აჭარაში გრიპის ვირუსით 132 პაციენტი მკურნალობს, ექვსი მართვით სუნთქვაზეა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღევანდელი მდგომარეობით, გრიპის ვირუსით ჰოსპიტალურ ქსელში 132 პაციენტი მკურნალობს, მათგან უმეტესობა ბავშვია, მათ შორის არცერთის მდგომარეობა მძიმე არ არის. ცენტრის ხელმძღვანელის რუსუდან შავიშვილის განმარტებით, ბავშვებში მიმართვიანობის გაზრდა  გარკვეულწილად  მშობლების ყურადღებითაც არის განპირობებული. გრიპის ვირუსით ჰოსპიტალში მკურნალობს ორსული ქალიც, მისი მდგომარეობაც სტაბილურია.

H1N1  ვირუსით აჭარაში ოთხი ადამიანი გარდაიცვალა.  მათ შორის სამი 2019 წელს. დღეისთვის, ქვეყნის მასშტაბით, სულ 8 ადამიანი დაიღუპა ეგრეთ წოდებული ღორის გრიპით.

ამ დროისთვის ბათუმის საავადმყოფოების რეანიმაციულ განყოფილებებში იმყოფება 18 პაციენტი, აქედან მართვით სუნთქვაზეა ექვსი, მათ შორის ბავშვი არ არის.

„ესენი გახლავთ პაციენტები, რომლებსაც აქვთ მძიმე ქრონიკული დაავადებები. რაც ყოველთვის განსაკუთრებულად სენსიტიურ ჯგუფს მიეკუთვნება. ქრონიკულად მოავადე პაციენტები ნებისმიერ ვირუსულ დაავადებას და გრიპსაც იტანენ მძიმედ. მათ შორის ყველას არა აქვს დადგენილი H1N1 ვირუსი, ზოგს აღებული აქვს ანალიზი ამ ვირუსზე, ზოგს არა, ამაზე კლინიცისტები იღებენ გადაწყვეტილებას“, – განმარტა რუსუდან შავიშვილმა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის აჭარაში ამბულატორიული მიმართვიანობის რიცხვი 291-მდეა გაზრდილი.

ვირუსის გავრცელების თემაზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გუშინ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. მან მოუწოდა მოსახლეობას, გრიპის ვირუსის გამოვლენისთანავე დროულად მიმართონ ოჯახის ექიმს. მინისტრის ინფორმაციით, ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატს „ტამი ფლუს“ მუნიციპალური ჯანდაცვის ცენტრები ორსულების გარდა, სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზეც უფასოდ გასცემენ.

მინისტრ დავით სერგეენკოს თქმით, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ეპიდემიის ზღვარი არ ფიქსირდება, თუმცა მაინც საყურადღებოა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი