ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

შუახევში გოგინაური ჰესის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება

27.01.2019 • 3812
შუახევში გოგინაური ჰესის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება

2019 წლის 26 თებერვალს შუახევში, გოგინაური ჰესის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება. მდინარე მოდულისწყალზე 4,72 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური [გოგინაური ჰესი] უნდა აშენდეს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გოგინაური ჰესის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის განცხადება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე სამინისტროში შპს „ალტერ ენერჯიმ“ წარადგინა.

„აღნიშნული პროექტის გარემოსდაცვით გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგინაურსა და სოფელ მაწყვალთას ადმინისტრავიული ერთეულების შენობებში გაიმართება საჯარო განხილვა.

საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე, შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.

პროექტის დოკუმენტაციასთან დაკავშირებული  შენიშვნები და მოსაზრებები, ასევე, შეგიძლიათ წარუდგინოთ სამინისტროს არაუგვიანეს 2019 წლის 15 მარტის ჩათვლით,“ – აცხადებს სამინისტრო.

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:

[checklist]

  • 2019 წლის 26 თებერვალი, 12:00 საათი, სოფელ მაწყვალთას ადმინისტრაციული ერთეულის შენობა.
  • 2019 წლის 26 თებერვალი, 15:00 საათი, სოფელ გოგინაურის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა.

[/checklist]

გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ)ანგარიშის მიხედვით:

  • „გოგინაური ჰესის პროექტის განხორციელება იგეგმება შუახევის მუნიციპალიტეტში. ჰიდროტექნიკური ნაგებობები მოეწყობა მდინარე
    მოდულისწყალზე, რომელიც სათავეს შავშეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე იღებს (2700 მ-ზე ზ.დ.), ხევას მთის ჩრდილო-დასავლეთით და მდ. ჩირუხისწყალს მარცხნიდან უერთდება.
  • ჰესის სათავე წყალმიმღები კვანძის და მცირე ზომის შეგუბების მოსაწყობად შერჩეულია მდინარის კვეთი ზღვის დონიდან დაახლოებით 950 მ ნიშნულზე. სათავე ნაგებობის განთავსების ტერიტორიიდან უახლოესი საცხოვრებელი სახლები (სოფლები კარაპეტი და კვიახიძეები) მდებარეობს აღმოსავლეთით და დასავლეთით, 510-665 მ მანძილის დაშორებით (პირდაპირი მანძილი).
  • სადაწნეო სადერივაციო მილსადენის საპროექტო ტრასა განლაგდება მდ. მოდულისწყლის ხეობაში მდ. ჩირუხისწყლის შესართავამდე, მონაცვლეობით მარჯვენა და მარცხენა ტერასებზე, ხოლო შემდგომ (ბოლო მონაკვეთი), ჰესის შენობამდე, მდ. ჩირუხისწყლის ხეობის მარცხენა ტერასაზე. დაახლოებით შუა მონაკვეთზე მილსადენი ახლოს გადის საცხოვრებელ სახლებთან. დაცილების უმოკლესი მანძილი – 60 მ. თუმცა მილსადენის დერეფანი გადის საცხოვრებელ სახლებთან შედარებით დაბალ ნიშნულებზე.
  • ჰესის შენობა და გამყვანი არხი საპროექტო გადაწყვეტილების მიხედვით განლაგდება მდ.ჩირუხისწყლის ხეობის მარცხენა ფერდის მიმდებარედ, ჭალისზედა პირველ ტერასაზე. პირდაპირი დაცილების მანძილი უახლოეს საცხოვრებელ სახლამდე (სოფ. გოგინაური) 705 მ-ია“.

გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიში სრულად იხილეთ ამ ბმულზე:

გოგინაური ჰესის განთავსების ტერიტორიის სიტუაციური სქემა / წყარო: გზშ-ის დოკუმენტი

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: