ბათუმში ზღვისპირას, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სარგებლობაში 2 552 კვ.მ მიწის ნაკვეთი გადასცეს. ნაკვეთი, რომელიც „მაკდონალდსის“ მიმდებარედაა, ადრე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში იყო, 2016 წლიდან კი ის სახელმწიფო საკუთრებაშია.
სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ეს ნაკვეთი შს სამინისტროს, არსებობის ვადით სარგებლობაში, გუშინ, 2019 წლის 9 იანვარს გადასცა.
შსს-ში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო გეგმავს ახალი საპოლიციო ინფრასტრუქტურის მოწყობას. რა ინფრასტრუქტურის მოწყობაზეა საუბარი, სამინისტროში არ დაგვიკონკრეტეს.
ამ ნაკვეთზე დღეს მიწისქვეშა სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, აქ ჯავახიშვილის ქუჩის სანიაღვრე არხის ერთი მონაკვეთი შენდება, რომელიც იქვე, არდაგანის ტბასთან მშენებარე სატუმბ სადგურს დაუკავშირდება. ამ სატუმბი სადგურის მშენებლობა 2020 წელში უნდა დასრულდეს.
მიმართა თუ არა შსს-მ მშენებლობის ნებართვის [ან რაიმე თანხმობის] მისაღებად ბათუმის მერიას და რა ტიპის მშენებლობა იქნება დაშვებული ნაკვეთზე, სადაც მიწის ქვეშ რეაბილიტირებული, ქალაქის ერთ-ერთი მთავარი სანიაღვრე არხი გაივლის?
ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაკვეთთან დაკავშირებით ქალაქის მერიისთვის ამ დროისთვის არ მიუმართავს. „სანიაღვრე არხის ამ ნაკვეთზე მშენებლობა კი სახელმწიფოსთან თავის დროზე შეთანხმებული იყო“, – გვითხრეს ქალაქის მერიაში.