მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერიაში გრანირებული კარბამიდი მიიტანეს – დისკუსია ახალი ტერმინალის მშენებლობაზე 

18.01.2019 • 2669
ბათუმის მერიაში გრანირებული კარბამიდი მიიტანეს – დისკუსია ახალი ტერმინალის მშენებლობაზე 

“ჩვენ ძალიან თანამედროვე ტერმინალი უნდა ავაშენოთ… ეს განავითარებს ეკონომიკას და შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს”, – მიმართა ბათუმის მერიაში შეკრებილებს კომპანია Wondernet Express-ის პროექტის მენეჯერმა, ჯალელ ავეზოვმა. ეს ის კომპანიაა, რომელიც ბათუმის პორტში ახალ ტერმინალს აშენებს.

ახალი ტერმინალის მშენებლობის თემაზე დღეს, 18 იანვარს, ბათუმის მერიაში საჯარო დისკუსია გაიმართა.

კომპანია Wondernet Express-ის ხელმძღვანელმა, გიორგი ზარიძემ პრეზენტაციის დროს თქვა, რომ ახალ ტერმინალს დაახლოებით 80 თანამშრომელი დასჭირდება.

რაც შეეხება ეკონომიკას – კომპანიის ხელმძღვანელობამ ხაზი გაუსვა იმას, რომ ყოველწლიურად ნავსადგურის და რკინიგზის შემოსავალი 25 მლნ დოლარით მოიმატებს და, ამას გარდა, გემების მომსახურება გაიზრდება.

დღევანდელ შეხვედრაზე კომპანია “გამა კონსალტინგის” წარმომადგენელმაც ისაუბრა. ამ კომპანიამ გარემოსდაცვითი სკრინინგის ანგარიში მოამზადა.

“აქამდე კარბამიდი ტრადიციულად, ღია წესით გადაიტვირთებოდა. ახლა საუბარია დახურული წესით მის გადატანაზე,” – აღნიშნა ექსპერტმა ჯუღული ახვლედიანმა.

უსაფრთხოების დემონსტრირებისთვის დღევანდელ შეხვედრაზე გრანირებული კარბამიდი მიიტანეს ტერმინალის მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებმა.

რატომაა საჭირო კარბამიდის დახურული წესით გადატანა, ან მიწისქვეშა “ბუნკერები” 6 მეტრის სიღრმეზე, თუ საფრთხე არ არსებობს? – ჯუღული ახვლედიანმა შეკითხვაზე გვიპასუხა, რომ ამ ფორმით მაქსიმალურად გამოირიცხება გარემოს დაბინძურების რისკი.

ექსპერტ ჯუღული ახვლედიანის განმარტებით, ერთადერთი საფრთხე მხოლოდ ატმოსფერული გაფრქვევაა, თუმცა ეს რისკი დაზღვეულია შესაბამისი სავენტილაციო სისტემების მოწყობით.

“მიწისქვეშა ბუნკერების მოწყობის დროს, შესაძლოა, ნავთობით ისტორიულად დაბინძურებული უბნები აღმოჩნდეს, ესეც გათვალისწინებულია…” – დასძინა ჯუღული ახვლედიანმა.

“მარტო კარბამიდის შემოტანა არ იგეგმება. საუბარია ამონიუმ ნიტრატზე, რომელიც იგივე დინამიტია. თქვენ ბათუმს სვამთ ბომბზე. ბათუმი ტურისტული რუკიდანაც გაქრება”, – თქვა შეხვედრაზე ალეკო თევზაძემ. იგი ახალი ტერმინალის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორია.

“ჩვენი პროექტი პირდაპირ ურტყამს რუსულ პორტებს…” – ჩაილაპარალა გიორგი ზარიძემ, Wondernet Express-ის გენერალურმა დირექტორმა. თუმცა, ეს პასუხი ალეკო თევზაძეს აღარ მოუსმენია. მან კითხვის დასმის შემდეგ დარბაზი დატოვა – “პასუხი ისედაც ვიციო”.

გიორგი ზარიძის თქმით, საუბარია მხოლოდ კარბამიდის გადაზიდვაზე. იგივეს ირწმუნება ბათუმის მერი. ლაშა კომახიძის თქმით, კომპანიამ მხოლოდ კარბამიდის საწყობის მოწყობის ნებართვის მისაღებად მიმართა მერიას.

“ჩვენ მხოლოდ კარბამიდზე გვქონდა შეკვეთა. ნებართვის გარეშე სხვა ნივთიერებას ვერ შემოიტანენ,” – დასძინა ექსპერტმა ჯუღული ახვლედიანმა, რომელმაც უსაფრთხოების კუთხით დასკვნა დადო.

Wondernet Express-ის წარმომადგენელმა ასევე განაცხადა თანხმობა საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფი ჩაერთოს ამ პროცესში. ამ ინიციატივით გიორგი ზარიძეს ბათუმის მცხოვრებმა მაია სურმანიძემ მიმართა, რომელიც ასევე საპროტესტო აქციების ერთ-ერთი მონაწილეა.

„მგონი, ბევრ შეკითხვას გაეცა პასუხი,“ – დასძინა ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ შეხვედრის დასასრულს.


ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის ასაშენებლად, ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა კერძო კომპანიას 15 128 კვ/მ ფართობი აღნაგობის უფლებით უკვე გადასცა. ტერმინალის მშენებლობის საინვესტიციო ხელშეკრულებას ხელი 2018 წლის 22 მარტს მოეწერა. ახალი ტერმინალი ცენტრალური აზიიდან მინერალური სასუქების ტრანზიტისთვის იქნება განკუთვნილი.

პროექტი ითვალისწინებს სატრანზიტო ტერმინალისა და სასაწყობე ობიექტების მშენებლობას მინერალური სასუქების მიღების, შენახვისა და გადატვირთვის მიზნით. ხელშეკრულებას ორი ხელმომწერი ჰყავს, ბათუმის საზღვაო ნავსადგური და საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანია Wondernet Exspress-ი.

ვრცლად ამ თემაზე:

ვინ აშენებს ბათუმში ახალ ტერმინალს – პორტში კომპანიას მიწა უკვე გადასცეს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: