მთავარი,სიახლეები

ბარცხანის ხიდზე რეაბილიტაციის დროს ავტომანქანები ერთ ზოლში იმოძრავებენ

17.01.2019 • 4234
ბარცხანის ხიდზე რეაბილიტაციის დროს ავტომანქანები ერთ ზოლში იმოძრავებენ

ბათუმის მერია 2019 წელს ბარცხანის ხიდის რეაბილიტაციას გეგმავს. მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ შესაბამისი სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. პირობებში აღნიშნულია, რომ ხიდზე მოძრაობის მთლიანად ჩაკეტვა არ იგეგმება. ხიდის რეაბილიტაცია 2019 წლის 21 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება კი იმ ხელშეკრულების გაფორმებაზე იქნება დამოკიდებული, რომელსაც კეთილმოწყობის სამმართველო ტენდერში გამარჯვებულთან გააფორმებს. ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის პირველ თებერვალს დაიწყება და 6 თებერვალს დასრულდება. სატენდერო თანხა 778 140 ლარია.

„ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული, რაც ძირითადად გამოწვეულია იმით, რომ ვერ ხერხდება რეაბილიტაციის მიმდინარეობისას ხიდის მთლიანი ჩაკეტვა და მთელი მოძრაობის სხვა მიმართულებით გადართვა.

ამის გამო გათვალისწინებულია, რომ ხიდზე გაშვებული იქნას ერთზოლიანი მოძრაობის ნაკადი. ამის პარალელურად ხიდის სავალი ნაწილის ნახევარსა და ხიდის მთელ სიგრძეზე უნდა წარიმართოს სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც მოიცავს: ხიდზე ტროტუარების, მოაჯირების სავალი ნაწილის ასფალტ-ბეტონის ფენილის აღება-გასუფთავებას და შემდგომ ხიდზე ჰიდროსაიზოლაციო ფენის, სადეფორმაციო ნაკერების, ტროტუარების, მოაჯირებისა და ასფალტბეტონის ფენის ახლიდან მოწყობას.

აღნიშნული სამუშაოების დამთავრების შემდეგ უნდა ჩაიკეტოს ხიდის მეორე ნახევარი და მოძრაობა გადართული უნდა იქნას რეაბილიტაციაჩატარებულ სავალ ნაწილზე, ხოლო მეორე ნაწილზე შესაბამისად ჩატარდეს იგივე სამუშაოები,“ – აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტებში.

სატენდერო განაცხადში ასევე აღნიშნულია, რომ „ხიდის არსებული მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება ძალზე კვალიფიციურობას მოითხოვს. რაც იმას ნიშნავს, რომ ხიდზე მშენებლობის პროცესში მარტო უსაფრთხოების ზომების დაცვა არ არის საკმარისი [ეს ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია], საჭიროა სამუშაოების ჩატარების მკვეთრად გამოხატული თანმიმდევრობა, რომ მთლიანობაში ნაგებობაზე შესრულებული სამუშაოები კვალიფიციურად იქნას ჩატარებული“.

საგარანტიო პერიოდი შეადგენს 36 თვეს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან; საგარანტიო პერიოდის განმავლობაში ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში კი მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მიერ დადგენილ ვადაში მოახდინოს გამოვლენილი ხარვეზის აღმოფხვრა ისე, რომ შესრულებული სამუშაოები სრულ შესაბამისობაში იყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან.

ბარცხანის [რკინიგზაზე გადასასვლელი] ხიდის სიგრძე 366,3 მეტრია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: