მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

რატომ ვერ დასრულდა სარფის საჯარო სკოლის მშენებლობა, რისთვისაც 1,7 მილიონია გადახდილი

27.01.2019 • 3693
რატომ ვერ დასრულდა სარფის საჯარო სკოლის მშენებლობა, რისთვისაც 1,7 მილიონია გადახდილი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში საჯარო სკოლის მშენებლობა, რომელიც 2017 წელს დაიწყო, სამი თვის წინ უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამშენებლო სამუშაოები დღემდე გრძელდება. სარფის საჯარო სკოლის მოსწავლეები კი მშენებლობის დაწყებიდან დღემდე გონიოს საჯარო სკოლაში, მეორე ცვლაში სწავლობენ.

სკოლის მშენებლობას ზედამხედველობს შპს „აჭარკაპმშენი“, რისთვისაც სამინისტროს მასთან 7500 ლარზე აქვს ხელშეკრულება გაფორმებული. კომპანიის დირექტორის, გია კახიანის ინფორმაციით: „უშუალოდ პროექტში რაიმე ცვლილება არ შესულა. კომპანიამ თავად გააგრძელა სამუშაოების დასრულების ვადა, ალბათ რამე პრობლემა ჰქონდა… დღეის მდგომარეობით მშენებლობა უკვე დასრულების ფაზაშია“.

სარფის საჯარო სკოლის ახალი შენობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია სწორედ „აჭარკაპმშენმა“ მოამზადა, რისთვისაც აჭარის განათლების სამინისტრომ მას 8744 ლარი გადაუხადა.

სარფის საჯარო სკოლის დირექტორის, ირმა მგელაძის ინფორმაციით, მშენებლობის დროს „იყო გარკვეული პრობლემები, ძირითადად უამინდობა“, რის გამოც სამშენებლო პროცესი გახანგრძლივდა.

თუმცა, სატენდერო პირობის თანახმად, ვადის ცვლილების [გაზრდის] საფუძველს არ წარმოადგენს თოვლი, წვიმა და სხვა მსგავსი მეტეოროლოგიური მოვლენები, ასევე, ობიექტის მიმდებარედ მიმდინარე სხვა სამუშაოები [3 თვე ზამთრის პერიოდი იმ 15-თვიან პერიოდში იყო გათვალისწინებული, რა პერიოდშიც სკოლის მშენებლობა უნდა დასრულებულიყო].

„მშენებლობა თითქმის დასრულებულია. მცირე სამუშაოებია დარჩენილი. ალბათ, თებერვლის ბოლომდე ესეც დასრულდება, შემდეგ დალაგებას დასჭირდება გარკვეული დრო და იმედი მაქვს, მარტის თვიდან ახალ შენობაში სასწავლო პროცესი დაიწყება,“ – გვითხრა ირმა მგელაძემ.

სარფის საჯარო სკოლაში, სარფიდან და კვარიათიდან, სულ 138 მოსწავლე ირიცხება. სკოლის დირექტორის თქმით, გონიოში არც გადაადგილების და არც სასწავლო პროცესის ჩატარების მხრივ, პრობლემები არ ექმნებათ.

სარფის საჯარო სკოლის მშენებლობაზე ტენდერი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2017 წლის აპრილში გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 მილიონ 871 ათას 477 ლარი იყო.

ტენდერში 6 კომპანია მონაწილეობდა. ხელშეკრულება კი სამინისტრომ შპს „დამბასთან“ 1 მილიონ 759 ათას ლარზე 2017 წლის 12 ივლისს გააფორმა. სკოლის მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 თვეში [2018 წლის ოქტომბერში] უნდა დასრულებულიყო.

ამ ხელშეკრულებაში, დოკუმენტების მიხედვით, ცვლილება 6-ჯერ შევიდა. ექვსივე შემთხვევაში სამინისტროსა და კომპანიას შორის შეთანხმებაში აღნიშნულია, რომ მიწოდების [ანუ შენობის დასრულების] ვადა – 2018 წლის 12 ოქტომბერი – რჩებოდა უცვლელი.

ბოლო შეთანხმებით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა გახანგრძლივდა და 2018 წლის 31 დეკემბრის ნაცვლად, 2019 წლის პირველი მარტით განისაზღვრა.

მშენებელი კომპანიისთვის, შესყიდვების გვერდზე ატვირთული დოკუმენტების მიხედვით, ხელშეკრულების თანხა: 1 759 000 ლარი მთლიანად [1 758 998.79 ლარი, ანუ 100%-ით] არის გადარიცხული აჭარის ბიუჯეტიდან. აქედან 297 600 ლარი კომპანიას გასული წლის დეკემბერში ავანსად გადაურიცხეს.

„ბათუმელების“ ზარს, შპს „დამბას“ მიერ შესყიდვების გვერდზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე არავინ უპასუხა.

სარფის საჯარო სკოლის ახალი შენობა / 26.01.2019

სარფის საჯარო სკოლის ახალი შენობა [მარცხნივ]/ 26.01.2019

მთავარი ფოტო: სარფის საჯარო სკოლის კაფსულის ჩაგდება / აჭარის მთავრობის ფოტო არქივიდან

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: