როგორ გადარიცხავენ საპენსიო თანხას საჯარო სამსახურები და იქ დასაქმებული პირები

2019 წელს, დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართულ საჯარო უწყებებში დასაქმებულ პირებს, თავიანთ საპენსიო ანგარიშზე შესატანი ხელფასის 2%-ს ის უწყებები გადაურიცხავენ, სადაც არიან დასაქმებულები. ორგანიზაცია თანხას დასაქმებულის სახელით გადარიცხავს ამავე მოხელის პირად საპენსიო ანგარიშზე. ანუ, საჯარო მოხელეს მხოლოდ დაუბეგრავი ხელფასის 2% ჩამოეჭრება. ეს ეხება ყველას, ვინც მუშაობს სახელმწიფო, აჭარის, თუ მუნიციპალური ბიუჯეტებიდან დაფინანსებულ დაწესებულებებში.

დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართულ პირს, დამატებით, თავისი დაუბეგრავი ხელფასის 2% დამსაქმებელმაც უნდა გადაურიცხოს საპენსიო ანგარიშზე, ხოლო 2% – სახელმწიფომ.

შესაბამისად, 2019 წლის განმავლობაში, კერძო სექტორში დასაქმებულებისგან განსხვავებით, საჯარო უწყებაში დასაქმებულების [სამინისტრო, დეპარტამენტი, მერია, სახელმწიფო თუ მუნიციპალური ააიპ და აიპ-ები, სკოლები, ბაღები და სხვა უწყებები] საპენსიო თანხის 4%-ს, ყოველთვიურად, სახელმწიფო ხაზინა გადარიცხავს [დამსაქმებლის 2%-ს და სახელმწიფოს მხრიდან გადასარიცხ 2%-ს].

ანუ, საჯარო მოხელეს საპენსიო ანგარიშზე წელს, ყოველთვიურად, ჩაერიცხება თავისი დაუბეგრავი ხელფასის 6%. აქედან 2% პირადად მას ჩამოეჭრება ხელფასიდან, 4%-ს კი სახელმწიფო ხაზინა გადაიხდის.

დაგროვებითი პენსიის სქემაში თანამონაწილეობისთვის, 2019 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 90 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ამაში შედის სახელმწიფოს მიერ საჯარო მოხელისთვის გადასახდელი 4% და ასევე სხვა დასაქმებულების, თუ თვითდასაქმებულებისთვის გადასახდელი 2%.

„ბათუმელებს“ აჭარის ხაზინაში უთხრეს, რომ დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის საპენსიო ანგარიშზე გადასარიცხ 2%-ს, საჯარო უწყებები/საბიუჯეტო ორგანიზაციები თავიანთ [ანუ ორგანიზაციის] ბიუჯეტებში 2020 წლიდან გაითვალისწინებენ.

დეტალურად დაგროვებითი პენსიის სქემის შესახებ იხილეთ ბმულზე:

როგორ გადაიხდით საპენსიო შენატანს და რა გზით მიიღებთ წვდომას საკუთარ საპენსიო ანგარიშზე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com