მთავარი,სიახლეები

როგორ შეუძლიათ ყოფილ პატიმრებს სამსახურის პოვნა – ტრენინგი

25.12.2018 • 1057
როგორ შეუძლიათ ყოფილ პატიმრებს სამსახურის პოვნა – ტრენინგი

დამსაქმებლებთან ურთიერთობა, გასაუბრებისას აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავება, სამსახურის მოსაძიებელ ვებ-პლატფორმებზე დოსიეს განთავსება და საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა – ამ მიზნებს ისახავდა ეფექტური კომუნიკაციების ტრენინგი, რომელიც ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრებისა და პრობაციონერებისთვის ჩატარდა „დემოკრატიის ინსტიტუტში“.

ხშირად ეფექტური კომუნიკაციის ნაკლებობაა სწორედ ყოფილ პატიმართა უმუშევრობის მიზეზი. ხანდახან მათ, უბრალოდ, ინფორმაცია არ აქვთ თუ რომელ ვებ-პლატფორმებზე განათავსონ თავიანთი SV. ხან კი სივის გაგზავნის შემთხვევაში პირველივე უარყოფითი პასუხისას მოტივაცია ეკარგებათ.

ტრენინგზე  „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ამერიკელმა მოხალისემ, ლეიშა სომერსმა ბენეფიციარებს ამერიკული სისტემა გააცნო და აღნიშნა, რომ დასაქმება ამერიკაშიც პრობლემაა ყოფილი პატიმრებისთვის, ასევე მათ საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარა იმის შესახებ, თუ რა გზა გაიარა მან სამუშაოს მაძიებლობიდან მშვიდობის კორპუსის მოხალისეობამდე. იგი 4 თვე ეძებდა სამსახურს და დღეში 30-მდე კომპანიას უგზავნიდა საკუთარ მონაცემებს.

ყოფილმა პატიმრებმა, ვისაც საკუთარი მცირე ბიზნესი აქვს, ტრენინგზე ისწავლეს:

✓ რა ტიპის ინფორმაცია უნდა განათავსონ ინტერნეტში

✓ როგორ უნდა მართონ FB გვერდი

✓ როგორი უნდა იყოს მათი პოსტები სოციალურ ქსელში

✓ როგორ დააინტერესონ მომხმარებლები

✓ როგორ დაამყარონ ახალი ბიზნესკონტაქტები

როგორც „დემოკრატიის ინსტიტუტის“ პროექტის ტრენერი, ქეთი დუმბაძე ამბობს, ხშირად ისევე როგორც უმუშევართა უმრავლესობა, დასაქმების პერსპექტივას ყოფილი პატიმრებიც პესიმისტურად უყურებენ. თუმცა საინტერესო და ჯანსაღი დისკუსიების შემდეგ ტრენინგის მონაწილეთა განწყობა იცვლება.

„ყოფილ პატიმრებს, მათ ოჯახის წევრებს და პრობაციონერებს ჩვენ ვუზიარებთ ცოდნას და გამოცდილებას, თუ როგორ დაწერონ CV, სამოტივაციო წერილი, როგორ და სად მოიძიონ დასაქმების ადგილები და მიმართონ მათ ელექტრონული ფოსტით, სოციალური ქსელით ან ადგილზე მისვლით გააკეთონ განაცხადი. ვაწვდით ასევე ინფორმაციას, როგორ მოემზადონ გასაუბრებისთვის. არის გარკვეული საკითხები, რაც ერთი შეხედვით, ჩვენთვის თითქოს ნაცნობია, მაგრამ ფაქტია, არ გვიფიქრია, ერთ სიტყვასაც კი როგორი გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს გასაუბრებაზე. ჩვენ ვაჩვენებთ პოტენციურ დამსაქმებლებთან კომუნიკაციის კარგ და ცუდ მაგალითებს. ვუყვებით, ასევე, პირად სამუშაო გამოცდილებაზე. ტრენინგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა საკუთარი საქმიანობის წარმოჩენას, პოპულარიზაციას სოციალურ ქსელში. ჩვენ ვასწავლით, როგორ შექმნან Facebook-ზე ბიზნესგვერდი და მიიზიდონ უფრო მეტი მომხმარებელი“, – ამბობს ქეთი დუმბაძე.

სამუშაოს მაძიებელმა მსმენელებმა აღნიშნეს, რომ ტრენინგის შემდეგ უკვე თამამად გაივლიან დამსაქმებელთან გასაუბრებას.

ტრენინგი ჩატარდა “დემოკრატიის ინსტიტუტის” “ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში. პროექტს “დემოკრატიის ინსტიტუტთან” ერთად ახორციელებს “გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი”, “თანაზიარი” და “ფონდი აფხაზინტერკონტი”.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერი ევროკავშირია.

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“ ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: