მთავარი,სიახლეები

„მუშავდება ეკო-მეგობრული ჰესის პროექტი“ – კომპანია მაჭახლის ხეობაში ჰესის მშენებლობაზე

24.01.2019 • 4476
„მუშავდება ეკო-მეგობრული ჰესის პროექტი“ – კომპანია მაჭახლის ხეობაში ჰესის მშენებლობაზე

მშენებელი კომპანიის ხეობაში გამოჩენამდე, მოსახლეობა სოფელ აჭარის აღმართში ახალი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტს გამოხატავს. მაჭახლის ხეობის ნაწილი დაცული ტერიტორიაა. მოსახლეობის თქმით, ხეობაში გეოლოგები უკვე გამოჩნდნენ, რომლებიც ჰესის მშენებლობისთვის ადგილს სწავლობენ.

გუშინ, 23 იანვარს, მოსახლეობას ხელვაჩაურის მერი შეხვდა, თუმცა მან არც გუშინ და არც დღეს „ბათუმელების“ შეკითხვებს არ უპასუხა. „აჭარის ტელევიზიისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ხელვაჩაურის მერი ამბობს, რომ არ იცის, რას სწავლობენ გეოლოგები ხელვაჩაურში.

მაჭახლის ხეობაში, სოფელ ქვედა ჩხუტუნეთში მცხოვრები როინ მალაყმაძე მიიჩნევს, რომ ხეობას განვითარების სხვა პერსპექტივა აქვს და ჰესი არ უნდა აშენდეს. მისივე თქმით, თავად ესაუბრა გეოლოგებს, რომლებიც ხეობაში სხვადასხვა ადგილას ახლაც მუშაობენ და გაიგო, რომ ხეობაში შვიდკილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა იგეგმება.

„გეოლოგებმა თქვეს, რომ მიმდინარეობს მზადება ამ ჰესის მშენებლობისთვის, სხვა არავინ მოსულა, არც კომპანიის და არც მთავრობის წარმომადგენელი… მართალია, მემორანდუმი არსებობს, მაგრამ შესაძლებელია მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით მისი შეწყვეტა, აღარ უნდა გაგრძელდეს მაჭახლის ხეობით ვაჭრობა. ხეობის ნაწილი გამოცხადებულია დაცულ ტერიტორიად, ანუ ეროვნულ პარკად. ახლა ეწყობა ეთნოსოფლის პროექტი. ბათუმთან სიახლოვე განვითარების კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას იძლევა და მოსახლეობაც ნელ-ნელა უბრუნდება მიტოვებულ სახლებს. მოსახლეობა არ დაუშვებს აქ ჰესის მშენებლობას. მერი დაგვპირდა შეხვედრის დროს, თუკი მოსახლეობა წინააღმდეგია, არ აშენდებაო და ვნახოთ,“ – გვითხრა როინ მალაყმაძემ.

ჰესის აშენებას მთავრობასთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე კომპანია „მაჭახელა ჰესი“ გეგმავს. ამ კომპანიის 100 პროცენტიან წილს „სილქ როუდ ენერჯი“ ფლობს. თავიანთ გეგმებზე კომპანიიდან „ბათუმელების“ კითხვებს წერილობით უპასუხეს.

„მიმდინარეობს კონცეპტუალურ პროექტზე მუშაობა, რომელიც საჭიროებს წინასაინჟინრო კვლევების წარმოებას [ტოპოგრაფია, ჰიდროლოგია, გეოლოგია]. გეოლიგიური კვლევების ჩატარების ვალდებულება გამომდინარეობს მემორანდუმიდან და იგი მოიცავს მხოლოდ ბურღვით სამუშაოებს ყოველგვარი დამატებითი ღონისძიებების გარეშე, არ იჭრება ხის ნარგავები, არ ხდება გზების გაყვანა, არ ხდება რაიმე უარყოფითი ზემოქმედება მაცხოვრებლების ყოფით პირობებსა თუ საკუთრებაზე.

ახალი კანონმდებლობის თანახმად, მზადდება გარემოსდაცვითი სკოუპინგის ანგარიში, რომელიც დასრულების შემდეგ გაეგზავნება გარემოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხეობაში საჯარო განხილვების ორგანიზებისთვის. ამის შემდეგ მომზადდება გარემოსდაცვითი დოკუმენტი სრულყოფილად,“ – მოგვწერეს კომპანიიდან „სილქ როუდ ენერჯი“.

რა პარამეტრები ექნება ჰიდროელექტროსადგურს, რომლის აშენებაც მაჭახლის ხეობაში იგეგმება – კომპანიაში გვითხრეს, რომ ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ჰესს, რომელიც ხეობაში უნდა აშენდეს, კომპანია „ეკო-მეგობრულს“ უწოდებს.

„ამ ეტაპზე მზადდება მხოლოდ კონცეფცია, რომლის საფუძველზეც მთავრობა და აქციონერები მიიღებენ გადაწყვეტილებას ჰესის სარგებლიანობის მიმართულებით. ზოგადად, მუშავდება მდინარის ჩამონადენზე მოქმედი ეკო-მეგობრული 30 მგვტ-მდე სიმძლავრის  მცირე ჰესის პროექტი. ეკო-მეგობული, ვინაიდან ჰესის დამფინანსებლებად მოიაზრებიან მაღალი გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ევროპული, საფინანსო ინსტიტუტები,“ – აღნიშნულია კომპანია „სილქ როუდ ენერჯის“ მიერ „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ წერილში.

კომპანიას ასევე მივწერეთ, რომ მოსახლეობა ხეობაში ჰესის აშენების წინააღმდეგია. კომპანიაში ფიქრობენ, რომ ობიექტური და სრულყოფილი ინფორმაციის მიღების შემდეგ, წინააღმდეგობა აღარ იქნება.

ჰესის მშენებლობის დაწყებამდე მოსახლეობის პროტესტი გარემოსდამცველ დავით ჭიპაშვილს აჩვენებს იმას, რომ ეკოლოგიური ზიანის გარდა, მოსახლეობას აღარ სჯერა ჰიდროელექტროსადგურებისგან სარგებლის მიღების. არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენელი დაუშვებლად მიიჩნევს მაჭახლის ხეობაში ჰესის აშენებას. მისი თქმით, ვერც ხელისუფლება და ვერც კომპანია ვერ დაასაბუთებს დაცულ ტერიტორიაზე ჰესის მშენებლობის აუცილებლობას.

„არა მხოლოდ აქ, ზოგადად, ჰიდროელექტრო სადგურების შემთხვევაში პროექტები არის დაუსაბუთებელი. გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტს აზრი ეკარგება ამ პროცესში, რადგან წინასწარ სახელდება, რა პარამეტრებით შენდება სადგური. აჭარაში მოსახლეობამ ასევე კარგად იცის და ხედავს, რა მოხდა „შუახევი ჰესის“ შემთხვევაში, რომელიც ახლაც დანგრეულია და დღემდე გაურკვეველი ვითარებაა. ამ ფონზე ძალიან რთული იქნება კომპანიამ დაარწმუნოს მოსახლეობა, რომ ეს პროექტი იქნება თუნდაც გამონაკლისი.

ჩემი აზრით, ის მომენტი, რომ მოსახლეობა ახლა, ანუ კომპანიის ხეობაში გამოჩენამდე გამოხატავს პროტესტს, არის ძალიან მნიშვნელოვანი. მოსახლეობა დასაწყისშივე ეუბნება კომპანიას, რომ არ მისცემს ჰესის მშენებლობის უფლებას და ნუ დახარჯავს ტყუილად ფულს. ჩვენ ბევრჯერ მოგვისმენია საპროტესტო აქციების შემდეგ ჰესის მშენებელი კომპანიის კომენტარი, ფული უკვე დავხარჯეთ და ჩვენც ცოდო ვართო… ამას რომ თავი დავანებოთ, ტყუილად კი არ ჰქვია ამ ადგილს დაცული ტერიტორია. ეს არის ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული ადგილი. შესაბამისად, ტურისტი ხეობაში ჰესის სანახავად არ მივა,“ – აღნიშნავს დავით ჭიპაშვილი, „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენელი.

„სილქ როუდ ენერჯიში“ ირწმუნებიან, რომ ჰესი დაცული ტერიტორიისგან მოშორებით აშენდება.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: