განათლება,მთავარი,სიახლეები

განათლების სამინისტრო: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა უქმდება

18.01.2019 • 5479
განათლების სამინისტრო: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა უქმდება

საქართველოს განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა უქმდება. „პედაგოგებს ხელი უნდა შევუწყოთ საკლასო ოთახში შემოქმედებითობისთვის და არა შევუშალოთ“, – განაცხადა მინისტრმა დღეს, 18 იანვარს, განათლების სფეროში დაგეგმილი ცვლილებების პრეზენტაციისას.

პრესრელიზში, რომელიც „ბათუმელებს“ სამინისტროს პრესსამსახურმა მოაწოდა, ნათქვამია, რომ პედაგოგები სტატუსის შესანარჩუნებლად კრედიტქულებს აღარ დააგროვებენ.

„ჩვენი პრიორიტეტი და ორიენტირი მოსწავლე, მისი განვითარება და პედაგოგია, რომელიც ამას უზრუნველყოფს. არსებული სქემა კი ამის საშუალებას და შედეგს არ იძლევა, ის დღეს მხოლოდ ხელის შემშლელი ფაქტორია.

მასწავლებლები გათავისუფლდებიან ბიუროკრატიისგან და შეექმნებათ საშუალება, მეტი შემოქმედებითობისთვის. რამდენად კარგია მასწავლებელი, უნდა ჩანდეს გაკვეთილზე და არა ქაღალდებში“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მინისტრის თქმით, ცვლილება ეტაპობრივად განხორციელდება, რათა არ მოხდეს პროცესის რღვევა მათთვის, ვინც უკვე ჩართულია სქემაში. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ უქმდება თვითშეფასების კითხვარიც, რომელიც ნებაყოფლობითი გახდება.

„ბათუმელების“ კითხვაზე, – როგორ მოხდება კარიერულ სქემაში პედაგოგების წინსვლა, თუკი კრედიტქულების დაგროვების სქემა აღარ იქნება? ამ კითხვაზე სამინისტროში ჯერჯერობით პასუხი არ აქვთ.

სამინისტროში ვერც იმას აზუსტებენ, სავალდებულო გახდება თუ არა საგნობრივი გამოცდები პედაგოგებისთვის.

დეტალურ ინფორმაციას „ბათუმელები“ პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მოგაწვდით.

მინისტრის გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს განათლების სამინისტროსგან გამოგზავნილი დოკუმენტი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: