შსს: ავტომობილი, რომელსაც არ გაუვლია ტექდათვალიერება, ვიდეოკამერით დაჯარიმდება

„ჭკვიანი“ კამერების მეშვეობით, 2019 წლის 14 იანვრიდან, ავტომატურ რეჟიმში მოხდება იმ ავტომობილების დაჯარიმება, რომლებსაც კანონის შესაბამისად არ გაუვლიათ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება – ეს ინფორმაცია დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

„ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების  შესახებ“ საქართველოს მთავრობის N510 დადგენილებით, 2019 წლის პირველი იანვრიდან პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას დაექვემდებარა „საქართველოს ტერიტორიაზე დადგენილი წესით რეგისტრირებული ყველა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალება, არაუგვიანეს რეგისტრაციის მოწმობაში მითითებული რეგისტრაციის თვისა და რიცხვისა“.

„ავტომობილის ინსპექტირების ბოლო ვადა განისაზღვრება ავტომობილის რეგისტრაციის რიცხვისა და თვის შესაბამისად. მაგალითად, თუ ავტომობილის რეგისტრაციის თარიღია 15 აპრილი, ავტომობილს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება გავლილი უნდა ჰქონდეს მიმდინარე წლის 15 აპრილის ჩათვლით. ინსპექტირების პროცესის შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით, მოქმედებს ცხელი ხაზი – 1484, რომელიც მუშაობს ყოველ სამუშაო დღეს 09:00 – 18:00 სთ-ებში”, – ვკითხულობთ სამინისტროს განცხადებაში.

ტექდათვალიერების თარიღი შეგიძლიათ გაიგოთ ასევე ბმულზე.

ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელები შსს-ს მომსახურების სააგენტოს მომხმარებელთა სატელეფონო მონაცემების ბაზაში დაფიქსირებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას ვიდეოჯარიმის გამოწერის შესახებ.

შეტყობინების მიღებიდან 10 დღის განმავლობაში ჯარიმის გადახდის შემთხვევაში, მოქალაქე სარგებლობს 20% -იანი შეღავათით.

იმ შემთხვევაში, თუ პირი ვიდეოჯარიმას მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში არ გადაიხდის, საჯარიმო ქვითარი, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, მას ფოსტის მეშვეობით ეგზავნება, ხოლო ვიდეოჯარიმის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, 30-დან 60 დღის ვადაში, პირს ვიდეოჯარიმა განმეორებით ეგზავნება.

საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებას ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.police.ge. აღნიშნული წესი ამოქმედდა 2017 წლის 1 ნოემბრიდან ძალაში შესული რეგულაციით, რომლის თანახმად, ვიდეოჯარიმის ქვითარი სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე – police.ge-ზე საჯაროდ ქვეყნდება.

შსს-ს ინფორმაციით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკვე დაამონტაჟებულია და ეფექტიანად მოქმედებს 1 441 ვიდეოკამერა, რომლებიც სამინისტროს ერთიან ქსელშია ჩართული. მათ შორის 795 არის ზოგადი ხედვის, 646 კი – ე.წ. „ჭკვიანი“ ვიდეოკამერა. ამ დროისთვის, ვიდეოკამერები თბილისის და საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა გადანაწილებული.

2019 წლის პირველი იანვრიდან ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური დათვალიერება სავალდებულო გახდა:

ჯარიმა 50 ლარი – პირველი იანვრიდან ყველა სახის ავტომობილის ტექდათვალიერება სავალდებულოა

მთავარი ფოტო: ვიდეოკამერები. ფოტო: შშს

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი

ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com