მთავარი,სიახლეები

რა გაძვირდა ბაზარში წინასაახალწლოდ [ფოტო]

25.12.2018 • 3520
რა გაძვირდა ბაზარში წინასაახალწლოდ [ფოტო]

„მყიდველი არაა, ხალხს ფული არ აქვს. კი არ გაძვირდა რამე, პირიქით, დაიკლო,“ – ირწმუნებიან ბათუმის აგრარულ ბაზარში. ამას დახლთან მისვლამდე ამბობენ, შემდეგ კი, როცა ფასები ზუსტდება და მოვაჭრეები წინა თვეების ფასებს იხსენებენ, ისინი თავად გამოთქვამენ საყვედურს, გაძვირდა ბაზარიო.

„გაძვირდა ქათამი. აქამდე 5 – 6 ლარში ვყიდდი, ახლა შვიდ-ნახევარია. რატომ გაძვირდა, მეც ეს მაინტერესებს, არ ვიცი. დოლარის კურსმა აიწია და ალბათ მაგიტომ…“ – გვიყვება ვენერა გორგაძე. დახლებთან, სადაც ქათმის ხორცს ყიდიან, გვითხრეს, რომ ინდაური ჯერ არ აქვთ.

„მაგის დროც მოვა, ალბათ უფრო 30-31-ში. ინდაური 80 ლარი ეღირება, სავარაუდოდ. წინა წელს 50-60 ლარად იყიდდი,“ – ამბობს ვენერა დოლიძე.

ფასებით უკმაყოფილებას არც ყველით მოვაჭრე თამაზ დარჩიძე მალავს. „ყველი და ხორცი უკვე ფუფუნების საგანი გახდა. შრომისუნარიანი ვინცაა ქვეყანაში, საზღვარგარეთაა წასული, პენსიონერს კიდევ სად აქვს იმდენი ფული, ყველი იყიდოს. 25 დეკემბერია დღეს და შეხედეთ აქაურობას, გამყიდველების გარდა ჩანს ვინმე?“ – გვკითხა მან.

„იმერული ყველის საშუალო ფასი 10 – 12 ლარია, სულგუნი – 14 ლარი, შებოლილ სულგუნს 16 ლარად ვყიდი,“ – გვითხრა ნაზი საკანდელიძემ.

„გოჭი არ გაძვირებულა. შარშანაც ასე ვყიდდით“, – ამბობენ გოჭით მოვაჭრეები. გოჭის ფასი 80-დან 130 ლარამდე მერყეობს.

ბათუმის აგრარული ბაზარი წინასაახალწლოდ

გაინტერესებთ რა ღირს ბაზარში ნიგოზი, ყველი, ხორცი, სულგუნი, გოჭი და ჩურჩხელა? ნახეთ ვიდეო ⬇️

Posted by ბათუმელები • Batumelebi.ge on სამშაბათი, 25 დეკემბერი, 2018

საქონლის ხორცით მოვაჭრეების თქმით კი, ხორცის ფასი დაახლოებით ერთი-ორი ლარით გაიზარდა. ავთანდილ კახიძემ დახლზე გამოფენილ ხორცებს ჩამოუარა და ფასებიც ჩამოგვითვალა – 12 ლარი, 13, 14, 15.

გაძვირების მიზეზი არც სანელებლებით მოვაჭრეებმა იციან. „მაგალითად, ხმელი ქინძი 3 ლარი ღირდა და ახლა 5 ღირს. უცხო სუნელი 20 ლარიდან 50 ლარამდე გაძვირდა,“ – ამბობს ნაზი გურგენიძე.

გაძვირდა გოგრაც. თუკი წინა წელს კილო გოგრას 1 ან 1,5 ლარად იყიდდით, ახლა გოგრების ფასი 2 ლარიდან იწყება.

გაიაფებაზე საუბრობენ ნიგვზით მოვაჭრეები. ქართული ნიგვზის ფასი 22 ლარია, ე.წ. „კერკეტა ნიგვზის“ – 13 ლარი. „სუპერი გვაქვს კიდევ, მაგი 25 ლარია“, – ამატებს ოთარ დუმბაძე.

ნიგვზით მოვაჭრე გურამ დარჩიძემ აგვიხსნა, რომ გასულ წელს კაკლის მოსავალი მცირე იყო, ნიგოზი უკრაინიდან შემოჰქონდათ და წინასაახალწლოდ კილოგრამ ნიგოზს  27-28 ლარად ყიდდნენ.

ახალი წლის მოახლოება უარყოფითად ლობიოს ფასზე ასახულა. აგრარულ ბაზარში მყოფმა მერი დუმბაძემ გვითხრა, რომ ადრე კილოგრამი ლობიო 6 და 7 ლარი ღირდა, ახლა კი 4 და 5 ლარად ყიდის ლობიოს წარმომავლობის და ჯიშის შესაბამისად. „წელს ბევრია მოსავალი, წინა წელს არ იყო და მაგიტომ გაიაფდა,“ – აგვიხსნა მან.

აგრარული ბაზრის ორივე სართულზე მოწყობილ დახლებს ერთი რამ აერთიანებთ – ვერსად იპოვით ფასის აბრას. „უკან დახევის საშუალება რომ გქონდეს, მაგიტომო,“ – განმარტეს მოვაჭრეებმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: