მთავარი,სიახლეები

რატომ შეწყვიტა ბსუ-მ ჟურნალ-გაზეთების შესაძენად გამოცხადებული ტენდერი

07.01.2019 • 2054
რატომ შეწყვიტა ბსუ-მ ჟურნალ-გაზეთების შესაძენად გამოცხადებული ტენდერი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს [ბსუ] 2019 წელს 75 დასახელების ჟურნალ-გაზეთები უნდა შეეძინა, რაზედაც 2018 წლის 7 დეკემბერს ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 48 ათასი ლარი იყო. ტენდერში წინადადებების მიღება გასული წლის 19 დეკემბერს უნდა დაწყებულიყო, თუმცა რამდენიმე დღით ადრე უნივერსიტეტმა ეს ტენდერი შეწყვიტა.

ბსუ-ს სატენდერო კომისიის 2018 წლის 11 დეკემბრის სხდომის ოქმში აღნიშნულია, რომ „ჟურნალ-გაზეთების ჩამონათვალი იყო არასრულყოფილი და ეს ხარვეზი აღმოჩენილი იქნა დაინტერესებული სტრუქტურული ერთეულების მიერ ტენდერის გამოცხადების შემდეგ, რის გამოც საჭირო გახდა ჟურნალ-გაზეთების ჩამონათვალის კორექტირება“.

2018 წლის 9 დეკემბერს „ბათუმელები“ წერდა, რომ 75 დასახელების ჟურნალ-გაზეთებიდან, რომლებსაც ბსუ მომავალ წელს შეიძენს, 54 რუსული იყო.

2018 წლის 11 დეკემბერს კი „ბათუმელებმა“ გამოაქვეყნა ბსუ-ს განმარტება ,,რუსულენოვანი“ ლიტერატურის შეძენასთან დაკავშირებით. სწორედ ამ დღეს შეწყვიტა ბსუ-მ აღნიშნული ტენდერი.

შეწყვეტილი ტენდერის პირობის მიხედვით, უნივერსიტეტისთვის პრესის მიწოდების ვადა ეტაპობრივად უნდა განხორციელებულიყო,  ჟურნალ-გაზეთების გამოსვლის პერიოდულობის დაცვით, 2019 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალურ გვერდზე, ხელახალი ელექტრონული ტენდერი ბსუ-ს მიერ ჟურნალ-გაზეთების შესყიდვაზე, დღეის მდგომარეობით [07.01.2019] გამოცხადებული არ არის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: