მთავარი,სიახლეები

ვინ და რატომ იცავს ბათუმს

26.01.2019 • 4830
ვინ და რატომ იცავს ბათუმს

ათი წლის წინ, როცა ბათუმის ძველ ქუჩებში საუკუნის წინ აგებული, ორ-სამსართულიანი შენობების ნგრევა და მათ ადგილას მრავალსართულიანი კორპუსების ჩადგმა გადაწყდა, რამდენიმე ბათუმელმა ხმამაღლა დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ქალაქის კულტურული მემკვიდრეობა იშლებოდა და ბათუმი საკუთარ თავს კარგავდა.

ბოლო წლებში ბათუმში ამ ჯგუფის ხმა კიდევ უფრო გაძლიერდა, რამდენიმე ადამიანის ნაცვლად ძველი ბათუმის დაცვის აუცილებლობაზე სულ უფრო მეტი ადამიანი საუბრობს. ისინი მართავენ აქციებს, ხვდებიან ხელისუფლებას და ბიზნესმენებს, საუბრობენ მედიასთან.

წლებია მათი მთავარი მოთხოვნა ბათუმის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და შენარჩუნებაა. ეს მოთხოვნა ხშირად მოდის წინააღმდეგობაში ხელისუფლების და ბიზნესის ინტერესებთან, რადგან ბათუმში სამშენებლო ბიზნესი ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი საქმეა, შენობა ქალაქის ცენტრში კი – მომგებიანი კაპიტალდაბანდება.

ჯგუფი, რომელიც ძველი ბათუმის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვას ცდილობს, სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ადამიანებს აერთიანებს. ისინი ამ საქმეში ანაზღაურებას არ იღებენ, ამბობენ, რომ, უბრალოდ, არ შეუძლიათ შეეგუონ ძველი ბათუმის წაშლას.

მათი მისამართით არაერთი ბრალდება ისმის, მათ შორის ყველაზე ხშირად:

„ეწინააღმდეგებიან ქალაქის განვითარებას“

„არაპროფესიონალები არიან“

„სად იყვნენ აქამდე“

„ფულის გამო აკეთებენ“  

შოთა გუჯაბიძე და ნინო ინაიშვილი პირველები იყვნენ მათ შორის, ვინც ღიად განაცხადა, რომ ძველი ბათუმი ნადგურდებოდა. 2011 წელს მათ თანამოაზრეები შემოიკრიბეს და საზოგადოება „ბათომი“ დაარსეს. ეს არის პირველი და ერთადერთი არასამთავრობო ორგანიზაცია აჭარაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე მუშაობს, თუმცა ძირითადად – ენთუზიაზმზე.

„ბათომს“ პროფესიით არქეოლოგი ნინო ინაიშვილი ხელმძღვანელობს. ის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს. ნინო ამბობს, რომ ისინი არა ქალაქის განვითარებას, არამედ ბათუმის უსისტემო, ქაოტურ განაშენიანებას და კულტურული მემკვიდრეობის ნგრევის ხარჯზე ე.წ. „განვითარებას“ ეწინააღმდეგებიან.   

ნინო ინაიშვილი. ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი

ნინო ინაიშვილი: „რაც ბათუმში ხდება, არ არის განვითარება. გარდა იმისა, რომ კულტურული მემკვიდრეობა და ისტორიული განაშენიანება ნადგურდება, ამ ყველაფერს ძალიან ბევრი პრობლემა მოაქვს: ტრანსპორტის მოძრაობა, ქალაქის განიავება, საზოგადოებრივი სივრცეების დაკარგვა და ასე შემდეგ, ეს მუშაობს დომინოს პრინციპით.“

ბოლო წლებში ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად ოცამდე აქცია გაიმართა. ზოგ მათგანს სულ რამდენიმე მონაწილე ჰყავდა, მაგალითად – აქციას ბათუმის ფოსტის დასაცავად, ზოგს კი – რამდენიმე ასეული.

ფოსტის ისტორიული შენობიდან ბათუმში მხოლოდ ფასადი დარჩა, მისი შენარჩუნება ბათუმელებმა ვერ შეძლეს, თუმცა ბრძოლა ძველი ბათუმის გადასარჩენად ხან გამარჯვებითაც სრულდება.

მაგალითად, ასე მოხდა 2014 წელს, როცა აჭარის მთავრობამ ბათუმის ბულვარში, რომელიც უკვე 130 წლისაა, სასეირნო ბილიკის გაუქმება და მწვანე ზოლში კაფე-ბარებისა და ხელოვნური ჩანჩქერის განთავსება გადაწყვიტა. მაშინ კულტურული მემკვიდრეობის დამცველების ორგანიზებით ბათუმში არაერთი აქცია გაიმართა, ფეისბუქზე დაიგეგმა ჰეშთეგკამპანია –  #სამივე, რომლის ფარგლებშიც ადამიანები იღებდნენ ფოტოს, რომელზეც ჩანდა სამი თითი, იმის ნიშნად, რომ ემხრობოდნენ ბათუმის ძველ ბულვარში სამივე ხეივნის შენარჩუნებას და კამპანიაში ჩართვას სთხოვდნენ სამ მეგობარს. ფეისბუქკამპანიაში ასობით ადამიანი ჩაერთო, ბათუმში გაიმართა ხალხმრავალი აქციაც და საბოლოოდ მთავრობამ უარი თქვა სახე ეცვალა ბათუმის ბულვარისათვის.

კამპანია #სამივეს ფარგლებში გადაღებული ფოტო ბათუმის ბულვარში. ფოტო: ნინო ჩხაიძე

კამპანია #სამივეს ინიციატორი შოთა გუჯაბიძე იყო, რომელიც წლებია ბათუმის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის აუცილებლობაზე საუბრობს ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობა ეძლევა: საჯარო შეხვედრებსა თუ დისკუსიებში, მედიაში თუ სოციალურ ქსელებში. შოთა პროფესიით რეჟისორია, წლებია აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობს, დაწერილი აქვს წიგნი ძველ ბათუმზე – „ბათომი“, ასევე, ფოტოგრაფი და ძველი ბათუმის ფოტოკოლექციონერია.

შოთასთვის არაერთხელ შეუხსენებიათ, რომ იგი პროფესიით არქიტექტორი ან ურბანისტი არ არის და ამ საკითხზე საუბრისას კომპეტენცია არ ჰყოფნის. „სად იყავი აქამდე?“ – ესეც ხშირად უკითხავთ მისთვის.

შოთა გუჯაბიძე: „არ ვიცი როდის გავჩერდი, როდის არ ვთქვი რამე. „ვაღიარებ“, რომ რეჟისორი ვარ და ამ ასაკში ვერ გავხდები ურბანისტი ან არქიტექტორი. მე ვიცი, რომ არ შეიძლება ის, რაც ხდება. კაცის მოკვლა რომ არ შეიძლება, ამის დასამტკიცებლად აუცილებლად იურისტი უნდა ვიყო? რაც შეეხება კითხვას – „აქამდე სად იყავი“, დიდი მადლობელი ვარ ნატა ფერაძის [სამოქალაქო აქტივისტი, „პარტიზანული მებაღეობის“ წევრი], რომლის პასუხის შემდეგ ამ შეკითხვამ იკლო.“

შოთა გუჯაბიძე. აქცია „არა ბათუმის ჩაბეტონებას“ ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი

შოთას არ უკვირს, რომ ძველი ბათუმის დასაცავად ბათუმში არ გამოდის ბევრი ადამიანი. ამას თავისი მიზეზები აქვსო, ამბობს. ძველი შენობების დანგრევის სურვილი ხშირად იქ მცხოვრები ადამიანების სურვილიც არის, რომელთაც საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების სწრაფი შესაძლებლობა ეძლევათ. ბიზნესმენი მათ უფრო დიდ ბინასთან ერთად კომპენსაციას სთავაზობს და ორსართულიანი სახლის ადგილას რვა, ცხრა ან კიდევ უფრო მრავალსართულიანი სახლი შენდება. ასე იცვლის ბათუმი იერსახეს.

შოთა ამბობს, რომ ძველი ბათუმის დაცვა მისი ბუნებრივი რეაქციაა იმაზე, რაც ქალაქში ხდება – ადამიანი რაღაცის შეცვლას სულ უნდა ეცადო და ეს ცვლილება არაფერია, თუ არა უმრავლესობის წინააღმდეგ წასვლა, რაც არც ისე კომფორტულია, მაგრამ საჭიროო.

ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა რომ „კომფორტული“ და „წახალისებული“ საქმე არ არის, ამას მთავრობისა და ბიზნესმენების განცხადებებიც მოწმობს, რაც პერიოდულად გაისმის ამ ჯგუფის მისამართით. „ვიწრო ჯგუფის უსუსური მცდელობა“, „გამოწვდილ ხელს კბენთ“… – მთავრობის სხვადასხვა წევრისაგან ეს და მსგავსი საჯარო შეფასებები კულტურული მემკვიდრეობის დამცველებს არაერთხელ მოუსმენიათ.

„მე ვფიქრობ ლოგიკური რეაქცია მათი მხრიდან, სხვა რა ქნან?! მაშინ უნდა აღიარონ, რომ კანონს არღვევენ“, – ამბობს შოთა.

ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის დამცველების ხმა პერიოდულად ძლიერდება. ეს განსაკუთრებით მაშინ არის შესამჩნევი, როცა საქმე საჯარო სივრცეებს ეხება. ასე მოხდა ბულვარის დაცვის დროს და და ასე მოხდა მაშინაც, როცა ბათუმში აქტივისტებმა შექმნეს საინიციატივო ჯგუფი – „გადავარჩინოთ რვაფეხა“. ბათუმის ბულვარში მდებარე კაფე „რვაფეხა“, რომელიც წლების მანძილზე ბათუმის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად მიიჩნეოდა, ასე  გადაარჩინეს დანგრევას. ამჟამად ბათუმში „რვაფეხას“ რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ზეინაბ დიასამიძე აქციაზე. ფოტო: ფეისბუქგვერდი „დაიცავი ძველი ბულვარი“

პროფესიით ექიმი ზეინაბ დიასამიძე თითქმის არც ერთ აქციას არ ტოვებს, რომელიც ძველი ბათუმის გადასარჩენად იმართება, მისთვის სწორედ ბათუმის „რვაფეხა“ იყო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოტივაცია, რამაც აქციებში მონაწილეობისკენ და მეტი ჩართულობისკენ უბიძგა.

ზეინაბ დიასამიძე: „ჩემს თვალწინ ირღვეოდა ხელოვნების ნიმუში, ეს არ იყო მხოლოდ ქალაქის მეხსიერება და ჩემი ბედნიერი ახალგაზრდობა, ეს იყო კულტურული მემკვიდრეობის ნიმუში, რომელიც უნდა შენახულიყო და ამის ნაცვლად მიიღეს მისი ლიკვიდაციის გადაწყვეტილება. ამან გამოიწვია ჩემი აღშფოთება. „რვაფეხას“ წინ უძღოდა პირველი საავადმყოფოს რღვევა და გადაკეთება, ფოსტის შენობის გაყიდვა, ანუ მთელი არქიტექტურა, ქალაქის სავიზიტო ბარათები ჩემს თვალწინ იშლებოდა, ირღვეოდა, ერთპიროვნული გადაწყვეტილებებით ხდებოდა გაჩუქება.“

საინიციატივო ჯგუფის ბრიფინგი, სადაც აქტივისტებმა „რვაფეხას“ გადარჩენა მოითხოვეს. 2014 წელი, ფოტო: „ბათუმელები”

აქცია „რვაფეხას“ გადასარჩენად. ფოტო: ფეისბუქგვერდი კაფე “ფანტაზია”

ბოლო სამი წელია ძველი ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის დამცველები არა მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე, არამედ ბათუმში რეკრეაციული ზონების დასაცავადაც იბრძვიან და სხვა საკითხებზეც, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად ეხება ბათუმის განაშენიანებას.

ირმა ზოიძე. ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი

პროფესიით ჟურნალისტი ირმა ზოიძე ამბობს, რომ მწვანე საფარის, საჯარო სივრცეების დაცვა ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის მომიჯნავე თემებია და ეს ბუნებრივად მოხდა. ირმას ხმა ბათუმის საკრებულოს სხდომებზე და სხვადასხვა შეხვედრაზე ხშირად და ხმამაღლა ისმის. მას ბევრი შეკითხვა აქვს და ამბობს, რომ კომპეტენტურ პასუხებს წლებია ვერ იღებს, ამიტომაც აღმოჩნდა იმ აქტივისტებს შორის, რომლებიც ძველი ბათუმის დაცვას ცდილობენ.

ირმა ზოიძე:  „ეს არ არის ჩემი პირადი ინტერესი, ქუჩაში იმიტომ არ გამოვდივარ, რომ ფულის და კარიერის გაკეთება მინდა, ვცდილობ, დავიცვა კულტურული მემკვიდრეობა და არა მარტო, იმიტომ, რომ გავა დრო და მომავალი თაობა გვკითხავს, კი მაგრამ, როცა ქალაქი იცვლებოდა ასე რადიკალურად, თქვენ სად იყავით? პოსტსაბჭოთა ადამიანები მიჩვეული არიან, რომ ვიღაც რაღაცას არეგულირებს, ზრუნავს. ფაქტია, რომ ასე არ არის. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი თავი და ჩვენი ქალაქი. მივედით ეტაპზე, როცა ადამიანების ხმა უნდა შევკრიბოთ და გავაგონოთ თვითმმართველობას, ხელისუფლებას, რომ ეს არ არის მხოლოდ რამდენიმე ადამიანის პროტესტი.“

ძველი ბათუმის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დამცველები არა მხოლოდ თემატურ აქციებში, არამედ სხვა აქტივობებშიც მონაწილეობენ. 2016 წლის ზამთარი, დიდთოვლობა ბათუმში, აქტივისტების ჯგუფი ბულვარში ხეებს თოვლისგან ათავისუფლებს, რომ ტოტების დამტვრევას გადაარჩინონ. დათო ტრაპაიძის ფოტო

ბათუმის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დამცველები მხოლოდ აქციებითა და საჯარო განხილვებში მონაწილეობით არ შემოიფარგლებიან. ბოლო წლებში მათ არაერთხელ მიმართეს სასამართლოს კონკრეტული შენობის დასაცავად.

ნათია აფხაზავა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტს ხელმძღვანელობს ბათუმში. კითხვაზე, რა გახდა თავის დროზე მიზეზი, რის გამოც წლებია კულტურული მემკვიდრეობის დაცვას უწევს ადვოკატირებას, ბათუმის ფოსტის შენობაო – ამბობს.  

ნათია აფხაზავა. ფოტო: Soundspring

ნათია აფხაზავა: „ერთ დღეს ჩამოვიარე და მივხვდი, რომ შენობა, რომელთანაც მთელი ბავშვობა მაკავშირებდა, იქცა სრულიად უცხოდ, უფრო მეტიც – მონსტრად. ბავშვობაში მე და ბებო თითქმის ყოველ კვირა დავდიოდით ფოსტაში, რომ დაგვერეკა ბიძასთან ან გაგვეგზავნა საახალწლო ბარათები. შიგნით როცა შეხვიდოდი, სხვა სურნელი თუ განწყობა იყო, გარედან კი სულ გინდოდა, რომ დაკვირვებოდი.“

საორგანიზაციო ჯგუფის ფოტოაქცია – #ჩემიფოტოძველბათუმში. ფარგლებშიც ფოტოგრაფებმა აქციის მონაწილეებს ძველი ბათუმის ქუჩებში გადაუღეს ფოტოები. „დაიცავი ძველი ბათუმი“, „ნუ ანგრევ“ – ეს იყო სოციალური კამპანიის მთავარი გზავნილი. კამპანიის ადრესატი ბათუმის მერია იყო, რომლისგანაც საინიციატივო ჯგუფი ძველი ბათუმის ტერიტორიაზე მშენებლობაზე მორატორიუმს მოითხოვდა. მორატორიუმი არ შედგა.

ბოლო, ყველაზე გახმაურებული აქცია ბათუმის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დამცველებმა ოქტომბერში გამართეს ევროპის მოედანზე. აქციის მიზეზი ბათუმის რივიერაზე დაგეგმილი ექვსი ცათამბჯენის მშენებლობა გახდა.

აქციიდან ორი თვის შემდეგ, ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბერს 22 წლის სტუდენტი მარი მუთიძე ბათუმში, ევროპის მოედანზე მეგობრებთან ერთად იმიტომ გავიდა, რომ საპროტესტო აქცია გაემართა. მარიმ ასე ბათუმის რივიერაზე ცათამბჯენების მშენებლობა გააპროტესტა:

მარი მუთიძე: „რამდენიმე წელია ყველაფერმა ქაოსური სახე მიიღო. თითქოს რაღაც ძალა ცდილობს ბათუმი მთლიანად გადარეცხოს და ზემოდან უცხო ქალაქი დააშენოს, რასაც, ალბათ, გაგვიჭირდება ბათუმი ვუწოდოთ. ვიფიქრე, ახალი წლის ღამეს ევროპის მოედანზე თუ გავიდოდით პოსტერებით, ასე მთავრობა დაინახავდა, რომ ამ საზეიმო წუთებშიც კი არიან ბათუმში ადამიანები, რომლებსაც ქალაქის ქაოსური განაშენიანება ძალიან აღელვებთ.“

31 დეკემბერი. აქცია ბათუმის მთავარ ნაძვის ხესთან.

მთავრობა ბათუმის ქაოსური განაშენიანებით უკმაყოფილო ადამიანებს ხედავს. მეტიც, მთავრობის ნდობით აღჭურვილი სპეციალისტებიც კი მიიჩნევენ, რომ ბათუმში მშენებლობების თვალსაზრისით საგანგაშო მდგომარეობაა, ხოლო სამშენებლო პროექტებს „ურბანულ კატასტროფას“ უწოდებენ, თუმცა ბათუმს განაშენიანების გენერალური გეგმა, რომელსაც ქალაქის მთავრობა დაეყრდნობა ახალი მშენებლობის დროს, უკვე 14 წელია არ აქვს. ქაოსური მშენებლობები ბათუმში ისევ გრძელდება და ის სივრცეც სულ უფრო პატარავდება, რომელსაც ძველ ბათუმს უწოდებენ.

მ. აბაშიძის ქუჩიდან ბათუმის რივიერა, ზღვა და მთები მოსჩანს. ექვსი ცათამბჯენის აშენების შემთხვევაში, ძველი ბათუმის ქუჩიდან ეს ხედი დაიკარგება. ფოტო: საზოგადოება „ბათომი”

გადაბეჭდვის წესი


ასევე: