მინიჭების დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით. „ბათუმობის“ 28 აპრილს აღნიშვნა უფრო მეტ ხალისს შესძენს ამ დღესასწაულს, რადგან გაზაფხული სიცოცხლესთან, სიახლესთან და სინათლესთან ასოცირდება,“ – აღნიშნული იყო ბათუმის მერის ფეისბუქგვერდზე.

შესწორება: თავდაპირველად ითქვა, რომ რადგან მიმდინარე წლის 28 აპრილი ემთხვევა აღდგომის დღესასწაულს, წელს „ბათუმობა“ გაიმართებოდა მაისის დასაწყისში, თუმცა მალევე საკრებულოში გვითხრეს, რომ „ბათუმობა“ გაიმართება 28 აპრილს.

______

მთავარ ფოტოზე: „ბათუმობა“ 2018. ფოტო ბათუმელების არქივიდან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: