მთავარი,სიახლეები

რას შეუმოწმებენ თქვენს ავტომანქანას ტექდათვალიერების ცენტრში [ვიდეო]

18.01.2019 • 4461
რას შეუმოწმებენ თქვენს ავტომანქანას ტექდათვალიერების ცენტრში [ვიდეო]

ავტომანქანის ტექნიკური დათვალიერება ბანკომატთან მომსახურების საფასურის გადახდით იწყება. ავტომანქანის რეგისტრაციის შემდეგ, მძღოლი ცენტრის შემინული კედლის მიღმა რჩება და იქედან აკვირდება, როგორ ამოწმებენ ავტომობილს ინსპექტორები და კომპიუტერული მოწყობილობები.

ბათუმში ტექნიკური ინსპექტორების გავლა სულ ოთხ ცენტრშია შესაძლებელი. ჩვენ ერთ-ერთ ცენტრში – შპს „გივა“-ში გავეცანით ინსპექტირების პროცედურას.

თავდაპირველად მფლობელის გარეშე დარჩენილ ავტომანქანას ინსპექტორი ვიზუალურად აკვირდება. „პლანშეტში ვინიშნავ, აქვს თუ არა ავტომობილს შესამჩნევი დაზიანება, მაგალითად, საქარე მინის, საბურავების და ასე შემდეგ. ამის შემდეგ ავტომანქანა მთავარ კომპიუტერულ მოწყობილობასთან გადადის“, – გვიხსნის ინსპექტორი ირაკლი ტაკიძე.

ვიზუალური დათვალიერების გარდა მოწმდება მონაცემების შესაბამისობა ავტომანქანის ტექნიკურ პასპორტთან.

პირველად თქვენს ავტომანქანას გამონაბოლქვს შეუმოწმებენ. „კომპიუტერული მოწყობილობა აჩვენებს, რამდენად შეესაბამება გამონაბოლქვი დადგენილ სტანდარტს. მთავარია, მომწამვლავი ნივთიერების ემისია არ დაფიქსირდეს,“ – ამბობს გიორგი კალანდარიშვილი, „გივას“ ინსპექტორი.

გამონაბოლქვის შემოწმების შემდეგ, ავტომანქანას სხვა ინსპექტორი ასევე კომპიუტერული მოწყობილობით სამუხრუჭე სისტემას უმოწმებს, შემდეგ – რხევის დეტექტორის დრო დგება. ინსპექტორი ვიზუალურად, სპეციალური თხრილიდან ათვალიერებს ავტომანქანის სავალ ნაწილსაც.

ფინალური ეტაპი ფარების შემოწმებაა. სპეციალური მოწყობილობა ფარების გამართულობას ადგენს.

„საბოლოოდ მონაცემები ერთიან ბაზაში იყრის თავს. თუკი ყველაფერი წესრიგშია, ტექნიკური დათვალიერება ჩაბარებულად ითვლება, თუ არა, მაშინ მფლობელს ერთი თვე ეძლევა პრობლემის მოსაგვარებლად,“- გვიხსნის ინსპექტირების ცენტრის ხარისხის მენეჯერი, თემურ ფაღავა.

რა გამორიცხავს „ჩაწყობას“? – ინსპექტირების ცენტრში გვითხრეს, რომ მათაც სმენიათ ფულით საქმის ჩაწყობის შესახებ, თუმცა ამას გამორიცხავენ.

„ამ პროცესს აკვირდება ოთხი ვიდეოთვალი. მონაცემები იგზავნება ეკონომიკის სამინისტროს აკრედიტაციის ცენტრში, მათ შორის, ვიდეოჩანაწერები,“ – ამბობს თემურ ფაღავა.

ტექნიკური დათვალიერების მიუკერძოებლად ჩატარების კიდევ ერთ არგუმენტად ცენტრში კომპიუტერული სისტემა დაგვისახელეს. თუმცა, როგორც ვნახეთ, რამდენიმე ეტაპზე ავტომანქანის შეფასება მხოლოდ ინსპექტორის კეთილსინდისიერ შეფასებაზეა დამოკიდებული.

„გამოდის, რომ ადამიანმა რამდენიმე ინსპექტორი უნდა მოისყიდოს. აქ ყველა ეტაპს თავისი ინსპექტორი ჰყავს. გამორიცხული არაფერია, მაგრამ ჩვენთან ასე არ ხდება,“ – გვითხრა თემურ ფაღავამ.

ინსპექტირების ცენტრ „გივაში“ დღეში დაახლოებით 100 ავტომანქანა მოწმდება. ცენტრის რეგისტრატურაში გვითხრეს, რომ ინსპექტირებაზე მისული ავტომანქანების უმრავლესობა გამოცდას წარმატებით აბარებს.

„ისე არ მოდიან, თუკი ავტომანქანა გაუმართავია. იციან, რომ ტყუილად ფული უნდა დახარჯონ,“ – დასძინეს ინსპექტორებმა.

მსუბუქი ავტომანქანების შემოწმება 60 ლარი ღირს, ავტომანქანები კი, რომელთა ტვირთამწეობაც სამტონა-ნახევარზე მეტია – 100 ლარი;  დიდი სამგზავრო ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები – 100 ლარი; მისაბმელიანი მანქანები – 60 ლარი.

თუკი ავტომანქანა ინსპექტირებას ვერ გაივლის, მას ერთთვიანი გამოსასწორებელი ვადის გასვლის შემდეგ ამავე ფასში შეუძლია შემოწმების ხელახლა გავლა.

„დაახლოებით 300-400 ლარი დამიჯდა ავტომანქანის შეკეთება საიმისოდ, რომ ინსპექტირება გამევლო. ხარჯია, მაგრამ საჭიროა,“ – გვითხრა რეგისტრატურაში მყოფმა ერთ-ერთმა მძღოლმა, ლაშა ლობჯანიძემ.

ზოგიერთმა მძღოლებმა გვითხრა ისიც, რომ ტექნიკური ინსპექტირების მოთხოვნა სამართლიანია, მაგრამ ხელისუფლებამ, პირველ რიგში, გზების ხარისხს უნდა მიხედოს.

ავტომანქანების ტექნიკური დათვალიერება სავალდებულო პირველი იანვრიდან გახდა. ათვლის წერტილი ავტომობილის საქართველოში რეგისტრაციის თარიღია. მაგალითად, თუ თქვენ ავტომანქანა ორი წლის წინ – 15 აგვისტოს დაარეგისტრირეთ, კანონმდებლობით მიხედვით, 15 აგვისტომდე ვალდებული ხართ ტექნიკური შემოწმება გაიაროთ. თუ შემოწმებას თავს აარიდებთ, ან მას ვერ გაივლით, თქვენი მანქანის ნომერი ერთიან ბაზაში გამოჩნდება და მას ქუჩებში პატრულ-ინსპექტორების გარდა, ე.წ. „ჭკვიანი ვიდეოკამერები“ დააფიქსირებენ. ჯარიმა – 50 ლარია.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: