მთავარი,სიახლეები

ჰაერის ხარისხი ბათუმში – მყარი ნაწილაკების შემცველობის მაჩვენებელი გაუარესებულია

27.01.2019 • 2681
ჰაერის ხარისხი ბათუმში – მყარი ნაწილაკების შემცველობის მაჩვენებელი გაუარესებულია

ბათუმში, 2019 წლის 27 იანვრის მდგომარეობით, ატმოსფერული ჰაერის ხარისხი აბუსერიძის ქუჩაზე განთავსებული სპეციალური სადგურის მონაცემებით, წინა დღეებთან შედარებით გაუარესებულია მყარი ნაწილაკების [PM10 და PM2,5] შემცველობის მხრივ. ამ ნაწილაკების შემცველობა ჰაერში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით დღეს, 17 საათისთვის იყო ძალიან ცუდი და ცუდი.

ბათუმში ჰაერის ხარისხის გასაკონტროლებლად განთავსებულია რამდენიმე სადგური, რომელთაგან ერთზე [აბუსერიძის ქუჩა] ჰაერის დამბინძურებლებზე დაკვირვება მიმდინარეობს საათობრივად, ხოლო დანარჩენ 5 სადგურზე – გარკვეული პერიოდულობით.

საათობრივი დაკვირვების სადგურის მონაცემებით, 27 იანვარს, თუ არ ჩავთვლით ზემოთ ნახსენებ მყარ ნაწილაკებს, სხვა დამაბინძურებლების შემცველობა ჰაერში არის კარგი [აზოტის დიოქსიდი] და ძალიან კარგი [ოზონი, გოგირდის დიოქსიდი, ნახშირბადის მონოქსიდი].

ბათუმში ხუთი სადგური, სადაც პერიოდულად ხდება ჰაერის დამაბინძურებლებზე დაკვირვება, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, განთავსებულია რუსთაველის ქუჩაზე [დრამატულ თეატრთან], ანგისის პოლიციის შენობასთან, ლ. ასათიანის ქუჩაზე [ყინულის სახლთან], მაიაკოვსკის ქუჩაზე [ტერმინალის ცენტრალურ შესასვლელთან] და ფერიის მთაზე [საბაგიროს სადგურთან].

ამ სადგურებიდან ბოლო მონაცემები მიღებულია 2018 წლის ნოემბერში. ამ დროისთვის კი, ჩამოთვლილი სადგურებიდან პირველ ოთხ ადგილზე დამაკმაყოფილებელი იყო აზოტის დიოქსიდის შემცველობა ჰაერში, ხოლო ტერმინალთან ბენზოლის შემცველობაც. ყველაზე სუფთა კი ჰაერი ფერიის მთაზე დაფიქსირდა.

რაც შეეხება ტყვიის შემცველობას ჰაერში.

სამინისტროს ინფორმაციით „დედაქალაქის ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის მონიტორინგი ყოველთვის მიმდინარეობდა და ეს მაჩვენებელი სულ მცირე ბოლო ათი წლის მანძილზე არ აჭარბებს ევროპულ ზღვრულ მნიშვნელობას. მეტიც, ჩატარებული კვლელვების მიხედვით, ტყვიის კონცენტრაცია ატმოსფერულ ჰაერში ყოველწლიურად კლებულობს და დადგენილ ნორმასთან შედარებით ძალიან მცირეა. ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის მონიტორინგი 2014 წლიდან ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავშიც მიმდინარეობს.“

სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული [ბათუმში განლაგებული დაკვირვების სადგურების] მონაცემებით, ჰაერის ტყვიით დაბინძურება ბათუმში არ ფიქსირდება.

ჰაერის ხარისხი ბათუმში / წყარო: გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: