მთავარი,სიახლეები

ქვედა თხილვანაში მეწყერი ისევ გააქტიურდა

25.12.2018 • 2216
ქვედა თხილვანაში მეწყერი ისევ გააქტიურდა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა თხილვანაში მეწყრული პროცესი გააქტიურდა. სოფელში მერის წარმომადგენლის ინფორმაციით, მეწყერმა ერთ სახლთან მისასვლელი საავტომობილო გზა ჩაკეტა და ძველი, უფუნქციოდ დარჩენილი ხიდი, რომელიც თავის დროზე მეწყერმა დააზიანა, კიდევ უფრო ჩაიტანა ხევში.

ქვედა თხილვანა. თეიმურაზ ქამადაძის ფოტო

ქვედა თხილვანა. თეიმურაზ ქამადაძის ფოტო

„ეს ხიდი 15-20 წელია უფუქციოა, სოფელს აქვს სხვა გზაც. ახლა მეწყერმა ხიდი კიდევ უფრო ქვევით ჩაიტანა. აქედან 50-60 მეტრია სახლებამდე, ჯერჯერობით საფრთხე არ არის, მაგრამ ერთ ოჯახთან მისასვლელი სამანქანე გზის ნაწილი მეწყერმა წაიღო, მხოლოდ ბილიკი დარჩა. ორი დღის წინ მოხდა ეს, მას შემდეგ პროცესი არ განვითარებულა. ხულოს მერიას ვაცნობე და ფოტომასალაც გადავგზავნე“,  – ამბობს მამუკა ქამაშიძე, მერის წარმომადგენელი თხილვანის ადმინისტრაციულ ერთეულში. მისივე თქმით, ამჟამად სოფელში 40-მდე კომლი ცხოვრობს.

მეწყრული პროცესები ქვედა თხილვანაში 1989 წელს დაიწყო, რასაც მიგრაცია მოჰყვა. ქვედა თხილვანაში მეწყრის გააქტიურებას 2005 წელს მომზადებულ გეოლოგიურ დასკვნაშიც პროგნოზირებდნენ. 2008-2009 წლებში, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სოფელ ქვედა თხილვანიდან 50 ოჯახი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხანში ჩაასახლეს. თუმცა სახელმწიფო პროგრამით ჩასახლებული 50 ეკომიგრანტიდან 20-ზე მეტი ოჯახი თხილვანაში დაბრუნდა. ისინი უკუმიგრაციის მიზეზად მარნეულში არსებულ მდგომარეობას ასახელებენ. ამბობენ, რომ არ ჰქონდათ სასმელი და სარწყავი წყალი, სახნავ-სათესი მიწები, გათბობა და ულუკმაპუროდ დარჩენას სიცოცხლისთვის საშიშ სოფელში დაბრუნება არჩიეს.

სოფელში მეწყრული პროცესები განსაკუთრებით გააქტიურდა  2017 წელს. მაშინ თხილვანაში ასულმა გეოლოგებმა მოამზადეს დასკვნა, რის მიხედვითაც მეწყრული მასა შეიძლება ნებისმიერ დროს დაიძრას. დასკვნაში აღნიშნულია, რომ მოსახლეობა მაღალი რისკის ზონაშია და მიზანშეწონილია მათი განსახლება.

„ხეობაში განვითარებული სტიქიურ-გეოლოგიური პროცესები არის აქტიურ ფაზაში და მეწყრული მასის დაძვრა მოსალოდნელია ადრე გაზაფხულზე, თოვლის დნობის თუ წვიმის პერიოდში; პროცესები იმდენად გააქტიურებულია, რომ მეწყრულ-ღვარცოფული მასის დაძვრა მოსალოდნელია გაზაფხულამდეც, ნებისმიერ დროს. აღნიშნულის ზუსტი პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია.“ – ვკითხულობთ გეოლოგების დასკვნაში.

2017 წელს აჭარის მთავრობამ თხილვანელებს ეკომიგრანტების პროექტში ჩართვა შესთავაზა, რომლის ფარგლებშიც თითოეული ოჯახი 25 000 ლარს მიიღებდა ქვედა თხილვანაში სახლისა და სახნავ-სათესი მიწების შენარჩუნების პირობით. მამუკა ქამაშიძის თქმით, კომპენსაცია ყველა ოჯახს აქვს აღებული და ამჟამად სოფელში ის ოჯახები რჩებიან, რომლებმაც ამ თანხით მიწები შეიძინეს და აპირებენ გაზაფხულზე სახლები შეძენილ მიწაზე გადაიტანონ და თხილვანა დატოვონ:

„ხელვაჩაურში, ჩაქვში, ახალშენში იყიდეს მიწები… აღნიშნული თანხა მიზნობრივად აქვს გამოყენებული თითქმის 95 პროცენტს, მინიმუმ უძრავი ქონების – მიწის შეძენის სახით, ყველა ელოდება სახსრებით არსებული სახლის გადატანას ან ქოხის ჩადგმას“.

ვრცლად ამ თემაზე: 

სოფელი, რომელიც მეწყერს მიაქვს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: