ბეშუმი შესაძლოა ზამთრის კურორტიც გახდეს – ნახევარი მილიონი განაშენიანების გეგმისთვის


„ჩვენ დავიწყეთ ბეშუმის განაშენიანების გენგეგმაზე მუშაობა. დარწმუნებული ვარ, განაშენიანების დოკუმენტის შექმნით ახალ სიცოცხლეს, ახალ ეკონომიკურ დატვირთვას შევძენთ ბეშუმს,“ – თქვა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ. დღეს, 28 დეკემბერს, მთავრობის სხდომა გოდერძიზე გაიმართა, სადაც სათხილამურო სეზონი გაიხსნა.

რა სამუშაოებია დაწყებული გენგეგმის შესამუშავებლად და რამდენი დაიხარჯება ამისთვის – თორნიკე რიჟვაძეს მთავრობის სხდომაზე ამის შესახებ არ უთქვამს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გვითხრეს, რომ ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა, თუმცა განაშენიანების გენგეგმის შესამუშავებლად აჭარის მომავალი წლის ბიუჯეტში დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარია გამოყოფილი.

„ამ ეტაპზე ვმუშაობთ უცხოურ კომპანიებთან, გვაქვს მიმოწერა რამდენიმე ორგანიზაციასთან. გვინდა, რომ საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთონ ამ საკითხში. სატენდერო დოკუმენტაცია დაახლოებით წლის პირველ კვარტალში გვექნება მზად,“ – ამბობს არჩილ ვანაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე.

რის განვითარება სურს აჭარის მთავრობას ბეშუმში? – არჩილ ვანაძის თქმით, ყველა ტიპის კონცეფცია განიხილება, მათ შორის, ბეშუმის ზამთრის კურორტად ჩამოყალიბებაც.

აჭარის მთავრობის დღევანდელი სხდომა ხულოში დახურული იყო. საზოგადოებისთვის ღია მხოლოდ სხდომის დასაწყისი იყო – 7 წუთი და 31 წამი, სადაც თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ სხდომაზე დღეს 40-მდე საკითხი განიხილება. პირდაპირი ჩართვა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ფეისბუქით განახორციელა. ჩართვა მაშინვე შეწყდა, როცა საუბარი აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა გრიპის ვირუსთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობაზე დაიწყო.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი