განათლება,მთავარი,სიახლეები

მიხეილ ბატიაშვილი: დღეს სისტემა აწარმოებს დაუსაქმებელ ადამიანებს

16.01.2019 • 3122
მიხეილ ბატიაშვილი: დღეს სისტემა აწარმოებს დაუსაქმებელ ადამიანებს

საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, დღეს 16 იანვარს, ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ დღეს არსებული განათლების სისტემა ისეთ ადამიანებს უშვებს, რომლებსაც შრომის ბაზარზე დასაქმება არ შეუძლიათ.

„სისტემა აწარმოებს დაუსაქმებელ ადამიანებს, რომლებსაც უჭირთ შრომით ბაზარზე ადგილის დამკვიდრება,“-განაცხადა მან.

მინისტრის თქმით, ეს მოდელი შეიცვლება. „უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსების ახალი მოდელი ამას უზრუნველყოფს,  მოხდება სწორი მიდგომების წახალისება როგორც უმაღლესი, ასევე, პროფესიული განათლების მიმართულებით და ეს გულისხმობს არა ზედაპირულ განცხადებებს, არამედ კონკრეტული შედეგების დადგომას უსწრაფეს რეჟიმში,“ – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მინისტრი ამბობს, რომ უმაღლესი განათლება უნდა გახდეს „ერთიანი ევროპული საგანმანათლებლო სივრცის ნაწილი“, თუმცა დეტალებს ჯერჯერობით არ ახმაურებს.

მისი განცხადებით, დაგეგმილი ცვლილების შესახებ საზოგადოება ინფორმაციას ეტაპობრივად მიიღებს.

„ექსპერტთა ჩართულობით შემუშავებული განათლების რეფორმის ათი პაკეტი ყველა მიმართულებას მოიცავს, რომლის მიზანს განათლების ხარისხის ამაღლება წარმოადგენს,“- განაცხადა მინისტრმა.

ჟურნალისტებთან შეხვედრისას მინისტრმა, ასევე, ისაუბრა ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ მოსალოდნელ ცვლილებაზე, თუმცა კონკრეტული დეტალები არც ამ შემთხვევაში გაუჟღერებია.

მინისტრი შეეხო საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის საკითხსაც. მისი თქმით, სკოლებში ინფრასტრუქტურის განახლების მიზნით ბიუჯეტი გასამმაგდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: