მთავარი,სიახლეები

ძლიერი ქარის შემდეგ შსს-მ 17 ფაქტზე დაიწყო გამოძიება

16.01.2019 • 2388
ძლიერი ქარის შემდეგ შსს-მ 17 ფაქტზე დაიწყო გამოძიება

ძლიერი ქარის შედეგად მოქალაქეების დაშავებისა და ავტომობილების დაზიანების 17 ფაქტზე დაიწყო გამოძიება. ოფიციალური მონაცემებით, ბათუმში 4 ადამიანი დაშავდა და ისინი სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს, დაზიანდა 13 ავტომანქანა.

ამ დრომდე ბათუმში რამდენიმე ქუჩის სხვადასხვა მონაკვეთია გადაკეტილი, რადგან სამაშველო სამსახური ქუჩებს დაზიანებული ხეებისგან ათავისუფლებს. სამაშველო სამსახურში დღეს, 16 იანვარს, ბათუმიდან 40 შეტყობინება შევიდა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობენ სამაშველო, პრევენციულ და საგამოძიებო ღონისძიებებს,“- აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, მოქალაქეების დაშავების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის შესაბამისად დაიწყო, რაც სამშენებლო სამუშაოების უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. გამოძიება დაწყებულია 124-ე მუხლითაც, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან ნაკლებად მძიმე, გაუფრთხილებლობით დაზიანების მიყენებას გულისხმობს.

ავტომობილების დაზიანების ფაქტზე კი, გამოძიება სხვისი ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: