მთავარი,სიახლეები

კაზინო „ინტურისტის“ 180 თანამშრომელი კვლავ კუთვნილ ხელფასს ითხოვს

30.01.2019 • 1402
კაზინო „ინტურისტის“ 180 თანამშრომელი კვლავ კუთვნილ ხელფასს ითხოვს

დღეს, 30 იანვარს, კაზინო „ინტურისტის“ ყოფილმა თანამშრომლებმა აქცია გამართეს და კიდევ ერთხელ მოითხოვეს კუთვნილი ანაზღაურება. ისინი გამომუშავებული ხელფასის და სამსახურის გარეშე იანვრის დასაწყისში დარჩნენ, მას შემდეგ, რაც კაზინო დაიხურა.

აქციის მონაწილეები ახალ ბულვარში, „მეტრო სითის“ მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ, სადაც „მეტროს“ ოფისი მდებარეობს. მათი თქმით, ისინი პასუხს კითხვაზე – როდის მიიღებენ ხელფასს, „მეტროსგან“ ელიან, რომელიც კაზინოს მფლობელია.

„თვენახევრის ხელფასი გვაქვს ასაღები, არც არაფერს გვეუბნებიან რა იქნება. ოფიციალურად ვინმე გამოვიდეს და რამე გვითხრას. არ აგვიღია ნოემბრის თვის ხელფასის ნაწილი და დეკემბრის ხელფასი. 180 ადამიანი ვართ ასე,“ – გვითხრა აქციის მონაწილე ნანი ახალაძემ.

„ვითხოვთ ჩვენს კუთვნილ ხელფასს. დაგვიქირავა პიროვნებამ, რომელმაც დატოვა საქართველო, თურქეთის მოქალაქეა. არც წინასწარ გავუფრთხილებივართ, რომ სამსახური უნდა დაგვეტოვებინა. გაქცეულიაო – ამბობენ. ერთი თვეა გვატყუებენ, ხან დარაჯი გველაპარაკება, ხან საწყობის – უფროსი, არაფერი არ ვიცით,“ – ამბობს ირაკლი ბერიძე, კაზინოს ყოფილი თანამშრომელი.

როგორც კომპანია „მეტროში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, „კაზინო ლიბერთი“, რომელსაც „მეტროსგან“ ორწლიანი იჯარით ჰქონდა აღებული შენობა, დაფარავს არსებულ სახელფასო დავალიანებას, მაგრამ ზუსტ თარიღს, თუ როდის მიიღებენ ხელფასს კაზინოს თანამშრომლები, ვერ ასახელებენ.

გადაბეჭდვის წესი