მთავარი,სიახლეები

როგორ უნდა გადაიხადოს არამომგებიანმა ორგანიზაციამ თანამშრომლის საპენსიო შენატანი

31.01.2019 • 2531
როგორ უნდა გადაიხადოს არამომგებიანმა ორგანიზაციამ თანამშრომლის საპენსიო შენატანი
როგორ უნდა გადაიხადოს არამომგებიანმა, არასამთავრობო ორგანიზაციამ ის 2%, რომელიც ამ ორგანიზაციის სახელით უნდა გადაირიცხოს დასაქმებულის საპენსიო ანგარიშზე?

ამ კითხვაზე საპენსიო სააგენტოში ზუსტი პასუხი არ აქვთ და ამბობენ, რომ „ორგანიზაციამ ეს თანხა უნდა მოიძიოს“.

იურისტის შეფასებით, დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონით მომგებიანი და არამომგებიანი ორგანიზაციების [დაბეგვრის კუთხით] თანაბარ პირობებში ჩაყენება არ არის შესაბამისობაში თანასწორუფლებიანობის პრინციპთან.

საუბარია არამომგებიან [არაკომერციულ] იურიდიულ პირზე, როცა მას არ აქვს თავისუფალი სახრები, აქვს მხოლოდ საგრანტო შემოსავლები [ამასთან, საგრანტო პროექტებში არ აქვს გათვლილი ადმინისტრაციული ხარჯები] და ამ გრანტისგან გასცემს ხელფასს.

საპენსიო სააგენტოში აცხადებენ, რომ რადგან დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონი არსებობს, გრანტში უნდა იყოს გათვალისწინებული ის 2%-იც, რომელსაც ორგანიზაცია თავისი სახელით უხდის დამსაქმებელს:

„გრანტში უნდა იყოს თანხა გათვალისწინებული, რომ ამ 2%-ის გადახდა შეძლოს ორგანიზაციამ. ალბათ, დონორთან შეთანხმებით უნდა გამოიყოს ის თანხა გრანტიდან, რითაც 4-ვე პროცენტს გადაიხდის ორგანიზაცია – 2%-ს დამსაქმებლის ხელფასის ხარჯზე და 2%-ს ორგანიზაციის ხარჯზე“.

„არამომგებიანი ორგანიზაციები იმავე დაბეგვრის რეჟიმში არიან, როგორც მომგებიანი კომერციული ორგანიზაციები. კარგი იქნებოდა, კანონის შემუშავების პროცესში ეს კონკრეტული ვითარება საგამონაკლისო წესით ყოფილიყო გათვალისწინებული და ამ ტიპის ორგანიზაციებისთვის ყოფილიყო შეღავათები. მითუმეტეს, საგადასახადო მიმართულებით ასეთ შეღავათებს საგადასახადო კანონმდებლობა იცნობს. მაგალითად, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული გრანტები, რომლებიც გათავისუფლებულია დღგ-ს გადასახადისგან და არ ხდება მისი დაბეგვრა,“ – ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი, იურისტი. – „ასეთი შეღავათით კანონმდებლობა იმ ფინანსურ ტვირთს ააცილებდა არამომგებიან ორგანიზაციებს, რაც დღეს აქვთ. ვინაიდან ვთანხმდებით, რომ სამოქალაქო სექტორი არ არის მოგებაზე ორიენტირებული, აქედან გამომდინარე, ეს აუცილებლად უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული“.

„მე როგორც მაქვს ინფორმაცია, საპენსიო შენატანი დიდ ფინანსურ ტვირთად დააწვა სამოქალაქო გაერთიანებებს, არამომგებიან ორგანიზაციებს, რომელთა თანამშრომელთა რაოდენობა შეადგენს 30-50-100 ადამიანსაც. ამიტომ, მათთვის ლავირება უნდა იყოს იმ რესურსების გამოძებნა ისევ საერთო კონსენსუსით და შეთანხმებით მიღწეული. არის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც არიან გაერთიანებაზე დაფუძნებული, შესაბამისად, ამ ადამიანებმა ისევ საკუთარი რესურსებიდან უნდა გაიღონ ეს ხარჯები, რათა გარკვეულწილად მათ ფუნქციონირებას საფრთხე არ შეექმნას,“ – ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი.

რამდენად სწორი იქნება, თუ ორგანიზაცია საპენსიო ფონდში ორგანიზაციის მიერ გადასახდელ 2%-ს გადაიხდის დასაქმებულის ანაზღაურებიდან, დასაქმებულის თანხმობით?

გიორგი ხიმშიაშვილის თქმით, დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონით, რაიმე ტიპის შეთანხმება, ანუ დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის დარწმუნება, რომ მან გარკვეული პასუხისმგებლობა ან ტვირთი აიღოს ამ ტიპის საპენსიო შენატანებზე, არის აკრძალული. თუმცა, იურისტის თქმით, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ამ შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომელთა დიდი წილი დაფუძნებულია წევრობაზე:

„ასეთ ორგანიზაციებში გარკვეული ლავირება შესაძლებელია, ვინაიდან გადაწყვეტილების მიღება კონსესუსის ნიადაგზე ხდება და ტიპიური დამსაქმებელი და დასაქმებული ამ შემთხვევაში არ გვაქვს. ამიტომ, აქ არის შესაძლებლობა და რაღაც რესურსი. მეორე შემთხვევაში, ალბათ, მოხდება რაღაც ტიპის შეთანხმება გრანტის გამცემთან, რომ გარკვეულწილად ფინანსური რესურსით დახმარება გაუწიოს არასამთავრობო ორგანიზაციებს. მაგრამ, თუ არც ერთი შემთხვევა გვექნება და არც მეორე, მაშინ გამოდის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს რაღაცა ტიპის რესურსების გადანაწილებაზე მოუწევთ ფიქრი, თუმცა ეს ფიქრი არ იქნება მარტივი“.

„მიუხედავად იმისა, რომ დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონი არ მიმაჩნია იმ ნორმად, რომელსაც საზოგადოება ეთანხმება, ამ კანონის ამოქმედების პროცესშში უნდა ყოფილიყო გარკვეული საშეღავათო პირობები ჩადებული, რათა არ მომხდარიყო არასამთავრობო ორგანიზაციების გათანაბრება მომგებიან სამეწარმეო, თუ საბიუჯეტო ორგანიზაციებთან. ამ შემთხვევაში კანონმა უნდა დაუშვას გამონაკლისები და ასეთებს იცნობს საერთაშორისო კანონმდებლობაც და საგადასახადო კანონმდებლობაც,“ – ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი.

„როცა დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში ცვლილებები მომზადდება, შესაძლოა ესეც შევიდეს… არის პუნქტები, რომლებიც დაზუსტებას საჭიროებს და მიდის მუშაობა. საკითხები, რომლებიც ამ შემთხვევაში აწუხებს არამომგებიან ორგანიზაციებს, რაც, მათი აზრით, პრობლემურია, ამ საკითხების შესახებ წერილობით მოგვწერონ სააგენტოს დირექტორის სახელზე და კანონში ცვლილებების დროს შეიძლება ყველაფერი დავალაგოთ და გავითვალისწინოთ, რაც მისაღები იქნება“, – გვითხრეს საპენსიო სააგენტოში.

როგორ მოიძიონ არასამთავრობო ორგანიზაციებმა დამატებითი ფინანსები საპენსიო ანგარიშებზე გადასარიცხად? – ამ კითხვაზე პასუხი ვერც შემოსავლების სამსახურისგან მივიღეთ. ამ სამსახურმა პასუხის მისაღებად საპენსიო სააგენტოში გადაგვამისამართა.

არამომგებიანი, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან განსხვავებით კანონში სახელმწიფომ საჯარო უწყებები გაითვალისწინა.

2019 წლის განმავლობაში, კერძო სექტორში დასაქმებულებისგან განსხვავებით, საჯარო უწყებაში დასაქმებულების [სამინისტრო, დეპარტამენტი, მერია, სახელმწიფო თუ მუნიციპალური ააიპ და აიპ-ები, სკოლები, ბაღები და სხვა უწყებები] საპენსიო თანხის 4%-ს, ყოველთვიურად, სახელმწიფო ხაზინა გადარიცხავს [დამსაქმებლის 2%-ს და სახელმწიფოს მხრიდან გადასარიცხ 2%-ს].

დაგროვებითი პენსიის სქემაში თანამონაწილეობისთვის, 2019 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 90 მილიონი ლარია გათვალისწინებული [ამაში შედის სახელმწიფოს მიერ საჯარო მოხელისთვის გადასახდელი 4% და ასევე სხვა დასაქმებულების, თუ თვითდასაქმებულებისთვის გადასახდელი 2%].

ამ თემაზე:

როგორ გადარიცხავენ საპენსიო თანხას საჯარო სამსახურები და იქ დასაქმებული პირები

სად და როგორ დაბანდდება საპენსიო შენატანებზე დაგროვილი თანხა

 

თავად გამოთვალეთ, რამდენი გექნებათ პენსია ახალი სქემის პირობებში – საპროგნოზო მთვლელი

 

თქვენს 2019 წლის 23 იანვრის ელექტრონულ წერილთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ “დაგროვებითი პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3, მე-6 და მე-7 მუხლების თანახმად, მონაწილე დასაქმებულის საპენსიო შენატანების დაფინანსებას ახორციელებენ დამსაქმებელი, დასაქმებული და სახელმწიფო ამ კანონით განსაზღვრული ოდენობითა და წესით.

 

მონაწილე დასაქმებულის საპენსიო შენატანების დაფინანსება ხორციელდება შემდეგნაირად:

 

– დამსაქმებელი ხელფასის გაცემისას მონაწილე დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ელექტრონული სისტემის მეშვეობით ახორციელებს საპენსიო შენატანს დასაქმებულზე გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით;

 

– დამსაქმებელი მონაწილე დასაქმებულის სახელით, დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ელექტრონული სისტემის მეშვეობით ახორციელებს საპენსიო შენატანს დასაქმებულზე გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით;

 

– სახელმწიფო მონაწილის სასარგებლოდ, მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხავს 2 პროცენტს.

 

დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისათვის ხელფასის ნაღდი ფორმით გადახდისას დამსაქმებელი როგორც დასაქმებულის სასარგებლოდ, ისე დასაქმებულის სახელით, ამ კანონის შესაბამისად გამოითვლის საპენსიო შენატანს და ხელფასის გაცემისას მას საპენსიო სააგენტოში მიმართავს.

ამასთან, დაგროვებითი პენსიის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღბად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საპენსიო ფონდის ცხელ ხაზს: 2197676
გისურვებთ წარმატებებს 

შემოსავლების სამსახური

გადაბეჭდვის წესი


ასევე: