ზენითსა და ოჩხამურში ქობულეთის მერია ადმინისტრაციულ შენობებს აშენებს

დაბა ოჩხამურსა და სოფელ ზენითში ადმინისტრაციული შენობების მოსაწყობად ქობულეთის მუნიციპალიტეტმა ტენდერები გამოაცხადა. ორთავე შენობის ასაშენებლად საჭირო სავარაუდო თანხა ჯამში 221 680 ლარია. შენობები ერთსართულიანი იქნება.

ადმინისტრაციულ შენობაში პროექტით გათვალისწინებულია სამი სამუშაო ოთახი, სააქტო დარბაზი, ორი საპირფარეშო [ერთი საპირფარეშო გათვლილია შშმ პირთატვის]. შენობაში მოეწყობა ერთიანი გათბობის სისტემა. შენობის უკან მოეწყობა ასევე სეპტიკური სალექარი, რომელზეც დაერთდება შენობაში არსებული სანიტარული კვანძები.

შენობის წინ მოეწყობა დეკორატიული ფილა. შენობის წინ შესასვლელის ორივე მხარეს მოეწყობა ასევე გაზონები მარადმწვანე მცენარეებითა და ბაღის სკამებით. მასალების ფერი და ტექსტურა კონტრაქტორის მიერ უნდა შეთახმდეს ქობულეთის მუნიციპალიტეტთან, პროექტის მიმდინარეობის დროს.

ტენდერებში წინადადებების მიღება 2019 წლის 24 იანვარს დაიწყება და 29 იანვარს დასრულდება. ადმინისტრაციული შენობები, ხელშეკრულებების გაფორმებიდან, 180 დღეში უნდა აშენდეს. საგარანტიო ვადა ხუთი წელია.

ოჩხამურში ასაშენებელი შენობისთვის სატენდერო თანხა 106 893 ლარია, ხოლო მეორე ტენდერში, ზენითის შენობისთვის – 114 787 ლარი.

 

მთავარი ფოტო: ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა / ფოტო არქივიდან

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com