მთავარი,სიახლეები

როგორ აღნიშნეს ბათუმელმა კათოლიკეებმა შობა

25.12.2018 • 2475
როგორ აღნიშნეს ბათუმელმა კათოლიკეებმა შობა

ქრისტიანული სამყაროს ნაწილი შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს. მათ შორის არიან ბათუმელი კათოლიკეები, რომლებიც შობის აღსანიშნავად ტრადიციულად ბათუმის სულიწმინდის სახელობის კათოლიკურ ეკლესიაში შეიკრიბნენ.  საშობაო წირვა პადრე გაბრიელ ბრაგანტინიმ ჩაატარა.

„შობას წინ უსწრებს საშობაო მოსამზადებელი პერიოდი, რომელსაც ჰქვია ადვენტი. ადვენტის პერიოდი ეს არის დრო, როცა ვემზადებით დღესასწაულისთვის. თუკი შენი სურვილია, შეგიძლია იმარხულო, ფიზიკურად განიწმინდო. მაგრამ ძირითადი აქცენტი მაინც გადატანილია სულიერ განწმენდაზე, რაც გულისხმობს მონანიებას, ლოცვებს, ქველმოქმედებას, სიკეთის ქმნას… რაც მთავარია, სიყვარულმა უნდა გაიღვიძოს და სიყვარული უნდა გადასცე ყველგან, რადგან ღმერთი თვითონ სიყვარულია, სიყვარულით იშვა და განკაცდა. ამიტომაა მთავარი ჩვენთვის სიყვარული. ამ სიყვარულით ღია უნდა გვქონდეს იესოსთვის გული და ღია გულით შევხვდეთ მაცხოვრის შობას,“ – ამბობს ბათუმის სულიწმინდის კათოლიკური ეკლესიის დიაკვანი თენგიზ პარმაქსიზიშვილი.

დიაკვანს ვკითხეთ იმ ტრადიციების შესახებ, რასაც კათოლიკე ოჯახები საქართველოში შობის ღამეს და მეორე დღეს იცავენ. თენგიზ პარმაქსიზიშვილის განმარტებით, კათოლიკური და ქართული ტრადიციები ერთმანეთს ჰარმონიულად არის შერწყმული:

„ჩვენ ქართველები ვართ უპირველეს ყოვლისა. ის ტრადიციები, რაც საქართველოშია, ჩვენთვისაც იგივეა. განსხვავებული დიდად არაფერია, უბრალოდ, რაღაცები ემატება. ერთ-ერთი ატრიბუტიკა, რაც კათოლიკური სამყაროსთვის არის დამახასიათებელი და ჩვენთანაც დამკვიდრდა ეს არის ქრისტეს შობის სცენა – ანუ პრეზეპე.

ჩვენ, მაგალითად, შობის სცენას ვდგამთ ნაძვის ხესთან, სადაც ასევე იდგმება ჩიჩილაკი. საახალწლოდ, აუცილებლად ვაცხობთ ღვეზელს. ეს არის არა სუფთა კათოლიკური, არამედ გურული ტრადიცია. გურიაში აცხობენ ღვეზელს. სწორედ გურიიდან შემოვიდა ჩვენთან ღვეზლის გამოცხობის ტრადიცია“, – ამბობს თენგიზ პარმაქსიზიშვილი.

როგორ აღნიშნეს კათოლიკეებმა შობა ბათუმში

ქრისტიანული სამყაროს ნაწილი შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს. მათ შორის არიან ბათუმელი კათოლიკეებიც, რომლებიც შობის აღსანიშნავად ტრადიციულად ბათუმის სულიწმინდის სახელობის კათოლიკურ ეკლესიაში შეიკრიბნენ.

Posted by ბათუმელები • Batumelebi.ge on სამშაბათი, 25 დეკემბერი, 2018

გადაბეჭდვის წესი


ასევე: