21 იანვარს სწავლა განახლდება – როგორ დავიცვათ ბავშვები გრიპისა და წითელას ვირუსისგან

საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი 21 იანვარს განახლდება. H1N1 ვირუსის გავრცელების გამო სწავლა განათლების სამინისტრომ ერთი კვირით გადადო და ნაცვლად 15 იანვრისა, სწავლა 21 იანვარს განახლდება.

დღეს, 18 იანვარს, საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლებს რეკომენდაციები დაუგზავნა, თუ რა უნდა გაითვალისწინონ სწავლის დაწყების დროს.

სამინისტრო მოუწოდებს სკოლებს, რომ სასწავლო პროცესის დაწყებამდე შენობები სადეზინფექციო საშუალებებით დაამუშაონ.

„ამასთან, სასწავლო პროცესის აღდგენის შემდეგ, სისტემატურად დაიცვან სრული სისუფთავე, დალაგდეს სველი წესით საკლასო ოთახები და დერეფნები, შესაბამისი ხსნარებით გაიწმინდოს მერხები, სკამები და სასკოლო ინვენტარი“, – ნათქვამია სამინისტროს რეკომენდაციაში.

სამინისტრო სკოლებს ასევე ურჩევს, რომ უზრუნველყონ სკოლის ექიმების სრულფასოვანი ჩართულობა პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას და დაიცვან ყველა ის რეკომენდაცია, რაც დაავადების თავიდან აცილებას უკავშირდება და რომელსაც ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის რუსუდან შავიშვილის თქმით, გრიპის ვირუსის ან გაციების ნიშნების შემთხვევაში მოსწავლე აუცილებლად უნდა დარჩეს სახლში, თვითიზოლაციაში და იმკურნალოს, „პირბადით მისი სკოლაში მისვლა დაუშვებელია“.

დღეს ასევე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მოსახლეობას წითელას ვირუსთან დაკავშირებით მისცა რეკომენდაციები.

დავით სერგეენკოს განცხადებით, ამ დროისთვის წითელას ვირუსის 335 შემთხვევაა გამოვლენილი 20-დან 40 წლამდე ასაკის ადამიანებში.

მინისტრის თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი ადამიანი არ არის გეგმიურად აცრილი ბავშვობაში წითელაზე ან არ ახსოვს, აიცრა თუ არა, ვაქცინაცია არის აუცილებელი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, რისკჯგუფებში შედიან ასევე 0-დან ერთ წლამდე ბავშვები.

„ბავშვი წითელას საწინააღმდეგო აცრაზე იცრება 1 წლის და 5 წლის ასაკში. თუ ბავშვი არ არის ამ პერიოდში აცრილი, მისი აცრა აუცილებელია. [ასევე, 20-იდან 40 წლამდე მოქალაქეები, ვისაც არ აქვს აცრა ჩატარებული. ორსულობის დროს წითელაზე აცრა არ შეიძლება. წითელა 90 პროცენტის შემთხვევაში არის გადამდები, მაგრამ, ვისაც უკვე გადატანილი აქვს, მას ხელმეორედ აღარ ემართება“].

ამირან გამყრელიძის თქმით, წითელა აუცრელობის შემთხვევაში იწვევს სერიოზულ გართულებებს, ფილტვების ანთებას, სიყრუეს, ოტიტს, ენცეფალიტს და ა.შ. „გასულ წელს წითელას ვირუსით სამი ადამიანი გარდაიცვალა, სამივე იყო აუცრელი“, – აცხადებს ის.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, გრიპის ვირუსისგან გასხვავებით, აცრის გარდა წითელასგან თავდაცვის სხვა ალტერნატივა არ არსებობს.

რუსუდან შავიშვილის თქმით, წითელას მიმღები არის პირი, ვისაც არ გადაუტანია წითელა და არ ჩამოუყალიბდა მყარი იმუნიტეტი, ვირუსი უვითარდება ადამიანს, ვისაც აქვს არასრულად ჩატარებული აცრა ან აუცრელია.

„ყველა ბაღსა და სკოლაში მოსიარულე ბავშვი და მშობელი ვალდებული იყო სასწავლო დაწესებულებაში წარედგინა აცრის დამადასტურებელი სამედიცინო დოკუმენტი. ახლა ამ სტატუსებს ამოწმებს სკოლა და თუკი რომელიმე ბავშვს აცრა არ აქვს, აფრთხილებს ბავშვებს“.

შავიშვილის თქმით, თუ აღმოჩნდა ბავშვი, რომელსაც ამა თუ იმ მიზეზით ან საერთოდ არ აქვს ჩატარებული აცრა, ის არის მიმღებელი: „ასეთი ბავშვების პერსონალური სიები იქმნება. საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრებს შესაბამისი რეკომენდაცია-მოთხოვნა აქვს მიწოდებული, მოიკვლიონ ასეთი ბავშვები, ვაქცინაცია რომ ჩაუტარდეთ“.

როგორც დავით სერგეენკო აცხადებს, წითელას ვირუსის გამო სასწავლო პროცესის გადადებაზე რეკომენდაცია არ არის. „თუმცა, დღის ბოლოს გვექნება განათლების სამინისტროსთან შემაჯამებელი კონსულტაცია“, – განაცხადა მან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი

ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com