მინერალური სასუქების ტერმინალის მშენებლობის ხელშეკრულება 1 კაცის პროტესტის ფონზე გაფორმდა

დღეს, 14 იანვარს, სასტუმრო „ჰილტონში“ ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც, გრანულირებული კარბამიდის გადატვირთვის მიზნით, ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიაზე მინერალური სასუქების ტერმინალი უნდა აშენდეს.

ხელშეკრულება ტერმინალის მშენებლობაზე უმსხვილეს ამერიკულ კორპორაცია Tramm0-სა და Wondernet Exspress Investment Group-ს შორის უკვე გაფორმდა. ეს კომპანიები ერთობლივად განახორციელებენ ინვესტიციას ბათუმის პორტში მულტიმოდალური ტერმინალის ასაშენებლად.

ცერემონიას ესწრებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე და სხვა ოფიციალური პირები.

„ამ კონკრეტული პროექტით გაცილებით გაუმჯობესდება გარემოსდაცვითი სტანდარტები, რაც აქამდე იყო, რადგან დღემდე ღია წესით ხდებოდა მინერალების დამუშავება, ამის შემდეგ კი ყველაფერს გავაკეთებთ დახურული წესით და ეს იქნება შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან, ასევე გარემოსდაცვით და ეკოლოგიურ სტანდარტებთან, რომელსაც ითვალისწინებს როგორც ეროვნული, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობა“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

სასტუმრო „ჰილტონში“, 14 იანვარს ხელი მოეწერა შეთანხმებას ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობაზე.
ფოტო: ლელა დუმბაძის

მისი განცხადებით, ამ ტერმინალის მშენებლობა ბათუმს, როგორც ტურისტულ ქალაქს, ეკოლოგიურ ზიანს არ მიაყენებს: „გაკეთდება მაქსიმუმი, რომ საზოგადოებას მიეწოდოს სწორი ინფორმაცია და თითოეული ბათუმელისთვის ნათელი გახდება, რას ითვალისწინებს აღნიშნული პროექტი და რამდენად მნიშვნელოვანია ის“.

ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, აქ საუბარია არა მარტო იმაზე, რომ ამერიკული კომპანია „ტრამმო“ განახორციელებს პირდაპირ ეკონომიკურ ინვესტიციას, არამედ იმაზეც, რომ ამ კომპანიის ტვირთები მოიზიდოს საქართველომ:

„ეს მომგებიანი იქნება საქართველოს რკინიგზისთვისაც, რომელიც გადაზიდავს ტვირთებს. ამავე დროს, ყურადღებას ვაქცევთ იმას, რომ ეს პროექტები შესრულდეს უმაღლესი ეკოლოგიური სტანდარტებით. ჩვენ საქმე გვაქვს საერთაშორისო მოწინავე კომპანიასთან, რომელსაც აქვს არაერთი ასეთი ტერმინალი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში და ეს კომპანია ცნობილია იმით, რომ ასეთ პროექტებს მაღალი სტანდარტებით ახორციელებს და ეს მისცემს სხვა ქვეყნებს მაგალითს, რომ ანალოგიური ინვესტიციები განახორციელოს ჩვენს ქვეყანაში“.

თორნიკე რიჟვაძე და გიორგი ქობულია ახალი ტერმინალის მშნებლობის ხელმოწერის ცერემონიაზე

კომპანია Trammo-ს პრეზიდენტის ედვარდ ვაინერის განცხადებით, კომპანია უზრუნველყოფს როგორც ეკოლოგიური სტანდარტების დაცვას, ასევე მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის განვითარებაში.

ტვირთების ეკოლოგიურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ბათუმის პორტის გენერალურმა დირექტორმა მურად ჯუმადილაევმაც. მისი თქმით, ტვირთები საფრთხეს არ შეუქმნის ქალაქის ეკოლოგიას.

Wondernet Exspress Investment Group-ის წარმომადგენლის განცხადებით, „ეს იქნება ჭკვიანი ტერმინალი, რომელიც საქართველოს აუწევს სტატუსს, როგორც სატრანზიტო ქვეყანას“.

მისი თქმით, კომპანია არ აპირებს მხოლოდ ერთ პროექტზე შეჩერებას – ის ჩამოაყალიბებს საქართველოში კერძო ოპერატორს, რომელსაც ექნება საკუთარი ვაგონები და ლოკომოტივები,  ტვირთებს რომ მოემსახუროს.

„ჩვენ შემდეგ ეტაპზე ვაპირებთ ინვესტიციების განხორციელებას ისევ ქართულ ქარხნებში. დაახლოებით ათას ვაგონზე და 14 ლოკომოტივზე, რაც მნიშვნელოვანი იქნება“, – განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.

ოფიციალური ინფორმაციით, ახალი ტერმინალის დაგეგმილი საწარმოო სიმძლავრე წელიწადში 1 200 000 ტონა მინერალური სასუქის გადამუშავების შესაძლებლობას იძლევა.

ხელშეკრულების გაფორმება სასტუმრო „ჰილტონის“ ფოიეში ერთმა მოქალაქემ გააპროტესტა.

ახალი ტერმინალის მშენებლობა ამ ფორმით გააპროტესტა მოქალაქე ვალერიან მებუნიშვილმა „ჰილტონში“.

„აქ, მთავარია, მოსახლეობის პოზიცია. მე აქ ვარ ერთი, მაგრამ ჩემს უკან ბევრი დგას. ბათუმი არის ტურისტული ქალაქი და ქიმიური ნივთიერებების გადაზიდვით, მას ეს ფუნქცია დაეკარგება. ბევრ უცხოელს, რომლებმაც ბინები შეიძინეს ბათუმში, აშფოთებთ ამ ტერმინალის მშენებლობა. ეს პროექტი დანიშნულებას უკარგავს ჩვენს ქალაქს და ნუ გავრისკავთ“, – განაცხადა ვალერიან მებუნიშვილმა, რომელმაც ასევე დასძინა, რომ ამ ტერმინალის მშენებლობას ის და მისი თანამოაზრეები ბათუმის პორტში დიდი საპროტესტო აქციით 20 იანვარსაც გამოეხმაურებიან.

ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობა ორჯერ გახდა საპროტესტო აქციის მიზეზი, ამ პროექტს სოციალურ ქსელ ფეისბუქშიც აპროტესტებენ.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com