მთავარი,სიახლეები

აჭარული ხაჭაპური ვებგვერდ „Tasteatlas“-ის რეიტინგში პირველ ადგილზეა

12.01.2019 • 3734
აჭარული ხაჭაპური ვებგვერდ „Tasteatlas“-ის რეიტინგში პირველ ადგილზეა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით პოპულარული, კულინარიული ვებგვერდ „Tasteatlas“-ის რეიტინგში აჭარული ხაჭაპური მსოფლიოს 100 საუკეთესო კერძს შორის პირველ ადგილზეა.

„Tasteatlas“-ის აღწერით „ყველიანი პური, ხაჭაპური, საქართველოში ყველაზე ცნობილი კერძია. ტრადიციულად, მას გამდნარი ყველით, კვერცხით, კარაქითა და ფქვილით ამზადებენ. საქართველოში ხაჭაპურის რამდენიმე სახეობაა და მიუხედავად იმისა, რომ მისი მომზადება მოცარელათი ან ფეტათიც შესაძლებელია, ქართველები მას სულგუნით ან იმერული ყველით ამზადებენ. ხაჭაპურის ყველაზე გავრცელებული ფორმები იმერული და აჭარული ხაჭაპურებია.

კერძების ატლასის მიზანია “ადგილობრივი” სამზარეულოს პოპულარიზაცია ტურისტებსა და გურმანებში, ასევე მათი ინფორმირება,სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციული კერძებისა და ინგრედიენტების შესახებ.

ატლასი შეიცავს 10 000-ზე მეტ კერძს, სასმელს, ინგრედიენტსა და საკვებ პროდუქტს, მათ შორის 41 დასახელების საკვებსა და ინგრედიენტს საქართველოდან. აჭარიდან რუკაზე, ჯერჯერობით, მხოლოდ აჭარული ხაჭაპურია, სხვა კუთხეებიდან კი – ფელამუში, ლობიო, საცივი, ბაჟე და სხვა კერძები.

TasteAtlas-ის შემქმნელები წერენ, რომ ეს არ არის დასრულებული პროექტი და რომ ატლასზე კერძები ყოველ დღე ემატება. პროექტი საინტერესოა რესტორნების მფლობელებისთვისაც, რადგანაც ატლასზე რესტორნების შესახებაც ნახავთ რეკომენდაციებს.

Mashable.com-ი წერს, რომ ხორვატიულ პროექტზე სამი წლის განმავლობაში  ავტორებისა და მკვლევარების 30-კაციანი გუნდი მუშაობდა.

ამ თემაზე:

აჭარული ხაჭაპური და კიდევ 40 ქართული კერძი მსოფლიო კერძების ატლასზე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: