ბათუმის მერი: ბათუმის პორტში საშიში ნივთიერებების ადგილი არ არის

დღეს, 14 იანვარს, სასტუმრო „ჰილტონში“ ხელი მოეწერა შეთანხმებას ამერიკულ კომპანიასა და ქართულ მხარეს შორის, რომლის საფუძველზეც, ბათუმის პორტში მინერალური სასუქების გადამზიდი ტერმინალი უნდა აშენდეს. საზოგადოების გარკვეული ნაწილი ტერმინალის მშენებლობის წინააღმდეგია, რადგან მიიჩნევენ, რომ ის ეკოლოგიურად საფრთხის შემცველია.

ხელმოწერის ცერემონიაზე „ჰილტონში“ იმყოფებოდა ბათუმის მერი ლაშა კომახიძეც. შესაძლო ეკოლოგიურ საფრთხეებთან დაკავშირებით მან კომენტარი „ბათუმელებთან“ გააკეთა.

ლაშა კომახიძე ამბობს, რომ მაღალი საფრთხის შემცველი ნივთიერებების შემთხვევაში, მერია მოითხოვს გაცილებით მკაცრ რეგლამენტს და რეგულაციებს. „თუმცა, ვფიქრობ, რომ ბათუმის პორტში საშიში ქიმიური ნივთიერებების ადგილი არ არის“.

ლაშა კომახიძის თქმით, 18 იანვარს ბათუმის საკრებულოში ახალ ტერმინალთან დაკავშირებით იგეგმება სპეციალური პრეზენტაცია როგორც საკრებულოს წევრებისთვის, ასევე, ყველა დაინტერესებული წრეებისთვის.

„მერიაში შემოსულია მოთხოვნა ნებართვაზე პორტში კარბამიდის, იგივე შარდოვანას საწყობის აშენებასთან დაკავშირებით. არქიტექტურის სამსახურის მიერ მოთხოვნილ იქნა დამატებითი, ე.წ. სქრინინგის საბუთი ეკოლოგიის მიმართულებით, გარემოს დაცვის სამინისტროდან თუ რამდენად არის შესაძლებელი ტერმინალის მშენებლობა და რა კატეგორიას განეკუთვნება ეს მშენებლობა.

თუ ის არის მაღალი საფრთხის შემცველი ქიმიური ნივთიერება, მაშინ ის გადის მეხუთე კატეგორიაში და ამ შემთხვევაში ბათუმის მერია საერთოდ არ არის კომპეტენტური მისი მშენებლობის. მაგრამ თუ ის ამ კატეგორიაში არ გადის, ჩვენ ვიხელმძღვანელებთ გარემოს დაცვის სტანდარტებით“, – აცხადებს ლაშა კომახიძე.

მერის განცხადებით, ამ ეტაპზე საუბარია მხოლოდ კარბამიდზე, რომელიც არ მიეკუთვნება საფრთხის შემცველ ქიმიურ ნივთიერებას.

„ეს არის მაღალეფექტური სასუქი. საკითხის გაშლა ხდება სოციალურ ქსელებში იმ კუთხით, რომ თითქოს საუბარია გოგირდზე, ამონიუმის ნიტრატზე და ა.შ. მე ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ ამ ინფორმაციას, შემიძლია მხოლოდ ვთქვა, რომ ჩვენთან შემოსულ განცხადებაში საუბარია მხოლოდ კარბამიდზე, რომელიც რეალურად არის სასუქი“.

ლაშა კომახიძე ამბობს, რომ ამ ნივთიერებასთან დაკავშირებით პირადადაც მოიძია ინფორმაცია ინტერნეტში. „ეს ნივთიერება არ არის ფეთქებადი და მაღალი საფრთხის შემცველი ქიმიური ნივთიერება, ეს არის სასუქი, რომელიც მრავლად შედის მთელი საქართველოს ტერიტორიაზე ნიადაგში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დროს“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი

ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com