მთავარი,სიახლეები

“ბავშვის გაჩენისთვის ქალს არ უნდა აგდებდნენ” – 11 წელი შშმ პირებისა და მარტოხელა დედების გვერდით

18.01.2019 • 4524
“ბავშვის გაჩენისთვის ქალს არ უნდა აგდებდნენ” – 11 წელი შშმ პირებისა და მარტოხელა დედების გვერდით

ბათუმში, მახინჯაურის დასახლებაში, სათნოების ქუჩაზე ოთხსართულიანი, ყვითლად შეღებილი შენობა დგას. შენობაში შშმ პირთა სარეაბილიტაციო დღის ცენტრია. დილაობით აქ მიკროავტობუსებს 60-მდე ადამიანი მოჰყავთ, ბავშვები და ზრდასრულები. ზოგიერთ მათგანს ცერებრალური დამბლა აქვს, ზოგიერთს – ღრმა გონებრივი ჩამორჩენა.

ამავე შენობაშია მარტოხელა დედათა და ბავშვთა თავშესაფარიც, რომელიც ერთადერთია აჭარაში. აქ, ძირითადად, ის ქალები ცხოვრობენ შვილებთან ერთად, რომელთა დახმარებაზე მამებმა, დედებმა, და-ძმებმა და ნათესავებმა მას შემდეგ თქვეს უარი, როცა ქალმა შვილი გააჩინა. აქ მცხოვრები ქალები მარტოხელა დედები არიან ან ის დედები, რომელთაც წასასვლელი არსად აქვთ.

დღის ცენტრსა და მარტოხელა დედათა თავშესაფარს ნანა საყვარელიძე ხელმძღვანელობს. ის  პროფესიით პედიატრია, წლების წინ მახინჯაურის ჩვილ ბავშვთა სახლში დირექტორად მუშაობდა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების სარეაბილიტაციო პროგრამების საჭიროებაზე ჯერ კიდევ მაშინ დაფიქრდა, როცა საქართველოში მსგავსი პრაქტიკა არ არსებობდა. მერე საქართველოში ბავშვთა სახლები დაიხურა და ნანა საყვარელიძე იდეის განხორციელებას შეუდგა, სახელმწიფოს თანადაფინანსებით აჭარაში   შშმ პირთა დღის პირველი ცენტრი გახსნა 2007 წელს.

თუმცა ეს მარტივად არ მომხდარა. ცენტრის გახსნას წინ უძღოდა კვლევა 2004-2006 წლებში.

„ეს იყო დიდი კვლევა აჭარის მასშტაბით. აღმოვაჩინეთ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების უმრავლესობა სახლის გარეთაც არ იყო ნამყოფი. ძირითადად, ჩაკეტილები იყვნენ სახლში, ეშინოდათ გარემოსი და მშობლებს ჰქონდათ უზარმაზარი სტიგმა, არ იყო ელემენტარული ინფორმაციაც კი. 2007 წელს გადავწყვიტეთ გაგვეხსნა დღის ცენტრი შშმ ბავშვებისთვის, სადაც ისინი შეძლებდნენ დღის გატარებას, საჭირო უნარ-ჩვევების შეძენას, ხატვას, სიმღერას, გართობას, გამოვიდოდნენ ჩაკეტილი სივრციდან.“

სამედიცინო ასოციაცია „თანას“, რომელსაც ნანა საყვარელიძე ხელმძღვანელობს, შენობა დღის ცენტრის გასახსნელად არ ჰქონდა, მაგრამ იჯარით მოახერხეს ორსართულიანი სახლის აღება ბათუმის გარეუბანში და იქვე გახსნეს შშმ პირთა დღის პირველი ცენტრი ბათუმში, რითაც ათეულობით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვსა და მოზარდს მიეცა სწავლის, ვარჯიშის, მკურნალობისა და გართობის საშუალება მეგობრულ, არასტრესულ გარემოში.

„სულ რვა ბავშვი იყო თავიდან და ზუსტად მახსოვს, როგორ მოვიდნენ პირველად ბავშვები, შეშინებულები, შებოჭილები და რა სწრაფად მოეხსნათ ეს შიში. ძალიან კარგი შედეგი მივიღეთ მოკლე დროში. ინფორმაცია მალე გავრცელდა დღის ცენტრის შესახებ და რვა ბავშვის ნაცვლად უკვე 25 ბავშვი დადიოდა დღის ცენტრში.

ბავშვები აწყობდნენ კონცერტებს, გამოფენებს, ისინი აღარ იყვნენ მხოლოდ სახლში ჩაკეტილები. მშობლებიც ხედავდნენ, როგორ შეიცვალნენ მათი შვილები“, – ყვება ნანა საყვარელიძე.

მიუხედავად სწრაფი და კარგი შედეგისა, ნანა საყვარელიძე ამბობს, რომ ეს საკმაოდ რთული პერიოდი იყო:

„ერთხელ შევხვდი ერთი თანამდებობის პირს, რას აკეთებთ დღის ცენტრში, ცეკვავთ და მღერითო – მითხრა. პირველ ეტაპზე ეს გაკეთდა იმისთვის, რომ ბავშვები როგორმე გამოგვეყვანა ოჯახებიდან და მშობლებს ჰქონოდათ ამოსუნთქვის საშუალება. დასავლეთის მაგალითები მიგვანიშნებს, რომ არის კარგი შედეგები ამ მიმართულებით. მალევე დადგა საკითხი არა მხოლოდ ჩართულობის, არამდე ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, ამიტომაც გავაკეთეთ რეაბილიტაციის ცენტრიც, სადაც სხვადასხვა სპეციალისტის: ფსიქოლოგის, ნევროპათოლოგის, ლოგოპედის ჩართულობით მუშაობენ ბავშვებთან. გვინდოდა, ეს მომსახურებები მოგვექცია ერთ სივრცეში, რომ მშობელს არ ეწვალა ბავშვის აქეთ-იქეთ ტარებისას.

ვმუშაობთ მშობლებთანაც. ზოგიერთ მათგანს ხელი აქვს ჩაქნეული. რა თქმა უნდა, უყვართ საკუთარი შვილები, მაგრამ ბევრს არ სჯერა, რომ რაიმე გამოვა.

ჩვენთან, ჯგუფებში, ძირითადად არიან ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვები და ბავშვები გონებრივი განვითარების ღრმა ჩამორჩენით. ხან მეკითხებიან, არ გიჭირს აქ მუშაობაო?! არადა, იმდენად დადებითი აურა მოდის ამ ბავშვებიდან… სულ პატარა წარმატებასაც გიზიარებენ, გაჩვენებენ – აი, ნახე რა გავაკეთე. ძალიან უყვართ, როცა მათთან ვცეკვავ, ვერთობი, ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს ეს და ასეთ დროს ვფიქრობ, რომ რაღაცას ვაკეთებ, მცირეს, მაგრამ მაინც.“

ამავე თემაზე: გაიცანით ეთო დღის ცენტრიდან 


2013 წელს ხელისუფლებამ სამედიცინო ასოციაცია „თანას“ ათი წლის ვადით გადასცა შენობა, სადაც „თანამ“ დღის სარეაბილიტაციო ცენტრი გახსნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და მარტოხელა დედათა და ბავშვთა თავშესაფარი. შენობის გარემონტებასა და კეთილმოწყობაში „თანას“ თურქეთის განვითარების სააგენტო „თიკა“ დაეხმარა.

ახლა დღის ცენტრში დღის ორი ცენტრია, ბავშვებისა და უფროსებისთვის. თითოეულ დღის ცენტრში 30 ბენეფიციარია. დღის ცენტრის ბენეფიციარები დილას სახლიდან ცენტრამდე მიკროავტობუსით მოჰყავთ, საღამოს კი ისევ სახლში მიჰყავთ. 18 წლამდე შშმ პირთათვის სარეაბილიტაციო პროგრამას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო აფინანსებს,  პროგრამას 18 წელს გადაცილებული ასაკის ბენეფიციარებისთვის კი – ბათუმის მერია.

„18 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში, ძირითადად, მძიმე გონებრივი ჩამორჩენის მქონე პირები არიან. ვასწავლით სახლის დალაგებას, სუფრის გაწყობას, მარტივი საკვების მომზადებას… ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანი უნდა რეალიზდეს, თავის თავს მოუაროს, ფულის ნიშანი იცოდეს, შეეძლოს მაღაზიაში წასვლა, პროდუქტის შეძენა…“ – ამბობს ნანა საყვარელიძე.

ერთ ბენეფიციარზე სახელმწიფო დაფინანსება დღის ცენტრში 11 ლარია. ამ თანხაში შედის ტრანსპორტირების, ორჯერადი კვების, სპეციალისტების მუშაობისა და კომუნალური გადასახადების ხარჯები.

„ცხადია, ყველა ხარჯი ვერ იფარება ამ პროგრამით, ჩვენ გვაქვს სხვა პროგრამებიც, რომელთა დახმარებითაც ვცდილობთ ბიუჯეტის შევსებას. კარგი პერსონალი გვყავს. ვთვლი, რომ მათი ანაზღაურება დღესაც ცოტაა, მაგრამ ჩვენ ამ თანხიდან რომ გადავიხადოთ მათი ხელფასებისთვის, ბავშვებისთვის თანხა აღარ დარჩება. სამწუხაროდ, ბევრი ორგანიზაცია საქართველოში ამ პრობლემის წინაშე აღმოჩნდა და დაიხურა“, – ამბობს ნანა საყვარელიძე.

“შემოდგომის ზეიმი” შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სარეაბილიტაციო ცენტრ “თანაში” 

შეიცვალა თუ არა საზოგადოების დამოკიდებულება 2007 წლიდან დღემდე? – კითხვაზე ნანა საყვარელიძე პასუხობს, რომ ცვლილებები არის, თუმცა არა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს:

„ჯერ კიდევ ბევრი რამეა გასაკეთებელი, განსაკუთრებით სკოლებში, მშობლებთან… არ შეიძლება მშობელმა უარი თქვას იმაზე, რომ მის შვილთან კლასში იჯდეს შშმ ბავშვი. მერე არის საზოგადოების დამოკიდებულება – „ვაიმე რა ცოდოა“. ცოდოა იმიტომ, რომ ჩვენ ვერ ვქმნით პირობებს, სადაც მას თავისუფლად შეეძლება ცხოვრება.

შვედეთში ვიყავით სტუმრად ქალთან, რომელიც კუნძულზე მარტო ცხოვრობდა და აბსოლუტურად უვლიდა საკუთარ თავს, მიუხედავად მძიმე ფიზიკური შეზღუდულობისა, იმიტომ რომ გამოყენებული იყო ტექნოლოგიები. კვირაში ერთხელ მიდიოდა ექთანი და ნახულობდა, რაიმე ხომ არ სჭირდებოდა. რამდენიმე დღის წინ ვნახე ვიდეო, ვიტირე. იაპონიაში კაფეში რობოტები ემსახურებიან სტუმრებს და ამ რობოტებს თვალებით, მზერით მართავენ შშმ პირები სახლიდან, მუშაობენ, ანაზღაურებას იღებენ.

ყველა ადამიანს სჭირდება იყოს ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში, თავი იგრძნოს საზოგადოების წევრად, იყოს რეალიზებული, საჭირო, სასარგებლო. ეს შესაძლებელია, არ არის ძალიან ძვირი, რომ ადამიანებს ხელი შუვუწყოთ, დავასაქმოთ, მაგრამ არა ქაღალდზე, როგორც ხშირად ხდება ჩვენთან.

ჩვენთან სტრატეგია არსებობს, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერ მხოლოდ ქაღალდზე. იგივე კანონი, რომელიც გამოვიდა ადაპტირების შესახებ, არსებობს, მაგრამ არ სრულდება. ძველი შენობების ადაპტირება და გადაკეთება რომ ძნელია, გასაგებია, მაგრამ როცა ახალი შენდება, ხომ შეიძლება იყოს ადაპტირებული? არ უნდა იბარებდნენ არაადაპტირებულ შენობებს. იგივე ავტობუსების თემა – კარგია, როცა ავტობუსი ადაპტირებულია, მაგრამ გაჩერებაა არაადაპტირებული. ასეთი რამ სტიგმას კი არ ებრძვის, პირიქით, აძლიერებს.

გავიაროთ და ვნახოთ, რამდენი ქუჩაა ადაპტირებული ბათუმში?! ბაგრატიონი ხომ ახლა გაკეთდა, სადმე არის პანდუსი? ჩვენ ყველა მოვხუცდებით, პანდუსი არ არის მხოლოდ შშმ პირებისთვის, ესაა მოხუცებისთვის, დედებისთვის, რომელთაც ჩვილი ბავშვი გადაჰყავთ ეტლით, ეს მთავრობამ უნდა გაისიგრძეგანოს და საზოგადოებამაც – ეს ჩვენი ქვეყანაა ხომ?!“

სათნოების ქუჩაზე მდებარე შენობაში, დღის ცენტრის გარდა, დედათა და ბავშვთა თავშესაფარიცაა, სადაც ახლა 10 დედა და 12 ბავშვი ცხოვრობს. თავიდან თავშესაფარი  მხოლოდ მარტოხელა დედებისა და მათი შვილებისათვის იყო, თუმცა წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ პროგრამა გააფართოვა.

ამავე თემაზე: ვის შეეძლება დედების თავშესაფრით სარგებლობა აჭარაში – პროგრამა ფართოვდება

ჩვენი მიზანია ქალებს, რომლებიც მხოლოდ იმიტომ დარჩნენ ოჯახის მხარდაჭერის გარეშე, რომ შვილი გააჩინეს ან არ გააჩნიათ შემოსავალი და თავშესაფარი, მივცეთ განათლება ან მოვუძებნოთ სამსახური. თუ ბავშვი უკვე ერთი წლისაა და დედას სურს დასაქმება, ბავშვი რჩება აღმზრდელთან და დედა გადის სამსახურში, მათ აქვთ თავშესაფარი, კვება, აუცილებელი ნივთები. ახლა ვიწყებთ თურქული ენის კურსს, რადგან არის ამის მოთხოვნა ბაზარზე.

მე ყველა მათგანის ოჯახის წევრს ვხვდები. იმაზე გვიწევს საუბარი, რომ ქალმა თუ ბავშვი გააჩინა, ამისთვის სახლიდან გასაგდები არ არის. რომ ქალი, რომელსაც ჰყავს დედა [თუმცა დედები ხშირად ასეთ დროს ოჯახის წნეხის ქვეშ არიან], მამა, ძმები, დები, ქუჩაში რჩებიან იმის გამო, რომ შვილი გააჩინეს.“

თავშესაფარში მცხოვრებ ქალებს მუშაობის დაწყების შემდეგ შეუძლიათ ბინა იქირაონ ან შეიძინონ და თავშესაფარი დატოვონ, თუმცა ეს ასე არ ხდება. ერთი ადამიანის ანაზღაურებით ბინის დაქირავების ან ყიდვის შესაძლებლობა და იმავე დროს ყველა საჭირო ხარჯის დაფარვა რთულია, ამიტომაც ქალებს თავშესაფრის დატოვება უჭირთ. ნანა საყვარელიძე ამბობს, რომ ამ საკითხის ადვოკატირება აუცილებელია:

„მოტივირებულ მშობელს, რომელიც მუშაობს, დაინტერესებულია თავშესაფრიდან გასვლით,  სახელმწიფო უნდა დაეხმაროს. ბათუმის მერია ახორციელებს ხელმისაწვდომი საცხოვრისის პროგრამას [ე.წ. იაფი სახლი], ჩვენი რეკომენდაციით მინდა ჩართონ რამდენიმე მშობელი ამ პროგრამაში. ტყუილად ჩვენ არავის მივცემთ რეკომენდაციას. ამჟამად ჩვენთან, თავშესაფარში ცხოვრობს ქალი, რომელიც ორ ადგილას მუშაობს და შეძლებს პროგრამის ფარგლებში ბინისათვის თანხის გადახდას, მაგრამ ჩვეულებრივ პირობებში მსგავსი, მოტივირებული მშობლები ბინის ყიდვას ვერ შეძლებენ და ეს ძალიან ცუდია, რადგან თუ ადამიანი ფიქრობს – რაც არ უნდა ვიმუშაო, ბინას მაინც ვერ ვიყიდი, ის თავს ჩიხში გრძნობს, მისი მოტივაცია მაღალი ვერ იქნება. წელიწადში ერთ-ორი ბინა ასეთი ქალებისთვის რომ იყოს გათვალისწინებული, ეს იქნება დიდი სტიმული მათთვის და სახელმწიფოც მოიხსნის ტვირთს. მაინც სტიგმა აქვთ ადამიანებს, რომ თავშესაფარში ცხოვრობენ. როცა ადამიანს უნდა თავად შეინახოს საკუთარი თავი, მუშაობს, ყველაფერს აკეთებს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, სახელმწიფო მას უნდა დაეხმაროს ამაში.“

ამავე თემაზე: დედები თავშესაფრიდან

იანვრის პირველ ნახევარში დღის ცენტრში არდადეგებია. ნანა საყვარელიძე ამბობს, რომ ეს პერიოდი დღის ცენტრის ბენეფიციარებს არ უყვართ, რადგან ერთმანეთს ვერ ნახულობენ და, ძირითადად, სახლში უწევთ ყოფნა.

„საუკეთესო შემთხვევაში მინდა ათი წლის შემდეგ ამ ბავშვებს შეეძლოთ დამოუკიდებლად გადაადგილება, დამოუკიდებლად ცხოვრება, რომ არ იყოს მათი მარტო დარჩენის, არარეალიზებულობის შიში. თუ ჩვენ გვინდა გავხდეთ განვითარებული მსოფლიოს ნაწილი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე უნდა ვიზრუნოთ. სხვა გამოსავალი არ არსებობს“, – ამბობს ნანა საყვარელიძე.

გადაბეჭდვის წესი