განათლება,მთავარი,სიახლეები

გამოკითხულთა 73% ფიქრობს, რომ რეპეტიტორი აუცილებელია ეროვნული გამოცდების ჩაბარებისთვის

28.01.2019 • 2375
გამოკითხულთა 73% ფიქრობს, რომ რეპეტიტორი აუცილებელია ეროვნული გამოცდების ჩაბარებისთვის

რამდენად კარგად ან ცუდად ართმევს თავს მთავრობა მოქალაქეებისთვის მაღალი ხარისხის განათლების მიწოდებას? – 2018 წლის დეკემბერში, NDI-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის ფარგლებში ამ შეკითხვაზე გამოკითხული რესპონდენტების 27-მა პროცენტმა უპასუხა, რომ მთავრობა ამ საკითხს ცუდად ართმევს თავს, 7 პროცენტი ფიქრობს, რომ ძალიან ცუდად, 47 პროცენტი კი მიიჩნევს, რომ – კარგად.

კვლევა – „საზოგადოების განწყობა საქართველოში“ შეეხო ბევრ საკითხს, მათ შორის განათლებას, პედაგოგების კვალიფიკაციას და დასაქმებას.

კითხვაზე – ეთანხმებით თუ არა, რომ კერძო მასწავლებელი (რეპეტიტორი) აუცილებელია? რესპონდენტების 73 პროცენტი პასუხობს, რომ რეპეტიტორი აუცილებელია ეროვნული გამოცდების ჩაბარებისთვის, 55 პროცენტი რეპეტიტორის საჭიროებას ხედავს საატესტატო გამოცდების ჩაბარებისთვის, ხოლო 47 პროცენტი ამბობს, რომ კერძო მასწავლებელი საჭიროა სკოლაში კარგად სწავლისთვის.

NDI-ის 2018 წლის დეკემბრის კვლევა.

იმ გამოკითხულ პირთა 45 პროცენტი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ კერძო მასწავლებელი საჭიროა ეროვნული გამოცდების ჩაბარებისთვის, კითხვაზე – როგორ შეაფასებთ საჯარო სკოლების მასწავლებლების პროფესიონალიზმს? –  მასწავლებლების კვალიფიკაციას დადებითად აფასებს, 42 პროცენტი – საშუალოდ, ხოლო 9 პროცენტი – ცუდად.

მათგან, ვინც კერძო მასწავლებლის საჭიროებას ხედავს საატესტატო გამოცდების ჩასაბარებლად, 41 პროცენტი მასწავლებლის კვალიფიკაციას აფასებს „კარგად“, 42 პროცენტი – საშუალოდ, 9 პროცენტი კი – უარყოფითად.

იმ გამოკითხულთაგან 10 პროცენტი, ვინც კერძო მასწავლებლის საჭიროებას ხედავს იმაში, რომ მოსწავლემ კარგად ისწავლოს სკოლაში, საჯარო სკოლის მასწავლებლის კვალიფიკაციას უარყოფითად აფასებს, საშუალოდ – 46 პროცენტი და დადებითად – 40 პროცენტი.

ამავე კვლევის მიხედვით,  საქართველოში კარგი სამსახურის შოვნა შესაძლებელია ნაცნობობით,  მეორე ადგილზეა პროფესიონალიზმი და სამუშაო გამოცდილება, მესამეზე კი  – უცხოეთში მიღებული განათლება.

კვლევამ, ასევე, აჩვენა გამოკითხულ მოქალაქეთა ცოდნის დონე და ხარისხი უცხოურ ენებში.

კვლევაში მონაწილე პირების 45 პროცენტი ამბობს, რომ რუსულ ენას საშუალო დონეზე ფლობს. რუსულ ენაში არ აქვს საწყისი ცოდნა გამოკითხულთა 12 პროცენტს.

ინგლისურ ენას გამოკითხულთა 15 პროცენტი საშუალოდ ფლობს, 60 პროცენტი ამბობს, რომ არ აქვს საწყისი ცოდნა.

თურქულ ენას საშუალო დონეზე ფლობს გამოკითხულ პირთა 7 პროცენტი, საწყისი ცოდნა არ აქვს 82 პროცენტს.

რაც შეეხება არაქართულენოვან ინტერვიუებს, გამოკითხული პირების 16 პროცენტი ამბობს, რომ ქართული ენა საშუალო დონეზე იცის, 60 პროცენტი კი ამბობს, რომ არ გააჩნია საწყისი ცოდნა.

საჯარო სკოლის მასწავლებელთა კვალიფიკაციის შეფასება NDI-ის 2018 წლის დეკემბრის კვლევის მიხედვით.

ყველა ინტერვიუ ჩაწერილია პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, 18+ ასაკის მოსახლეობასთან.

______________________

მთავარი ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: