მთავარი,სიახლეები

21 იანვრამდე სასწავლო პროცესი ბათუმის საბავშვო ბაღებშიც გადაიდო

09.01.2019 • 2236
21 იანვრამდე სასწავლო პროცესი ბათუმის საბავშვო ბაღებშიც გადაიდო

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, სააღმზრდელო პროცესი 15 იანვარს არ განახლდება. გრიპის ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით პროცესი სკოლების მსგავსად 21 იანვრამდე ბაღებშიც გადაიდო.

სწავლების პროცესის გადადებამდე  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრმა გამოაქვეყნა რეკომენდაცია, ბავშვთა სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში გრიპისმაგვარი დაავადებების პრევენციის არაპირდაპირი ღონისძიებების გატარების შესახებ. ამ რეკომენდაციით, გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომების მქონე პირები არ უნდა დაიშვან დაწესებულებებში.

სასწავლო და სააღმზრდელო სივრცეებში უნდა გააქტიურდეს განიავების რეჟიმი ყოველი შესვენებისას ან ნებისმიერ შემთხვევაში, როცა სივრცე თავისუფალია ადამიანებისგან; სისტემატურად უნდა განხორციელდეს სველი წესით დალაგება, გამკაცრდეს ხელების ჰიგიენის წესების დაცვის მონიტორინგი და საინფორმაციო აქტივობები. 

იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულებაში ყოფნისას განვითარდება გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომი, სკოლის ან სააღმზრდელო დაწესებულების პერსონალმა სასწრაფოდ უნდა  უზრუნველყოს დაავადებულის იზოლირება დანარჩენი კონტიგენტისგან. ასევე უნდა უზრუნველყოს მისი გადაყვანა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ასევე, თუ სკოლაში ავადმყოფობის გამო გაცდენის ინტენსივობა გადააჭარბებს 20%-ს, სკოლა ვალდებულია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს წარუდგინოს ინფორმაცია ამის შესახებ.

„ამასთან, სკოლებს სააღმზრდელო დაწესებულებებს მოვუწოდებთ ინტენსიურად იმუშაონ მშობლებთან და მისცენ რეკომენდაციები, რომ გრიპის სიმპტომების პირველივე ნიშნების შემჩნევისას, დაავადებული ბავშვი არ გაუშვან სკოლაში/ბაღში, დროულად მიმართონ ექიმს – დიაგნოსტირებისა და ადეკვატური მკურნალობის მიღების მიზნით. ამით ხელს შეუწყობთ, მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი გრიპის გავრცელების რისკი“, – ნათქვამია განცხადებაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: