მთავარი,სიახლეები

უვადოდ – რა ძალა აქვს მოსამართლე „ჩინჩალაძის კლანს“

27.12.2018 • 2662
უვადოდ – რა ძალა აქვს მოსამართლე „ჩინჩალაძის კლანს“

„მათი ძალა დეტალებშია, რასაც საზოგადოება ყოველდღიურად ვერ ადევნებს თვალს. ისინი [იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები] მუდმივად იმეორებენ, რომ კანონს არ არღვევენ. კანონს შესაძლოა არ არღვევენ, მაგრამ, რეალურად, ყველაფერს საკუთარ თავზე ირგებენ. „ოცნების“ ხელისუფლება თავდაპირველად დაიბნა, შემდეგ არ ვიცი, შეუწყო თუ არა ხელი ჩინჩალაძის კლანის გაძლიერებას, რადგან ხელისუფლებას ეს არ უნდა აწყობდეს…“ – ეს ნაზი ჯანეზაშვილმა გვითხრა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა. ის იუსტიციის საბჭოს 24 დეკემბრის სხდომაზე საკუთარი 2 თვის შვილთან ერთად მივიდა. ამბობს, რომ ამ გზით სცადა საზოგადოებისთვის ეჩვენებინა საფრთხე, რომელიც მართლმსაჯულების სისტემისგან გველის.

როგორ მივიღეთ „კლანი“ სასამართლო სისტემაში  და რა საფრთხე არსებობს, თუკი საბჭოს მიერ დასახელებულ კანდიდატებს პარლამენტი უზენაეს სასამართლოს ჩააბარებს? როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს პოლიტიკური ხელისუფლება, რომ მის მოქმედებას სასამართლო ხელისუფლებაში ჩარევა არ დაერქვას?

„როცა ვამბობთ, რომ მოსამართლეებს უვადოდ ნიშნავენ, ეს პრობლემა, თითქოს, კარგად არ ჩანს. ბავშვის მიყვანით მინდოდა ნათლად მეჩვენებია, რომ როცა ეს ბავშვი 25 წლის გახდება, ეს თაობა, რომელიც ახლა იბადება, მათი ქვეყნის მოსამართლეები ეს ადამიანები იქნებიან. ისევ ჩინჩალაძის კლანის ხელში იქნება სასამართლო,“ – უთხრა 24 დეკემბერს ნაზი ჯანეზაშვილმა ჟურნალისტებს.

24 დეკემბრის სხდომაზე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი დაასახელა. კანდიდატები საბჭომ ისე შეარჩია, რომ ზოგიერთმა წევრმა ამის შესახებ არც არაფერი იცოდა. მაგალითად, ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ. საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატებიდან 2 იუსტიციის საბჭოს ამჟამინდელი წევრია – საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე და დიმიტრი გვრიტიშვილი. ნაზი ჯანეზაშვილი ყვება, რომ საბჭოს სხდომაზე გიორგი მიქაუტაძემ პირდაპირი დაასახელა კანდიდატები, ეს შეარჩია გუნდმაო.

„გუნდია იუსტიციის უმაღლესი საბჭო. იქ არ უმსჯელიათ და ზემოთ ვინ დგას?“ – კითხულობს საბჭოს არამოსამართლე წევრი.

24 დეკემბერს და მას შემდეგ მაინც ყველაზე მეტად მიხეილ ჩინჩალაძეს ახსენებენ – თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელსაც ახლა უზენაესი სასამართლოს წევრობა სურს და ვისზეც სისტემის შიგნით თუ გარეთ საუბრობენ, რომ „ის სასამართლო კლანის პირველი პირია“.

„მიხეილ ჩინჩალაძის გავლენა არ შექმნილა დღეს, არც ორი და სამი წლის წინ. ის იყო კუბლაშვილის მოადგილე და მასზე მეტი თუ არა, არც ნაკლები გავლენა ჰქონია სამართლებრივ წრეებში. მანამდე ის მუშაობდა ზურაბ ადეიშვილთან… მას ჰქონდა ერთგვარი ავტორიტეტი თავის დაჯგუფებაში და ამ ძალაუფლების შენარჩუნება მოახერხა ხელისუფლების შეცვლის მიუხედავად. ბოლო პერიოდში კი, არათუ შეინარჩუნა, პირიქით, ჩინჩალაძის კლანი გაძლიერდა. დღეს რეალურად ყველა გზა სასამართლო სისტემაში ჩინჩალაძეზე გადის,“ – განმარტავს ნაზი ჯანეზაშვილი.

ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის საბჭოს სხდომაზე

მიხეილ ჩინჩალაძე პირველი მოსამართლეა, რომელიც საქართველოში უვადოდ გაამწესეს. 2017 წლამდე, ვიდრე მას თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაამწესებდნენ, 10 წლის განმავლობაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა. ამავე პერიოდში მიხეილ ჩინჩალაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო. მანამდე კი, ანუ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში, მიხეილ ჩინჩალაძე გენერალურ პროკურატურაში მუშაობდა. 2005 წელს პრეზიდენტმა სააკაშვილმა ჩინჩალაძე ღირსების ორდენით დააჯილდოვა, თუმცა იგი მაინც საზოგადოებამ ერთ-ერთ პროცესზე ნათქვამი ფრაზით გაიცნო: „ვიყენებ დუმილის უფლებას“. ამ დროს მიხეილ ჩინჩალაძე პროკურორი იყო.

მიხეილ ჩინჩალაძის კლანი – სასამართლო რეფორმის კრახი“ – საგამოძიებო ფილმი ამ სახელწოდებით სტუდია „მონიტორმა“ მოამზადა, სადაც დეტალურადაა აღწერილი მიხეილ ჩინჩალაძის ნათესაური და მეგობრული კავშირები სასამართლოსა თუ პოლიტიკური ხელისუფლების გავლენიან პირებთან. ფილმში პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ვანო ზარდიაშვილი ადასტურებს, რომ ჩინჩალაძე მისი ახლო მეგობარია. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, პარლამენტმა არაერთხელ მიზანმიმართულად შეუწყო ხელი „ჩინჩალაძეს კლანის გაძლიერებაში“.

„მაგალითად, როცა შეიძლებოდა სისტემაში ახალი მოსამართლეები მოსულიყვნენ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ჰქონდა უფლება, რომ არ დაესაბუთებინა თავისი გადაწყვეტილებები, ვინ რატომ შეარჩია მოსამართლედ. მოსამართლე რომ გახდე, ჯერ იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი უნდა იყო, მსმენელი კი ვერ გახდები საბჭოს გადაწყვეტილების გარეშე,“ – განმარტავს ნაზი ჯანეზაშვილი.

თუკი არსებობს „კლანი“ სასამართლო სისტემის შიგნით, რატომ არ ჩანდა პროტესტი აქამდე, როგორც სამართლებრივ წრეებში, ასევე საზოგადოებაში?

„რთულია ამ პროცესის ახსნა,“ – მიიჩნევს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ პროგრამების მენეჯერი, გია გვილავა. – „მოქალაქეებს მარტივად უნდა ვუთხრათ, რომ ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში იღებდნენ უკანონო გადაწყვეტილებებს, ვის გამოც ძალიან ბევრ საქმეს აგებდა საქართველო სტრასბურგის სასამართლოში, ისევ არიან სასამართლო ხელისუფლებაში და ისევ მაღალ თანამდებობაზე. კლანური მმართველობა წლებია დადასტურებულია სასამართლო ხელისუფლებაში. ამას საერთაშორისო ორგანიზაციებიც პირდაპირ, ან ირიბად მიუთითებენ.“

პროტესტზე და იმაზე, რომ საზოგადოებას ამ საკითხებზე აქამდე რეაქცია არ ჰქონია, ნაზი ჯანეზაშვილი კონკრეტული მაგალითით ხსნის:

„ჩვენ კარგად გახსოვთ მოსამართლე ირაკლი შავაძის პროტესტი… სისტემას, უბრალოდ, ტოვებენ ადამიანები, რომლებიც განსხვავებულ აზრს ატარებენ. რეალურად, დღეს ჩინჩალაძესთან თუ არ ხარ კარგად, მოსამართლედ ვერ დაინიშნები. ჩინჩალაძის კეთილგანწყობა მერეც გჭირდება, რომ არ გაგათავისუფლონ. მოსამართლეებს უვადოდ კი ნიშნავენ, მაგრამ არსებობს დისციპლინური პასუხისმგებლობის ბერკეტი, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აქვს,“ – ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.

გია გვილავა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოდან“ მიიჩნევს, რომ ამ ფონზე აუცილებელია პარლამენტმა საკანონმდებლო რეგულაციებზე იზრუნოს. თუმცა, მას პოზტიური მოლოდინი მაინც არ აქვს.

„სასამართლო სისტემას მართავენ ისეთი ადამიანები, ვისგანაც არაფერი კარგი მოსალოდნელი არ არის. მათ, უბრალოდ, არ იციან წესიერად მუშაობა. მათ იციან მხოლოდ საკუთარი მომსახურების მიყიდვა ხელისუფლებისთვის. ისინი გაიზარდნენ ამ გამოცდილებით… როცა საუბრობენ იმაზე, რომ გამამართლებელი განაჩენების რაოდენობამ იმატა, ეს შედარება არის მარაზმი. სააკაშვილის პერიოდში მართლმსაჯულება საერთოდ არ არსებობდა. ასე თუ გაგრძელდა, ბუნებრივია, ყველა საქმეს არ გააკონტროლებენ, როგორც ეს სააკაშვილის მმართველობის დროს ხდებოდა, მაგრამ საზოგადოებრივად მნიშვნელოვან საქმეებს ყოველთვის ხელისუფლება მოიგებს“, – აღნიშნავს გია გვილავა.

სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2013 წელს, იუსტიციის სამინისტროში ხარვეზების დამდგენი კომისია შეიქმნა. მაშინ იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ამბობდა, რომ დაისჯებოდნენ მოსამართლეები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს უკანონო გადაწყვეტილებებს იღებდნენ. მაშინ რამდენიმე მოსამართლის წინააღმდეგ გამოძიებაც დაიწყო, თუმცა არავინ დასჯილა. 2015 წლის ბოლოს მოსამართლეებმა იუსტიციის საბჭოში საკუთარი ქვოტით ისევ სისტემის ძველი სახეები შეიყვანეს. მაშინ თეა წულუკიანმა თქვა, რომ „სასამართლო სისტემაში არის დაჯგუფება, რომელიც რეფორმებისადმი რეზისტენტულია“. სამოქალაქო სექტორმა ეს კომენტარი და ხელისუფლების შემდეგი ნაბიჯი „თანამშრომლობად“ შეაფასა სასამართლოს გავლენიან ჯგუფთან.

„რეალურად, ინფორმაცია სასამართლო სისტემის შიგნით არის ძალიან მწირი. ინფორმაცია არ ჰქონდა და ახლაც არ აქვს ხელისუფლებას სრულად. თავდაპირველად ხელისუფლებამ იცოდა, რომ რაღაც უნდა ექნა და შექმნა ხარვეზების დამდგენი კომისია. შემდეგ იყო დაბნეულობა… ბევრი რამ მართლა გააკეთა ხელისუფლებამ, მაგრამ რეალურად ვერ აღიქვა ჩინჩალაძის და ამ ადამიანების გავლენა. მაგალითად, როცა ხელისუფლება ამბობს, რომ უზენაესი სასმართლოს წევრები პოლიტიკურმა ორგანომ და პარლამენტმა კი არ უნდა აარჩიოს, არამედ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ. თითქოს, იდეაში, ეს უნდა აძლიერებდეს სასამართლოს, მაგრამ ასე არ მოხდა – პირიქით, ჩინჩალაძე და მისი კლანი გაძლიერდა. ახლაც, თუკი ხელისუფლება რაიმეს შეცვლის, უნდა იფიქროს, როგორ აისახება ეს ჩინჩალაძის კლანზე,“ – მიიჩნევს ნაზი ჯანეზაშვილი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ პროგრამების მენეჯერი, გია გვილავა კი ფიქრობს, რომ ხელისუფლება დაბნეული კი არ არის, პირიქით, მიზანმიმართულად აძლიერებს სასამართლო სისტემის კლანს იმისთვის, რომ შემდეგ იოლი იყოს მისი მართვა.

„ხელისუფლებამ არასწორი მეთოდებით დაიწყო ბრძოლა, რამაც არ გაამართლა. მარცხის შემდეგ ხელისუფლებამ ტაქტი შეცვალა და მას შემდეგ ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს კლანი გაძლიერდეს. ამან გაამყარა ამ კონკრეტული ჯგუფის ძალაუფლება“, – ამბობს ის.

გია გვილავა საუბრობს სამომავლო საფრთხეზეც:

„ამით მოხდება ის, რომ მონოპოლია გადავა ერთი ჯგუფის ხელში. ეს გულისხმობს ახალი უკანონო გზების გახსნას ხელისუფლებისთვის, რომელსაც შეუძლია მოლაპარაკება კონკრეტულ ჯგუფთან, იზრდება კორუფციის რისკიც. ანგარიშვალდებულების მექანიზმი სისტემის შიგნით მთლიანად მოშლილია. ყველაფერს ეს კლანი აკონტროლებს. ეს  იმას ნიშნავს, რომ უკანონობას და კანონიერებას ქვეყანაში ვეღარავინ გაარკვევს.“

გია გვილავას თქმით, დასახელებული 10 კანდიდატიდან 7 ჩინჩალაძესთან დაკავშირებული პირია. იუსტიციის საბჭოს წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი აქცენტს გიორგი მიქაუტაძეზე აკეთებს, რომელიც ახლა იუსტიციის საბჭოს მდივანია და უზენაესი სასამართლოს წევრობა სურს.

„თავისი თავი თვითონ დაასახელა. ეს იყო უსინდისობის მწვერვალი,“ – დასძენს ნაზი ჯანეზაშვილი.

საქმის შესახებ, სადაც გიორგი მიქაუტაძეს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს, „ბათუმელები“ წერდა. საუბარია 2016 წლის აგვისტოში გონიოს პლაჟზე მომხდარ ინციდენტზე, რომლის შემდეგაც გამოძიება არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე დაიწყო. არასრულწლოვნის მშობლების თქმით, ბავშვს მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ სცემა. ბავშვის ცემის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას იმავე დღეს პროკურატურამ კვალიფიკაცია შეუცვალა და ძიება მოსამართლის სიცოცხლის მოსპობის მუქარით გააგრძელა. იმავე საღამოს არასრულწლოვნის მშობლები დააკავეს. მოგვიანებით გამოძიება არასრულწლოვნის ცემის ფაქტზეც დაიწყო, თუმცა კონკრეტულ შედეგზე ამ დრომდე არ გასულა. მოსამართლის სიცოცხლის ხელყოფაში ბრალდებულ მშობლებს კი, დიდმა ბრიტანეთმა პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.

„ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, მოგმართავთ პარლამენტის წევრებს, იმოქმედოთ კონსტიტუციის, ამ ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით. თქვენს პოზიციას შეუძლია სამართლიანი მართლმსაჯულების იდეას მისცეს კიდევ ერთი შანსი, ან დაასრულოს დამოუკიდებელ სასამართლოზე ოცნება,“ – ამ მიმართვით პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება მოქალაქეებმა დღეს დაიწყეს. დღეს პარლამენტს ომბუდსმენმაც მოუწოდა, შეაჩეროს უზენაესი სასმართლოს წევრების არჩევის პროცესი.

პარლამენტს პროცესის შეჩერებისკენ სამოქალაქო სექტორმაც მოუწოდა.

„ღირსეული და კეთილსინდისიერი კანდიდატები შევარჩიეთ“ – განცხადება დღეს, 26 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომაც გაავრცელა. ამ საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა და ამავდროულად უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა, მიმართვა სოციალურ ქსელში დადო. მან კრიტიკას კრიტიკით უპასუხა და თქვა, რომ კანონი არ დაურღვევიათ.

„ჩვენ კანონი არ გვავალდებულებდა ვინმესთან წინასწარი კონსულტაციების გამართვას! საინტერესოა, არასამთავრობო სექტორს რატომ არ უჩნდებოდა კითხვა ყოფილი პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს კანდიდატურების შერჩევასთან დაკავშირებით, როდესაც მოულოდნელად ეწყობოდა ბრიფინგები და საზოგადოებას და პარლამენტს წარედგინებოდა კანდიდატები, რომელთაც სამოსამართლო საქმიანობის გამოცდილება შეიძლება არც ჰქონოდათ!“ – დაწერა მან. 

კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით, რომელიც ძალაში 16 დეკემბერს შევიდა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რიცხვი, სულ მცირე 28 უნდა იყოს. დღეს უზენაეს სასამართლოში 11 მოქმედი მოსამართლეა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ განუმარტავს, რატომ იზრუნა საბჭომ მხოლოდ 10 კანდიდატის დასახელებაზე.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 14 წევრია, აქედან 8 მოსამართლეა, 5 პარლამენტის მიერ არჩეული, 1 – პრეზიდენტის მიერ შერჩეული.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: