რა ქიმიურ ნივთიერებებს გადაზიდავენ ახალი ტერმინალიდან – ხელშეკრულების დეტალები

„ბათუმელებმა“ მოიპოვა ბათუმის ნავსადგურსა და კომპანია „ვონდერნეტს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ბათუმის პორტის ტერიტორიაზე ასაშენებელი ახალი ტერმინალიდან შემდეგი სახის სატრანზიტო ტვირთებს გადაიტანენ:

აზოტის მინერალური სასუქები: კარბამიდი; ამიაკის სელიტრა; ამონიუმის სულფატი; კიროვან-ამიაკური სელიტრა; ასეთი სასუქების განსაკუთრებული სახეობები.

ფოსფატის სასუქები: მონოამონიუმსულფატი; ფოსფატის დიამონიუმი; ამო და ნიტრო ფოსფატების სხვადასხვა სახეობები; სამმაგი სუპერფოსფატი; ცალკეული სუპერფოსფატი.

ნედლეული: გოგირდი; გრანულირებული გოგირდი; არაგრანულირებული გოგირდი ან კოშტისებრი გოგირდი ბიგ-ბეგებში; ფოსფორიტები.

„ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა“ ახალი ტერმინალის ასაშენებლად კომპანია „ვონდერნეტ ექსფრეს ინვესთმენთ გრუფს“ ბათუმის პორტში 15 128 კვ/მ მიწის ნაკვეთი აღნაგობის უფლებით 14 დეკემბერს გადასცა. „ვონდერნეტი“ 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის ჩადებას და ამ ტერიტორიაზე მშრალი ტვირთების საწყობისა და სატრანზიტო ტერმინალის აშენებას გეგმავს. კომპანიაში და ნავსადგურში აცხადებენ, რომ ახალი ტერმინალი აზოტის მინერალური სასუქების, ძირითადად, კარბამიდის გადასაზიდად შენდება.

ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ Trammo AG-მ, ბათუმის პორტმა და „ვონდერნეტმა“ განზრახულობათა მემორანდუმი პორტის ტერიტორიაზე ახალი სატრანზიტო ტერმინალის მშენებლობის დაფინანსების შესაძლებლობის შესახებ, ჯერ კიდევ 2017 წლის მაისში გააფორმეს „კარბამიდის და სხვა სახის მინერალური სასუქებისა და ქიმიური პროდუქტების მიღების, შენახვისა და გადატვირთვისთვის“.

ბათუმის საზღვაო ნავსადგურსა და „ვონდერნეტს“ შორის აღნაგობის ხელშეკრულება 2018 წლის 14 დეკემბერს დაიდო და ძალაშია ახალი ტერმინალის ექსპლუატაციაში შეყვანის დღიდან 10 წლის გასვლამდე. „ვონდერნეტს“ უფლება აქვს, გააგრძელოს ხელშეკრულების მოქმედების ვადა დამატებითი 10 წლამდე, ბათუმის პორტი კი ვალდებულია გააგრძელოს ხელშეკრულება.

ბათუმის პორტის ტერიტორიაზე აღნაგობის უფლებით გადაცემული მიწის ნაკვეთის ყოველწლიური საზღაური, ხელშეკრულებით, 300 ათასი ლარითაა განსაზღვრული [დღგ-ს გარეშე], რომელსაც „ვონდერნეტი“ პორტს გადაუხდის [ყოველთვიურად და თანაბარწილად].

ბათუმის პორტის ერთ-ერთი ვალდებულებაა აღნაგობით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე მოახდინოს ამწეების დემონტაჟი, გაიტანოს მოწყობილობა და მიწის ნაკვეთი 2019 წლის 15 იანვრამდე გადასცეს „ვონდერნეტს“ სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად გამზადებულ მდგომარეობაში.

„ვონდერნეტმა“ კი, სატრანზიტო ტერმინალისა და საწყობის შტატის ფორმირებისას, პრიორიტეტულად უნდა განიხილოს ბათუმის პორტის თანამშრომლები [რომლებიც გათავისუფლებულები იქნებიან ახალი ტერმინალის ექსპლუატაციაში შეყვანის მიზეზით] და ქალაქ ბათუმში მცხოვრები სხვა პირები.

ბათუმის პორტი ვალდებულია, ასევე, მომსახურების ხელშეკრულების შესაბამისად, ყოველთვის მისცეს „ვონდერნეტს“ და მის ნომინირებულ გემებს N7 ნავმისადგომზე წვდომისა და მისი გამოყენების უპირატესი უფლება.

ბათუმის პორტი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება თუ „ვონდერნეტი“ არსებითად და რეგულარულად არღვევს საქართველოს კანონმდებლობას, მათ შორის, რაც დაკავშირებულია მშენებლობასთან, ტექნიკურ და სახანძრო უსაფრთხოებასთან, ეკოლოგიურ მოთხოვნებთან“.

ხელშეკრულების მიხედვით, „ვონდერნეტი“ აცხადებს, რომ „ტერმინალის მშენებლობის პროექტი დამუშავდება საწარმოო უსაფრთხოების ყველა სამართლებრივი მოთხოვნის გათვალისწინებით, მათ შორის ეკოლოგიისა და ტერმინალების საქმიანობის სხვა მარეგულირებელი საექსპლუატაციო პირობების გათვალისწინებით ტვირთების გადაზიდვისას“.

ბათუმის პორტი კი „აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ  მან სათანადოდ მიიღო ყველა საჭირო ნებართვა და თანხმობა სამეთვალყურეო საბჭოსგან და/ან მმართველი კომპანიისა და სახელმწიფო ორგანოებისგან [საჭიროების შემთხვევაში] წინამდებარე ხელშეკრულების დასადებად. სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ ბათუმის პორტს მისცა ნებართვა წინამდებარე აღნაგობის ხელშეკრულების დადებაზე“.

როგორც ცნობილია, ბათუმის პორტი ყაზახურ კომპანიაზე, ექსკლუზიური მართვის უფლებით, საქართველოს მთავრობას 2055 წლის 22 ივლისამდე აქვს გადაცემული.

აღნაგობის ხელშეკრულებით მხარეები ადასტურებენ, რომ ბათუმის პორტმა ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოს წარუდგინა საწყობისა და სატრანზიტო ტერმინალის არქიტექტურული პროექტი სამშენებლო ნებართვის მისაღებად. თუმცა, ვინაიდან პროექტი მომზადებულია ვონდერნეტის მიერ, მასვე აკისრია ყველა პასუხისმგებლობა ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით.

მერიაში შემოვიდა განაცხადი კარბამიდის საწყობის მშენებლობის I ეტაპთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების განსაზღვრას. კორესპონდენცია გადაიგზავნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, აღნიშნულთან დაკავშირებით მოსაზრების მიღების მიზნით. სამინისტროს მხრიდან მოთხოვნილი იქნა დამატებითი დოკუმენტაცია [ტექნიკური მონაცემები]. წერილი დამატებითი მონაცემების მიღებაზე გადაგზავნილია პორტში“ – ეს კი ბათუმის მერიის პრესსამსახურის განმარტებაა.

– – – – – – – – – – – – –

ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობის წინააღმდეგ, პერიოდულად, სოციალურ ქსელებში მიმდინარეობს კამპანია, რომ ახალი ტერმინალით ჯანმრთელობისთვის საშიში ქიმიური ნივთიერებების გადაზიდვა იგეგმება. საქართველოს ხელისუფლება ამ ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს, პორტის ადმინისტრაცია კი აცხადებს, რომ ეს ტყუილია და ტერმინალით ორგანული მინერალური სასუქის – კარბამიდის გადაზიდვა იგეგმება.

ბათუმში მცხოვრებთა ერთმა ჯგუფმა ტერმინალის მშენებლობა აქციითაც გააპროტესტა. სოციალურ ქსელში ბათუმის პორტთან კიდევ ერთი საპროტესტო აქცია კი 20 იანვრისთვის დააანონსეს, სლოგანით – „არა! ქიმიურ საწყობს ბათუმში!“.

„სატრანზიტო ტვირთებში სხვა მინერალური სასუქებიც წერია და შესაძლოა ამან გამოიწვია გაუგებრობა, ვერ გეტყვით. კარბამიდის გადაზიდვა სრულიად უსაფრთხოა. მითუმეტეს, ეს იქნება დახურული ტიპის ტერმინალი და არა ღია. ამდენად, იმაზე 90%-ით უფრო უსაფრთხო იქნება, ვიდრე დღეს გადააქვთ ტვირთები“, – გვითხრეს კომპანიაში.

ამ პროექტის უკან, როგორც „ბათუმელებმა“ დოკუმენტებზე დაყრდნობით გაარკვია, დგას გიორგი ზარიძე, დიმიტრი აბდუშელიშვილი [რომელიც ვონდერმენტის 66,7% წილის მფლობელია], ასევე უზბეკეთის მოქალაქე ალიშერ იკრამოვი. ისინი სხვა კომპანიაში „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძის პარტნიორები არიან.

ახალი ტერმინალის მშენებლობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან 8 თვეში კი, ბათუმში, „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელმა, გიორგი რამიშვილმა ბათუმის პორტის არსებული სახით შენარჩუნებისა და ნავსადგურის ტერიტორიაზე კიდევ ერთი ტერმინალის მშენებლობის წინააღმდეგ გააკეთა განცხადება.

აქ მნიშვნელოვანი ისაა, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალბიუჯეტიანი კომპანიის ერთ-ერთი მფლობელი, რომლის პარტნიორიც ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „თანაინვესტირების ფონდია“, ღიად ამბობს, რომ ამის თაობაზე „ყველა მაღალ დონეზე“ ისაუბრა.

დოკუმენტებისა და ყველა შესაბამისი ინფორმაციის მიხედვით, შეიძლება ითქვას, რომ ბათუმის პორტთან დაკავშირებით ორი მსხვილი ბიზნესჯგუფის ინტერესები გამოიკვეთა. ამ დროისთვის პორტი ყაზახეთის სახელმწიფო კომპანიის მართვაშია და თავის დროზე ის 49-წლით გაიცა. „ვონდერნეტი“ თუ „სილქ როუდი“ [რომლის პარტნიორიც ბიძინა ივანიშვილია]? – ამ კითხვაზე პასუხი იმაზეა დამოკიდებული, რას მოიმოქმედებს საქართველოს მთავრობა.

ბათუმის პორტსა და „ვონდერნეტს“ შორის ახლახანს დადებული აღნაგობის ხელშეკრულებით კი, ფორს-მაჟორად, იმ სხვადასხვა მოვლენებთან [„ომი, სტიქია, ბუნტი, სამოქალაქო მღელვარება, გაფიცვა…“] ერთად, რომელიც „არ ექვემდებარება მხარეთა გონივრულ კონტროლს და რომელიც ხელს უშლის მხარის ვალდებულებების შესრულებას“, მიჩნეულია ასევე „პოლიტიკური ან საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ხელს უშლის მხარეს მისი საკონტრაქტო ვალდებულების შესრულებაში“.

მხარეთა შეთანხმებით, აღნაგობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა, განიხილება საქართველოს სასამართლოების მიერ.

 

ახალი ტერმინალი ბათუმის პორტის N7 ნავმისადგომთან / ფოტომონტაჟი აღნაგობის ხელშეკრულების დანართებიდან

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com