მთავარი,სიახლეები

ლეოგრანდში ხანძრისას დაღუპულის ოჯახმა „სამშობიარო სახლს“ სასამართლო დავა მოუგო

28.01.2019 • 6438
ლეოგრანდში ხანძრისას დაღუპულის ოჯახმა „სამშობიარო სახლს“ სასამართლო დავა მოუგო

დათო ქამადაძე ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, ვინც 2017 წლის 24 ნოემბრის საღამოს სასტუმრო „ლეო გრანდში“ გაჩენილი ხანძრის დროს დაიღუპა. დათო ქამადაძე ბათუმის სამშობიარო სახლში ფინანსურ მენეჯერად მუშაობდა და 4 თვის ხელფასი ჰქონდა ასაღები. გარდაცვლილის მეუღლემ სასამართლოს მიმართა და შპს „ბათუმის სამშობიარო სახლისთვის“ ხელფასის დაკისრება მოითხოვა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ სარჩელი სრულად დააკმაყოფილა, თუმცა აღსრულება სავარაუდოდ პრობლემური იქნება – „ბათუმის სამშობიარო სახლი“ ფაქტობრივად  მას შემდეგ არ არსებობს, რაც რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სამშობიარო სახლში სხვა ორგანიზაცია შევიდა და მრავალპროფილური კლინიკა გახსნა.

დათო ქამადაძეს მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მისმა მეუღლემ, როგორც უფლებამონაცვლემ, მას შემდეგ მიმართა, რაც „ბათუმის სამშობიარო სახლმა“ ოთხი თვის და 24 დღის ხელფასის ანაზღაურებაზე უარი უთხრა. დათო ქამადაძესთან ერთად სასამართლოში სულხან აბულაძეც დავობს. იგი ამ დაწესებულებაში ბუღალტრად მუშაობდა.

„არც მე და არც დათოს ოჯახი კომენტარს არ გააკეთებს. შეგიძლიათ ნახოთ სასამართლოს გადაწყვეტილება,“ – გვითხრა სულხან აბულაძემ.

მოსამართლე სალიხ შაინიძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მხარეებს ჯერ არ ჩაჰბარებიათ.

„ბათუმი სამშობიარო სახლის“ მხრიდან არაკეთილსინდისიერ მიდგომას ჰქონდა ადგილი. ამ ადამიანებთან შრომითი ურთიერთობა შეწყვეტილი არ ყოფილა. მოპასუხე პროცესებზე ამბობდა იმას, რომ რეალურად აღარ ვფუნქციონირებდითო. თუ საქმე არაფერი იყო, მაშინ ისინი სამსახურიდან უნდა გაეშვათ და მათთვის კანონით გათვალისწინებული 2-2 თვის გასამრჯელოც მიეცათ. ამას აარიდა თავი რეალურად სამშობიარო სახლმა. მათი დასაბუთება სამართლებრივ ხარვეზს შეიცავდა და ეს გაითვალისწინა სასამართლომ,“ – გვითხრა ნინო სიორიძემ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტმა. ეს ორგანიზაცია სასამართლოში მოსარჩელეების ინტერესებს იცავდა.

შპს „ბათუმის სამშობიარო სახლში“ ცვლილებები 2017 წლის ივნისში მოხდა. მაშინ ამ ორგანიზაციამ თავისი ქონება იჯარით „ბათუმის მრავალპროფილიან სამშობიარო სახლს“ გადასცა. ამ პროცესის პარალელურად ერთი ორგანიზაციიდან მეორეში გადავიდა თანამშრომელთა უმრავლესობაც დავით ქამადაძისა და სულხან აბულაძის გარდა.

„ბათუმის მრავალპროფილიან სამშობიარო სახლს არ სურდა სულხან აბულაძის დასაქმება კონკრეტული მიზეზების გამო. რაც შეეხება დავით ქამადაძეს, მას ორგანიზაცია სთავაზობდა სხვადასხვა პოზიციას, მაგრამ მას პრინციპულად ფინანსური მენეჯერობა სურდა,“ – განმარტავს სიმონ ასათიანი. იგი სასამართლოში შპს „ბათუმის სამშობიარო სახლის“ ინტერესებს იცავდა.

რატომ არ შეაჩერა ან შეწყვიტა შრომითი ურთიერთობა დამსაქმებელმა დავით ქამადაძესთან? – „ეს დირექციის გადასაწყვეტი იყო, ვისთან შეწყვეტდა და ვისთან არა ხელშეკრულებას,“ – გვიპასუხა ადვოკატმა.

იურისტი სიმონ ასათიანი ფიქრობს, რომ სასამართლოს ამ გადაწყვეტილების აღსრულება პრობლემური იქნება, რადგან საქმე სამედიცინო დაწესებულებას ეხება, ხოლო ქონება სამედიცინო აპარატურაა, რომელზეც შეიძლება ადამიანის სიცოცხლე იყოს დამოკიდებული.

„აღსრულების დროს „ბათუმის სამშობიარო სახლს“ ექნება თავისი პოზიცია. საიდან მოხდება ეს აღსრულება და რა მეთოდებით, არ ვიცი. ეს არის სამედიცინო დაწესებულება და თითოეული ღირებული ნივთი შეიძლება ვიღაცის სიცოცხლის გადამრჩენელი იყოს. ამიტომ, აღმასრულებელი მოვიდეს, ვიღაცას სასუნთქი აპარატი გამოურთოს და წაიღოს, არ გამოვა. ეს სხვა პასუხისმგებლობის საქმეა. ახლა აუდიტი ამოწმებს სამშობიარო სახლს. თუ მოეხსნება საშემოსავლო სამსახურის მიერ დადებული ინკასო „ბათუმის სამშობიარო სახლს“ და გაჩნდება რესურსი, გადაიხდიან მაშინ ამ ხელფასს,“ – გვითხრა სიმონ ასათიანმა.

დათო ქამადაძის ოჯახისთვის „ბათუმის სამშობიარო სახლს“ დაახლოებით 25 ათასი ლარი აქვს გადასახდელი. სასამართლომ დამსაქმებელს ხელფასის გარდა ანაზღაურება თითოეული ვადაგადაცილებული დღისთვისაც დააკისრა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: