მთავარი,სიახლეები

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო გაფანტული სკლეროზის მკურნალობას დააფინანსებს

18.01.2019 • 1861
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო გაფანტული სკლეროზის მკურნალობას დააფინანსებს

„ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების“ საპილოტე პროგრამის ფარგლებში, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო, წელს პირველად, გაფანტული სკლეროზის მაღალეფექტური მედიკამენტით  მკურნალობას დააფინანსებს.

„ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების“ პროგრამის ფარგლებში გაფანტული სკლეროზით დაავადებულ პაციენტებს დადასტურებული დიაგნოზით, მედიკამენტები დაუფინანსდებათ სამედიცინო დაწესებულების ან სააფთიაქო კომპანიების მიერ გაცემული ანგარიშფაქტურის მიხედვით, შემდეგი პროპორციებით:

70 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე პაციენტების – 100 %-ით; 70 001-დან 100 000 ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე პაციენტების – 90 %-ით; 100 001-დან 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე პაციენტებს და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს – 80 %-ით; სხვა დანარჩენ პაციენტს – 70% -ით. წლიური ლიმიტი ერთ პაციენტზე შეადგენს 25 000 ლარს. პროგრამაში ჩაერთვებიან მხოლოდ აჭარის ტერიტორიაზე დარეგისტრირებული პაციენტები.

სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წელს პროგრამაში ჩაერთვება 10 ბენეფიციარი.

ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს სასტუმრო „შერატონში“ კონფერენცია გაიმართა თემაზე: „გაფანტული სკლეროზის ტრანსფორმაცია – დღეს ეს შესაძლებელია“.  შეხვედრა აჭარის  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ გახსნა, სადაც  გაფანტული სკლეროზის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ახალი მეთოდები, ფიზიკური უნარშეზღუდულობის შეფასება გაფანტული სკლეროზის დროს და სხვა საკითხები განიხილეს. შეხვედრას ადგილობრივ სპეციალისტებთან ერთად ესწრებოდნენ საქართველოს გაფანტული სკლეროზის ექსპერტთა ჯგუფის წევრები.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: