ბათუმში ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა, რომლის ქვეშ ადამიანები მოექცნენ


„ბათუმელების“ ინფორმაციით, ახლახანს ძლიერმა ქარმა ცხრასართულიან კორპუსს გადახადა სახურავი ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე. „ბათუმელების“ ჟურნალისტი, რომელიც ადგილზე მუშაობს, ამბობს, რომ დაინახა, როგორ მოყვა რამდენიმე ადამიანი სახურავის ქვეშ. „ახლა სასწრაფოს ელოდებიან. მსხვერპლი არის თუ არა არ ვიცი“, – ამბობს ჟურნალისტი.

ცხრასართულიანი კორპუსიდან აგლეჯილი სახურავის ნაწილი მეორედ მაშინ ჩამოვარდა, როცა მაშველები გზის სავალ ნაწილს და ტროტუარს ადრე ჩამოვარდნილი სახურავის ნარჩენებისგან ასუფთავებდნენ. იქვე იმყოფებოდნენ რიგითი მოქალაქეებიც.

ბათუმში ამავე მრავალსართულიან სახლს სახურავის ნაწილი ცოტა ხნის წინ გადახადა ქარმა – ჭავჭავაძის ქუჩაზე, თი ბი სი ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე. დაზიანებულია იქვე გაჩერებული მანქანები. გარდა ამისა, მოგლეჯილია ხეები.

ბათუმში ძლიერი ქარი დაახლოებით 17:20 საათზე ამოვარდა. სინოპტიკოსების ინფორმაციით, ძლიერი ქარი ბათუმში დაახლოებით 40 წუთის შემდეგ შესუსტდება, შემდეგ კი მოსალოდნელია წვიმა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი