განათლება,მთავარი,სიახლეები

„ჭორი მეგონა ჯერ, სახტად დავრჩი“, – რეპეტიტორები საატესტატო გამოცდების გაუქმებაზე

31.01.2019 • 5497
„ჭორი მეგონა ჯერ, სახტად დავრჩი“, – რეპეტიტორები საატესტატო გამოცდების გაუქმებაზე

„გახარებული დამხვდნენ ბავშვები – რომ გვეუბნებოდით, ისწავლეთ, თორემ გამოცდაზე გაგიჭირდებათო, აღარ გვჭირდება, ბატონოო… დღესაც მქონდა გაკვეთილი მეთერთმეტეში და გამიკვირდა: მომზადებული დამხვდნენ. იცით, როგორ არის, მგონი, ინერციით მივდივართ. მეთერთმეტეში უხარიათ, რომ რაღაც შეძლეს და ისწავლეს. მეათე კლასში უფრო გახარებული არიან. მათ უკვე აღარ უნდოდათ წიგნის გადაშლა,“ – ამას ბათუმის მე-14 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი, ნუკრი კობახიძე გვიყვება. ის ერთ-ერთი პედაგოგია მათ შორის, რომელიც განათლების სამინისტროს ახალი გადაწყვეტილების შემდეგ სკოლის მოსწავლეებს ვეღარ მოამზადებს – ქიმიაში გამოცდა აღარ იქნება.

ქიმიის გარდა მოსწავლეები გამოცდებს არც გეოგრაფიაში, ფიზიკასა და ბიოლოგიაში ჩააბარებენ. ამ საგნებში გამოცდა მეთერთმეტე კლასის დასრულების დროს ტარდებოდა. საატესტატო გამოცდის დანარჩენ ოთხ საგანს – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა, მათემატიკა და ისტორია – მოსწავლეები მეთორმეტე კლასში აბარებდნენ.  მოსწავლეებს მომავალი წლიდან არც ეს გამოცდები ექნებათ, თუმცა უმაღლესში მოსახვედრად მათ ამ საგნებში ცოდნას შეუმოწმებენ.

რას ფიქრობენ განათლების სამინისტროს ახალ გადაწყვეტილებაზე ის პედაგოგები, რომლებიც რეპეტიტორობდნენ და ეს მათი შემოსავლის ძირითადი წყარო იყო? – „ბათუმელებმა“ ეს კითხვა იმ პედაგოგებს დაუსვა, რომელთა საგნების ჩაბარება მოსწავლეებს აღარ მოუწევთ. რეპეტიტორებიდან მხოლოდ ზოგიერთი ამბობს იმას, რომ დაზარალდა, როცა შუა სასწავლო წელში კერძო გაკვეთილების გარეშე დარჩა. პედაგოგებს აქვთ საერთო აზრი – „რეფორმა მოულოდნელი იყო, დაუგეგმავი, გაუგებარი…“

„გამოცდით მინიმალური კომპეტენცია მაინც დგინდებოდა და არ წარმოადგენდა ეს დიდ სირთულეს. ვფიქრობ, რაღაც ფორმით უნდა არსებობდეს გამოცდა. რაც შეეხება მოსწავლეებს, რომლებსაც ცალკე ვამზადებდი, ისინი მიდიან, თუმცა არიან გამონაკლისები: მაინც მინდა ვიმეცადინო, ვიცი, დამჭირდებაო. ახლაც წინ მიზის ერთი მოსწავლე, ცოტა ხნით მაინც ვივლი ისევო.

ჩემი აზრით, პრობლემის მოგვარება უნდა დაწყებულიყო მასწავლებელთა გადამზადებით და დატრენინგებით. მასწავლებელი თუ არ მომზადდა, მოსწავლე ყოველთვის ივლის რეპეტიტორთან,“ – მიიჩნევს ნუკრი კობახიძე, ქიმიის მასწავლებელი.

„ეს იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ფეისბუქზე რომ დაიდო, ვიფიქრე, მორიგი ჭორია-მეთქი, მერე დადასტურდა და სახტად დავრჩი“, – გვიზიარებს თავის რეაქცია განათლების მინისტრის ახალ ბრძანებაზე მეხუთე საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი, ქეთევან ბასილაძე. იგი მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება ბევრი სხვა რეპეტიტორისთვისაც იქნება ფინანსური ზარალის მომტანი.

„მე უფრო ვმუშაობდი მათემატიკასა და ზოგად უნარებზეც. სამომავლოდ ჩემზეც აისახება. შუა წელში ამის გაკეთება ძალიან ნაჩქარევია,“ – მიიჩნევს ის. ქეთევან ბასილაძის აზრით, ამ გადაწყვეტილებით საბუნებისმეტყველო მეცნიერებები დაიჩაგრება და განათლების სამინისტროს პედაგოგთა გამოკითხვის და საკითხის გააზრების შემდეგ უნდა მიეღო გადაწყვეტილება.

კერძო მოსწავლეების წასვლას არ დარდობს ერგეს საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი, ნანა ვარდმანიძე. ის ელის, რომ ამ პროცესით სკოლის მიმართ ნდობა გაჩნდება და რეპეტიტორები აღარ იქნება საჭირო.

„საატესტატო გამოცდებს არ ვთვლიდი მე გამართლებულად. იყო მოსწავლე, რომლის ცოდნის დონეც იყო სუსტი, იქ არ ვიცი, როგორ რა და იგივე შედეგს იღებდა, როგორც ის მოსწავლე, რომელიც მთელი წლის განმავლობაში საგანს სწავლობდა. მე ვთვლი, რომ სკოლებმა უნდა აიღონ რაღაც პასუხისმგებლობა და გამოცდები ჩაატარონ მიზნობრივად, რაც შესაბამისობაში იქნება ეროვნულ სასწავლო გეგმასთან. თუ სკოლას უნდა, რომ იყოს კონკურენტუნარიანი, ის ჩაატარებს ობიექტურ გამოცდას. იყო დრო, საერთოდ არ იყო გამოცდები და მე ჩემს საგანში ვატარებდი გამოცდას.

შესაძლოა, დავზარალდი იმით, რომ რეპეტიტორი ვეღარ ვიქნები ისე აქტიურად, მაგრამ ამაზე ლაპარაკი არ მინდა. თუ საერთო საქმეს სჭირდება, არაა პრობლემა. მე მაღელვებს ის, რომ დაკნინება ხდება საბუნებისმეტყველო საგნების. მაგალითად, სამედიცინოზე ვინც აბარებს, მან ბიოლოგია და ქიმია უნდა ჩააბაროს, წესით,“ – გვითხრა ნანა ვარდმანიძემ.

„არაფრის მომცემი იყო ეს გამოცდა. საქართველოს და მსოფლიო რუკების ცოდნა სრულიად საკმარისი იყო იმისთვის, რომ მოსწავლეს გამოცდა ჩაებარებინა. მოსწავლეს გარტყმის პრინციპითაც შეეძლო გადაელახა ბარიერი,“ – აღნიშნავს მეხუთე საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი, მერი ქათამაძე. ის აბიტურიენტებს ამზადებს გეოგრაფიაში და აქვს მოლოდინი, რომ კონკრეტული უმაღლესი სასწავლებლები, მაგალითად, საზღვაო აკადემია, ან უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტი დამატებით საგნად მიუთითებენ გეოგრაფიას და რეპეტიტორობის გარეშე მაინც არ დარჩება.

„თუკი არ დარჩება, არც მაგაზე მოვიკლავ თავს. ეს იყო ჩემთვის დამატებითი შემოსავალი. არ მყოლია იმდენი მოსწავლე, რომ ვაიმე, დამექცა თავზე ზეცა-მეთქი, ასე არ არის,“ – დასძინა მან.

გეოგრაფიის კიდევ ერთი რეპეტიტორი და „მასტერ კლასის“ პედაგოგი მიშა ჟორჟოლიანი პირდაპირ ამბობს, რომ ფინანსურად დაზარალდა:

„ისეთი ცხოვრებაა, ყველას აქვს თავისი თითოეული თეთრი გათვლილი, მასწავლებელს მით უმეტეს. მნიშვნელობა არ აქვს, ვისი ვალი ჰქონდა რეპეტიტორს – ბანკის თუ მეზობლის. შუა სასწავლო წელში ამის უცაბედად გაკეთება, კვანტის გამოკვრას ჰგავდა მასწავლებლისთვის. ხომ შეიძლებოდა წლის დასაწყისში ამის დაანონსება. მასწავლებლებს სექტემბრიდან დაწყებული გაანგარიშებული აქვთ თავიანთი სამომხმარებლო კალათა.

ჩემი აზრით, პირველ რიგში, ზარალდება ბავშვი, სახელმწიფო და შემდეგ მასწავლებელი. კარგი იქნებოდა, თუკი გაირკვეოდა, საერთოდ რა კონცეფციასთან გვაქვს საქმე, გაშალაშინდებოდა იდეა და მერე მიეღოთ გადაწყვეტილება. ახლა ამის დრო არ იყო ნამდვილად,“ – მიიჩნევს მიშა ჟორჟოლიანი.

რადიკალური პოზიცია აქვს ფილოსოფოს ლალი ანთიძეს. იგი ბათუმში ზოგადი უნარების ერთ-ერთი ცნობილი მასწავლებელია. მან საუბრის დასაწყისშივე გვითხრა, რომ მისი პოზიცია შესაძლოა მიკერძოებულად აღიქვან, რადგან გამოცდა ზოგად უნარებშიც უქმდება. ლალი ანთიძეს რამდენიმე მიმართულებით აქვს კითხვა განათლების სამინისტროსთან:

„ახალი არაფერია ამაში, რასაც განათლების სამინისტრო გვთავაზობს, ეს არის გუშინდელი დღე… მე სისტემატურად ვეცნობი ყველა მასალას, რაც გამოცდების ბოლოდროინდელ პროცესს უკავშირდება. ვერ ვნახე ვერსად, რა კონცეფციას ეფუძნება ეს რეფორმა, რა კონკრეტული ღონისძიებებით ვაპირებთ ჩვენ, მაგალითად, სკოლის გაძლიერებას? ეს უპასუხო კითხვები ძალიან საეჭვოს ხდის რეფორმის იდეას…

მე მგონია, რომ ძლივს დავძლიეთ ის პერიოდი, როცა ცოდნის მიღება არავის აინტერესებდა სკოლაში. ახლა კი ისევ რუსულ მოდელზე ვბრუნდებით, სადაც ზოგად უნარებზეც უარი თქვეს. ჩვენ გვინახავს და ვიცით, რას აკეთებდა სკოლა, როცა არ იყო საატესტატო გამცოდები. პირდაპირ კორუფციის საფრთხე არსებობს, როცა მასწავლებლის ნიშანზეა დამოკიდებული ატესტატის აღება. მასწავლებლების დიდი უმრავლესობა საგნობრივ გამოცდას ვერ აბარებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ფული, რაც აქამდე იხარჯებოდა რეპეტიტორებთან ცოდნის მიღებაში, ახლა დაიხარჯება ნიშნის მისაღებად პედაგოგებისთვის საჩუქრებში, დამრიგებლისთვის ბრილიანტის ბეჭდის ჩუქებაში და ასე შემდეგ.

რაც შეეხება ზოგად უნარებს – ეს არის ყველა საგნის სწავლების შემდეგ ადამიანში განვითარებული რაციონალური უნარები, რომ მან აზრობრივი ოპერაციები წარმართოს სწორად. აქამდე უნარების შედეგზე იყო დამოკიდებული გრანტის მიღება. ახლა გრანტის მიღება ძირითად საგნებზე იქნება დამოკიდებული, ანუ ქართულსა და უცხო ენებზე. უცხო ენებში სოფლის სკოლების მოსწავლეები საშუალოდ 35 ქულას იღებდნენ, ქალაქის სკოლების მოსწავლეები – 60. გამოდის, რომ სახელმწიფო უთანასწორო პირობებში აყენებს ქალაქის და სოფლის სკოლის მოსწავლეებს – მასწავლებელთან მომზადების გარეშეც სოფლის სკოლის მოსწავლეს შეეძლო წარმატებით ჩაებარებინა ზოგადი უნარების გამოცდა, რადგან ეს არაა საგანი, ინგლისურისგან განსხვავებით.

ჩემი აზრით, ყველაზე ლოგიკური იქნებოდა ბოლომდე მიეყვანათ “8+1“ რეფორმის პროცესი, საატესტატო გამოცდები დაეტოვებინათ და ეროვნულები მოეხსნათ.

სისტემა უნდა მუშაობდეს და იგი არ უნდა იყოს ბატიაშვილზე, ან პაპიაშვილზე დამოკიდებული, თორემ განათლების სისტემაში დაშვებული შეცდომა 12 წლის შემდეგ დაგვანახებს შედეგს“.

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: